თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და სხვა პირები.
დღეს პარლამენტში განახლდება საკომიტეტო განხილვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტებისა, რომლების ინიციატორიცაა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალა."
მოქალაქეები პარლამენტში განხილვის პარალელურად რუსთაველზე აქციას გეგმავენ.
ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტები რუსულია.