ამჟამად სახალხო დამცველის პირველი მოადგილისა და სხვა მოადგილეების პოსტები არ არის ვაკანტური - ოფიციალურად, ჯერჯერობით სამივე ადგილზეა. მაგრამ პოსტიდან წასვლას თავისი ნებით მალე გეგმავს გიორგი ბურჯანაძე, რომელიც თავადაც იყო ომბუდსმენობის კანდიდატი.
რას გეგმავს ახალი სახალხო დამცველი?
„თამარ კორძაიასთვის მოადგილეობა არ შემითავაზებია და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არც მას დაუდასტურებია... 1 აპრილს წარვადგენ მოადგილეებს“, - ეუბნება ლევან იოსელიანი რადიო თავისუფლებას, ბოლო დღეების ერთ-ერთი სადისკუსიო თემის შესახებ.
მანამდე, სახალხო დამცველის შესაძლო მოადგილეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, უსაფუძვლო უწოდა თავად თამარ კორძაიამ: „ეს თემა სალაპარაკოდაც არ ღირს“, რადგან „სულ მალე გამოჩნდება, რომ ეს ასე არ მოხდება“, - თქვა მან.
სრულად გამოიცვლება თუ არა მოადგილეების დღევანდელი შემადგენლობა? - ვეკითხებით ლევან იოსელიანს. „დანამდვილებით ვერ გეტყვით ამას, ვინ იქნება და ვინ არა ამ შემადგენლობაში“, - ამბობს ის.
იგეგმება თუ არა ძირეული სტრუქტურული, საკადრო ცვლილებები?
„ჯერჯერობით არაფერი იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყოველწლიური [საპარლამენტო] ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემაზე, რომელიც თვის ბოლოსთვის გაიგზავნება პარლამენტში. ეს ანგარიში ჩემი წინამორბედი სახალხო დამცველის [ნინო ლომჯარიას] მიერ არის მომზადებული. მე არ ვაპირებ ამ ანგარიშში რაიმე ცვლილების შეტანას; თუმცა როდესაც პარლამენტში იქნება მოსმენა, მე მივალ და ვისაუბრებ ამ ანგარიშზე“, - ეუბნება ლევან იოსელიანი რადიო თავისუფლებას.
მიმდინარე საქმეების ჩამოთვლისას, იოსელიანი გვეუბნება, რომ, #6 პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, აპირებს მოინახულოს სხვა პენიტენციური დაწესებულებები, პანსიონები თუ სხვა იმ ტიპის დაწესებულებები, „სადაც ადამიანის უფლებების დაცვასა და ზრუნვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“.
სახალხო დამცველი ასევე აპირებს, „უახლოეს პერიოდში“, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულოს პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ადამიანზე როცა ამხელა ყურადღებაა მთელი მსოფლიოდან, როგორ შეიძლება, რომ სახალხო დამცველმა თქვას მასთან შეხვედრაზე უარი“, - ამბობს ის.
იოსელიანის თქმით, კვლავ ძალაშია დახმარების შეთავაზება აქციის მონაწილეთა მიმართ „ვინც ფიქრობს, რომ ირღვევა მისი გამოხატვის უფლება ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო“. 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის დროს, 17 მარტს, გადაწყდა, რომ სახალხო დამცველის აპარატი სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.
ომბუდსმენის ერთი მოადგილე თავად მიდის
გიორგი ბურჯანაძემ უკვე აცნობა ლევან იოსელიანს, რომ პოსტს 1 აპრილიდან დატოვებს.
„პირველი შეხვედრის დროს, 7 მარტს, ღამით ვუთხარი ეს [ლევან იოსელიანს], რომ მარტის ბოლომდე დავრჩებოდი. მარტის თვე აპარატში ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, მზადდება ანგარიში და არის კიდევ ბევრი საქმე... წასვლის მიზეზიც ალბათ გასაგებია - მე ვიღებდი [სახალხო დამცველის] კონკურსში მონაწილეობას და ვთვლიდი, რომ ის კონკურსი არასამართლიანად წარიმართა და უსაფუძვლოდ მეთქვა უარი... ამ პროცესში, თავის დროზე, ჩემთვის მხარი არ დაუჭერია ლევანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივად გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ ახლა გავაგრძელო საქმიანობა აპარატში“, - უთხრა ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას და დაამატა, რომ 1 აპრილამდე გადააბარებს ყველა ფუნქციას და გააზიარებს მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, „რათა მან [ლევან იოსელიანმა] და მისმა გუნდმა შეძლონ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა“. ბურჯანაძის თქმით, ის ყოველთვის უგულშემატკივრებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიან მუშაობას.
ლევან იოსელიანის დახასიათებას მისი ამჟამინდელი, ჯერ კიდევ მოადგილე თავს არიდებს, რადგან თვლის, რომ „ჩემი, როგორც კონკურსში მონაწილის, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში აღქმული იქნება როგორც გაბრაზებული კაცის პოზიცია“. ბურჯანაძემ თავიდანვე დაგმო და ჩვენთან საუბრისასაც იმეორებს, რომ - სრულიად გაუმართლებელი იყო კვერცხების სროლა აქციაზე მისული სახალხო დამცველისთვის, რადგან „ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სახალხო დამცველი ხვალ შეიძლება მასაც დასჭირდეს“.
რაც შეეხება სხვა მოადგილეებს - ჯერჯერობით გაურკვეველია, აპირებენ თუ არა თანამდებობების დატოვებას პირველი მოადგილე - თამარ გვარამაძე და მოადგილე - ეკა სხილაძე. გვარამაძეს ვერ დავუკავშირდით, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით - მივლინებაშია; ხოლო ეკა სხილაძემ, რომელიც რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ სასწავლებლად არის წასული, რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ სამუშაო პროცესში დისტანციურად არის ჩართული.
6 წლის ვადით არჩეული სახალხო დამცველი თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თავის მოადგილეებს. კანონმდებლობით, მას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი გადაწყვეტილებით გაზარდოს ან შეამციროს მოადგილეების რაოდენობა. ლევან იოსელიანმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე რაოდენობის შეცვლის საკითხი არ განიხილება და ყველაფერი შესასრულებელ სამუშაოზე იქნება დამოკიდებული.