დღეს, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“. დღეს კომიტეტის დონეზე უნდა გაგრძელდეს მწვავე პროტესტის გამომწვევი, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტთა განხილვა.
პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.
„პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესების ამოქმედება, ძირითადად, იმ შემთხვევებში ხდება, თუ პარლამენტში განიხილება მწვავე პროტესტის გამომწვევი საკითხები.
დღეს დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მწვავე პროტესტს იწვევს. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
კანონპროექტების ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 09:30 საათზე დანიშნული სხდომის პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქცია.
"ხალხის ძალის" წარმომადგენელთა საკანონმდებლო ინიციატივა "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ამ კანონპროექტების პირველი განხილვა უმრავლესობის და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
პარალელურად, პარლამენტის შენობაში და მის გარეთ საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის 36 მონაწილე დააკავა.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
"ხალხის ძალის" ორი კანონპროექტიდან პირველი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც მაშინვე შეფასდა, როგორც რუსული და მას ალტერნატივის სახით მოჰყვა მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ. სწორედ მას უწოდებენ ავტორები ამერიკულის ანალოგს და აცხადებენ, რომ ალტერნატივა "სპეკულაციების" აღსაკვეთად მოამზადეს.
- ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.
- კანონის მიღების პერსპექტივით შეშფოთებულია ევროკავშირიც. ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკავშირის პრიორიტეტებთან.
- "ქართული ოცნების" უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მიიღებენ და ამის შემდეგ, შეფასებისთვის გაუგზავნიან ვენეციის კომისიას.
- კანონის მიღების შემთხვევაში, ვეტოს უფლებით სარგებლობას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.