Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: მალხაზ და მორის მაჩალიკაშვილებს ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვთ


მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბარებს მას დასაკითხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, 7 მაისს მოწმის სტატუსით დაიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი, ფორმალურად მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ და დაკითხვის შემდეგ დატოვა საგამოძიებო უწყება.

„ამგვარი სიტუაციაა მე როგორც ვიცი, ბატონ მალხაზთან მიმართებით. იგი თავდაპირველად გამოძახებული იყო დაკითხვაზე მოწმის სტატუსით. შემდგომ მოხდა ამ დაკითხვის გადადება და ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, ამ დრომდე აქვს მოწმის სტატუსი. თუმცა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განმარტა, მნიშვნელოვანი დანაშაული იქნა თავიდან აცილებული, რაც ბუნებრივია, აჩენს ლოგიკურ კითხვას, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რატომ არ მოხდა ბატონი მალხაზისთვის და მისი ძმისშვილისთვის, მორის მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენა და რატომ არიან ეს ადამიანები დღეს გარეთ“ - უთხრა 8 მაისს რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მან გადაცემა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ საგამოძიებო ორგანოს დაცვის მხარისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულებები და დაკითხვის პროცესში არც აუდიოჩანაწერი მოუსმენიათ. ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გასვლის შემდეგ, მედიით შეიტყვეს. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, რთულია იმის შეფასება, რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დასტურდება, თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების არსებობა.

ქეთი ჩუთლაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გავრცელებულ განცხადებას აქვს გარკვეული სამართლებრივი ხარვეზები, მათ შორის საქმის კვალიფიკაციის ნაწილში და მტკიცებულებების სტანდარტში.

„ზოგადად რომ ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო უწყება აგროვებს მტკიცებულებებს და მიაღწევს მტკიცებულების სტანდარტს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, ბუნებრივია, მან უნდა განახორციელოს ბრალის წაყენება“ - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წლის მაისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ის დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთხელ გამოიკითხა და შემდეგ სხვა საქმის ფარგლებში მოხდა მისი რამდენჯერმე დაკითხვა. ჩუთლაშვილის თქმით, ერთი წლის წინ, დაკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუსვეს მხოლოდ ფორმალური შეკითხვები, რომლებზეც მან კონკრეტული პასუხები გასცა.

XS
SM
MD
LG