- „ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან“
- სუსი, სოსო, სასაფლაო და კითხვები საქმის გარშემო
- რატომ ტერორიზმი?
- რატომ არ აკავებენ ტერორიზმის მცდელობაში დადანაშაულებულებს?
- რას ამბობენ პანკისელები?
„ტერაქტი უნდა გამოირიცხოს“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადანაშაულა ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში და განაცხადა, რომ ის ტერორისტული აქტის ორგანიზებით, რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
ამის დასადასტურებლად სუსმა აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი, ტერორისტული აქტის გეგმას განიხილავენ.
სუსის განცხადებიდან თითქმის 24 საათის თავზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ის გამოკითხვაზე 9 მაისს უნდა მივიდეს.
მიუხედავად, სუსის ღია განცხადებისა, რომ მათ აღკვეთეს „უმძიმესი დანაშაული“, არც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და არც მის ძმისშვილს, ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ. მორის მაჩალიკაშვილი აღნიშნულ საქმეზე 7 მაისს, სუსში გამოკითხეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.
„ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან“
სუსის მიერ ტერორიზმში დადანაშაულებულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, 8 მაისის ღამე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარავში გაათენა. იქ, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს.
ის, რომ მსგავსი საუბარი ძმიშვილთან შესაძლოა მართლაც შედგა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ უარყოფს, მაგრამ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას მტკიცედ გამორიცხავს და ამბობს:
„ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ... მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუსს, იქ მინდა გავიგო, ვინაა ჩემი მტერი - მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც მაინტერესებს, მისი შთამომავალიც და მოდგმაც, თუმცა არა იმიტომ რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინაა ჩემი მტერი. თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“.
სუსი, სოსო, სასაფლაო და კითხვები საქმის გარშემო
სუსის ვერსიით ტერორისტული აქტი იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე. ამას უნდა მოყლოდა გოგაშვილის და სხვათა სიცოცხლის ხელყოფა.
მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ოჯახს არაერთხელ უთქვამს, რომ სწორედ სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება: "საჯაროდ დაიმუქრა, რომ თავად და მასთან მყოფ პირებს, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ".
სუსის განცხადებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.
აუდიო ჩანაწერი, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, სუსის ინფორმაციით, ჩაწერილია 2019 წლის 23 მარტს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეღწევისა და თავი აფეთქების შესახებ 31 მაისს განაცხადა.
კანონმდებლობის თანახმად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე მოსამართლის განჩინება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში კი 2018 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 23 მარტამდე 9 თვეა გასული.
სწორედ ამიტომ, იურისტი ლია მუხაშავრია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს მოუწოდებს ჩაატაროს მოკვლევა და გამოაქვეყნოს დასკვნა, რამდენად კანონიერად ხდებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული მიყურადება და კონკრეტულად როდის დაიწყო საგამოძიებო უწყებამ მისი თვალთვალი.
გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით:
- სისხლის სამართლის კოდექსის 323 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით;
- სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის მომზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიებას მოპოვებული აქვს უტყუარი მტკიცებულებები, სუსი არაფერს ამბობს, კონკრეტულად რა მტკიცებულებებს გულისხმობს. მაგალითად:
- რა მოჰყვა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარს, რომლის მიხედვითაც, სუსის თქმით, იგეგმებოდა ტერორისტული აქტის განხორციელება.
- შეასრულა თუ არა მორის მაჩალიკაშვილმა ბიძის მითითებები?
- იმყოფებოდა თუ არა ის იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე?
- ამოღებულ იქნა თუ არა დანაშაულის ჩადენისათვის გამიზნული იარაღი?
სუსის განცხადებაში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ „მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ“.
იოსებ გოგაშვილმა 8 მაისს ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. როგორც ის ინტერვიუში ამბობს, მას არ გასჭირვებია იმის დაჯერება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს შესაძლოა მართლაც ჩაედინა ეს დანაშაული:
„სასაფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო. დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ... მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია“.
ინტერვიუში იოსებ გოგაშვილი მტკიცედ გამორიცხავს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან რაიმე კავშირს და მიმართავს პროკურატურას დაკითხონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე.
რატომ ტერორიზმი?
„რატომ გაჩნდა სუსის განცხადებაში სიტყვა ტერორიზმი, თუკი მალხაზ მაჩალიკაშვილს მართლაც შეიძლება ჰქონოდა მსგავსი ფიქრები, რატომ არ განიხილავს ამ განზრახვას გამოძიება არა როგორც ტერორიზმს, არამედ როგორც შურისძიებას შვილის მკვლელობის გამო? - უფლებადამცველსა და იურისტს, ლია მუხაშავრიას სწორედ ეს კითხვები აქვს გამოძიებასთან:
„სულ არ არის გასაკვირი და ადამიანურად გაუგებარი, რატომ შეიძლება ემუქრებოდეს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს. მე, ლია მუხაშავრია, იურისტი, პროფესიონალი ადვოკატი და უფლებადამცველი, ვამბობ, მე რომ იგივე დამემართოს და ვნახო სახელმწიფოს უსუსურობა და არარაობა, გამოუძიებელი დარჩეს ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, დავადგებოდი იგივე გზას. დაუჯერებელიც კი იქნებოდა, რომ ადამიანს ასეთი გრძნობები არ ჰქონოდა“.
ლია მუხაშავრიას თქმით, სახელმწიფომ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლი გამოიყენა იმ მიზეზით, რომ მას შეუქმნას ტერორისტის იმიჯი და გადაუკეტოს ყველა გზა გადარჩენისთვის:
„უცხოეთის არცერთ ქვეყანაში აღარ ექნება მას შესვლის უფლება. თუკი მას აღარ მოუნდება საქართველოში ცხოვრება, ის ვერავისგან მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, არცერთი სახელმწიფო არ მისცემს მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას. ეს ხდება განზრახ, რომ ეს ადამიანი როგორმე გატეხონ, მასზე განახორციელონ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მიიყვანონ თვითმკვლელობამდე“.
რატომ არ აკავებენ ტერორიზმის მცდელობაში დადანაშაულებულებს?
მიუხედავად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს ედავება გამოძიება და ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღიად აცხადებს, ის ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ცენტრში.
„როდესაც ვინმეს მიმართ ჩნდება მცირედი ეჭვიც კი, რომ ის შესაძლოა იყოს რაიმე კავშირში ტერორიზმთან, მას დაუყოვნებლივ აკავებენ, რათა ტერორისტი არ იყოს თავისუფალი, რომ მან თავისი განზრახვა სისრულეში არ მოიყვანოს. სრულიად წარმოუდგენელია, რომ სუსი ღია განცხადებას აკეთებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ და ამ დროს ის თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ცენტრში. არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ფაქტი“, - ამბობს ლია მუხაშავრია.
ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობის შესახებ, დროული ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა, ამას 7 მაისსვე აცხადებდნენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი. თუმცა, ამასთანავე ისინი იმასაც აცხადებენ, რომ აუცილებელია დადასტურდეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
მათ შორისაა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია:
„ჩანაწერი და მოვლენების განვითარება არ სცემს პასუხს კითხვებს, რომელიც იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“.
"მე პროკურორი და მოსამართლე არ ვარ და არავისთვის გამომაქვს განაჩენი. განაჩენის გამოტანის პრეროგატივა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს აქვთ და არა მე. თუმცა, თუკი ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან და უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
ირმა ინაშვილი ასევე ლაპარაკობს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროული გამოძიების აუცილებლობაზე. მისი თქმით, გასულ კვირაში, სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან დახურულ მოსმენაზე, სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკა ორ საქმეზე - პანკისსა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციებზე.
გააცნო თუ არა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს კონკრეტული დეტალები ტერორისტულ აქტის დაგეგმვაში თემირლან მაჩალიკაშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ირმა ინაშვილი ამბობს: „თემირლანზე იყო საუბარი, მაგრამ მე არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი, რომ შევაფასო თემირლანის მონაწილეობა ან არმონაწილეობა საქმეში“.
2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.
იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუსმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.
რას ამბობენ პანკისელები?
პანკისის მკვიდრნი, რომლებთანაც რადიო თავისუფლებამ დაკავშირება მოახერხა, თავს არიდებენ მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ლაპარაკს. მათი ნაწილი ამბობს, რომ კარგად აქვთ გაცნობიერებული მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის ტრაგედია. პანკისელები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტერორიზმი და იმგვარი ქმედებები, რის შესახებაც 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებდა.
ხეობის მკვიდრთ კითხვები აქვთ გამოძიებასთან. პანკისელი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ფეისბუქით ეხმაურება სუსის განცხადებასა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმში დადანაშაულების ფაქტს ხეობის მკვიდრი მუსა პანკისელი:
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 9 მაისს, 11 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.