Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის მთავრობა აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევს ალტერნატივა არა ჰყავს


აზერბაიჯანის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში "ოპოზიციონერი" კანდიდატები ადიდებენ მოქმედ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
აზერბაიჯანის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში "ოპოზიციონერი" კანდიდატები ადიდებენ მოქმედ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებზე რთული გასარჩევი იყო, თუ ვინ უჭერდა მხარს მოქმედ პრეზიდენტს და ვინ - ოპოზიციის კანდიდატს. 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გასარკვევი მხოლოდ ის იქნება, გადააჭარბებს თუ არა ალიევის ზედიზედ მეხუთე გამარჯვების ზღვარი მისსავე რეკორდს.

"პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყველა დაპირება აასრულა, რაც კი გაუკეთებია", - თქვა ერთმა კანდიდატმა, ფუად ალიევმა (პრეზიდენტთან კავშირი არ აქვს) 15 იანვარს საზოგადოებრივ ტელევიზიაში ჩატარებულ დებატებზე. კიდევ ერთი კანდიდატი, ზაჰიდ ორუჩი ამტკიცებდა, რომ ყველა აზერბაიჯანელი ისტორიული სახელმწიფო მოღვაწე ალიევს მისცემდა ხმას.

თავად პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. მან თავისი წარმომადგენელი, ტაჰირ ბუდაგოვი გაგზავნა ქათინაურების მისაღებად.

„ძვირფასო ბატონო ტაჰირ, კარგად აცნობიერებთ თუ არა თქვენი კანდიდატის ძლიერ მხარეებს“ - ჰკითხა ბუდაგოვს ეროვნული ფრონტის ხელმძღვანელმა რაზი ნურულაევმა. „წლებია, ჩვენი პარტია აცხადებდა, რომ გავათავისუფლებდით ყარაბაღს და აღვადგენდით აზერბაიჯანის მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ თქვენმა კანდიდატმა ეს ნამდვილად გააკეთა“, - განაცხადა ნურულაევმა. მას მხედველობაში ჰქონდა გასული წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიში, როდესაც ბაქომ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე აღიდგინა კონტროლი, რასაც ეთნიკურად სომხური მოსახლეობის სომხეთში გაქცევა მოჰყვა.

აზერბაიჯანის ნამდვილი ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ალიევმა ხმების 89 პროცენტი მიიღო 2008 წელს. მომდევნო ორ არჩევნებში, 2013 და 2018 წლებში,ის უფრო მოკრძალებულ 85 და 86 პროცენტი დასჯერდა.

ილჰამ ალიევი ქვეყანას ავტორიტარულად მართავს 2003 წლიდან, როდესაც მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა ძალაუფლება.

ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი მოულოდნელობა მისი დანიშვნის ფაქტია. წესით კენჭისყრა 2025 წლისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა ალიევმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი თარიღი გადმოიწევდა. ალიევი ძალაუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს - იმისდა მიუხედავად, თუ როდის ჩატარდება არჩევნები - თუმცა ჩანს, რომ მას ოდნავი ბზარის გამოჩენაც კი არ სურს მის მმართველობაში.

ალიევი დღემდე მოგებული ომის ეიფორიით სარგებლობს, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს იქნება ეს სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის საპირწონე - მსოფლიო ბანკის ცნობით 2023 წლის პირველ 11 თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 0,8 პროცენტით გაიზარდა და ქვეყანაში სოციალური პრობლემებიც მატულობს.

ალიევმა არჩევნების თარიღის გადმოწევის სამი მიზეზი დაასახელა. 10 იანვარს მან ადგილობრივ ტელეარხებს განუცხადა, რომ ყარაბაღში გამარჯვებამ „ახალი ეპოქა“ მოიტანა, რაც ახალ არჩევნებს საჭიროებდა. ამას ერთვის ისიც, რომ პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანში არჩევნები პირველად ჩატარდება ყარაბაღში. ილჰამ ალიევმა ასევე თქვა, რომ არჩევნებით მისი მმართველობის ოცი წლისთავიც აღინიშნებოდა.

აზერბაიჯანის ნამდვილი ოპოზიციური პარტიები უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებენ. ბოლოს კანდიდატმა, რომელიც გულწრფელად ეწინააღმდეგებოდა ალიევს, 2013 წელს იყარა კენჭი - ისტორიკოსმა კამილ ჰასანლიმ მაშინ ხმების 6 პროცენტზე ნაკლები მიიღო.

“ამ სპექტაკლში როლი შემოგვთავაზეს, მაგრამ მასში მონაწილეობა არ გვსურს“ - დაწერა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერმა ალი კარიმლიმ „ფეისბუკზე“. „დაე ყველამ დაინახოს, რომ ეს ნამდვილი არჩევნები და სამართლიანი შეჯიბრი არ გახლავთ.“

საკუთარი კანდიდატი არ მუსავატის პარტიას წარუდგენია.

გუბად იბადოღლუ
გუბად იბადოღლუ

ზოგი ვარაუდობდა, რომ არჩევნებში ჩაერთვებოდა ეკონომისტი გუბად იბადოღლუ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაერთო პოლიტიკაში და თავისი პარტიაც ჩამოაყალიბა. თუმცა, 2023 წლის ივლისში ის დააკავეს გაყალბების ბრალდებით, რომელსაც თავად იბადოღლუ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

უცნობია, თუ რამხელა მხარდაჭერას მიიღებდა იბადოღლუ არჩევნებში, თუმცა ის ნამდვილად შეაწუხებდა ალიევს - ამტკიცებს ანარ მამადლი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ბაქოში დაფუძნებული არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

"შესაძლოა, გუბადი არ იყოს ისეთი პოპულარული, როგორც ალი კარიმლია, მაგრამ ის გულწრფელი ადამიანია და შეეძლო მთავრობას დაპირისპირებოდა", თქვა მამადლიმ. ”მისი დაპატიმრება, ვფიქრობ, მთავრობის მიერ არჩევნებისათვის მზადების ნაწილი იყო. მათ არ სურდათ, რომ ამ არჩევნებზე რაიმე ალტერნატივას ეარსება.“

XS
SM
MD
LG