მალხაზ მაჩალიკაშვილს დანაშაულისკენ უბიძგებდა ზოგიერთი პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ჟურნალისტი, - აცხადებს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ის მოუწოდებს პროკურატურას, ყურადღება მიაქციოს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მაჩალიკაშვილს დანაშაულისკენ უბიძგებდნენ. გოგაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ცდილობს საკუთარი არხებით მოიპოვოს გამოძიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია.
„მინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ მივიდა ეს ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე.
უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს,ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ.
დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ მეც ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ჩემი არხებით და ყველანაირად დავეხმარები გამოძიებას, რომ მაქსიმალური მტკიცებულებები შეკრიბონ“.
იოსებ გოგაშვილი მოუწოდებს სამართალდამცველებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს რამე არ დამართონ და შემდეგ ისრები მისკენ არ მიმართონ.
„მე, რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ. ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს.
ეს ადამიანი {მალხაზ მაჩალიკაშვილი}, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, ეს დანაშაული ჩაედინა. უცხო არ არის მისთვის ამგვარი ქმედებები და აქამდეც კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფებაა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სუსმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.
მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. თავად გოგაშვილი ამას უარყოფს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და მისი შურისძიება ფიქრებისა და სიტყვების საზღვრებს არ გასცდენია.
ის ვერ იხსენებს ამ კონკრეტულ საუბარს, რომელიც სუსის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერშია ასახული, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის საუბრები ჰქონია.
„მე არა მჩვევია, მე არა ვარ ის ადამიანი, მე არ დამიმთავრებია ის სკოლა, რომ მოვიტყუო და ჩემს ღირსებას მე თვითონ შევეხო. მე ამ ერთ წელიწადში იმდენი გავიარე, ამას მხეცი ვერ გაუძლებდა... როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი ხან იმასთან, ხან ამასთან... არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას“, - უთხრა 8 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გამწარებულ კაცს, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, ხშირად მოსდის ხოლმე შურისძიების აზრები, მაგრამ, როგორც ამბობს, ის ამის გამკეთებელი არ არის - საქართველოს პატივისცემის გამო.
“მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის... მაგრამ ამას ისევ ჩემში ვკლავ - იმ ძალას ვნახულობ ჩემში იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი.
მაგრამ, როგორც ასეთი, მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ - მომისმინეთ, მე ჩემს სახლში თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა... მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები...
მე არ მეშინია ციხისა, მე ციხიდან ვიბრძოლებ. მუხლებზე დაცემულიც ვიბრძოლებ... დამიჭირონ, აქა ვარ - თუ ვარ დამნაშავე, დამიჭირონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლების მიზანია გაანადგურონ და „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.