Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო


გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა.

კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქცია ყველა მოქმედ და გასაუბრებაგავლილ კანდიდატს დაუჭერდა მხარს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე "პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს".

სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ კიდევ ერთ კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც გასაუბრებაზე არ მივიდა, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-ის წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ, დაუჭირა მხარი. მათი ხმები კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

კომიტეტზე გამართულ კენჭისყრისზე კანდიდატებისადმი მხარდაჭერა ასე განაწილდა:

  1. ანა აბაშიძე - 7 მომხრე;
  2. მარიკა არევაძე - 6 მომხრე;
  3. გიორგი ბურჯანაძე - ერთხმად - 9 მომხრე;
  4. ლელა გაფრინდაშვილი - 6 მომხრე;
  5. სოფიო დემეტრაშვილი - 6 მომხრე;
  6. თინათინ ერქვანია - 6 მომხრე;
  7. ევგენია თავაძე - 6 მომხრე;
  8. ალექსანდრე კობაიძე - 6 მომხრე;
  9. ლევან კოკორაშვილი - 6 მომხრე;
  10. ნუგზარ კოხრეიძე - 6 მომხრე;
  11. გიორგი მარიამიძე - 6 მომხრე;
  12. სერგო მახარაძე - 6 მომხრე
  13. მაკა მინდიაშვილი - 6 მომხრე;
  14. ჯემალ ნათელაშვილი - კანდიდატურა მოხსნა;
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - კანდიდატურა მოხსნა;
  16. ქეთევან ჩაჩავა - 6 მომხრე;
  17. გიორგი ცობეხია - კანდიდატურა მოხსნა;
  18. იაგო ხვიჩია - 6 მომხრე;
  19. ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრებაზე არ ყოფილა - 2 მომხრე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველებობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულა.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

XS
SM
MD
LG