„მოღალატეები ხართ?!“, „ქვეყნის მტრები ხართ?!“, „უსამშობლოებო!“, "კარგია შავი ფულის ჭამა?" - უყვიროდა ახალგაზრდების ჯგუფი სამოქალაქო აქტივისტ ეკატერინე აღდგომელაშვილსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს, როდესაც ისინი, 9 აპრილს, საპროტესტო მარშის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეჩერდნენ და ახალგაზრდების სხვა ჯგუფს "ოცნების" ინიციირებული კანონის მხარდასაჭერად გაკრული პროპაგანდისტული პლაკატების ჩამოხსნაში ეხმარებოდნენ.
„როგორც ქუჩის "შპანამ" იცის ხოლმე, უცბად წრე დაგვარტყეს. ღიპებით რომ გაწვებიან. ზურგით ეფარებოდნენ პლაკატებს... ცნობილი, დასწავლილი მესიჯებით მოგვმართავდნენ - უსამშობლოებო ... ხან "ნაცები" გვეძახეს, ხან - "გირჩი", დაბოლილებიც... პირადი შეურაცხყოფაც იყო...
თავიდან შეიცხადეს, იუარეს, როცა ვთქვი - "ოცნების" პარტაქტივი დაგვესხა-მეთქი თავს, მაგრამ შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათგან რამდენიმე ნამდვილად არის - "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი“, - ეკატერინე აღდგომელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფიზიკურ აგრესიას ფეისბუკში ჩართულმა ლაივმა გადაარჩინა.
- „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი პროპაგანდისტული პლაკატებით თბილისის ქუჩები 9 აპრილს აჭრელდა.
- ერთი დღის შემდეგ, მერიამ განაცხადა, რომ პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არ იყო გაცემული. ეს სამართალდარღვევაა, რომლისთვისაც ჯარიმა 200-1000 ლარამდეა.
- მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა 10 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკლევა დაიწყო და სამართალდამრღვევებს ეძებს.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ჰყვებიან სხვა არაერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ, როცა „აგენტების კანონის“ მომხრე ჯგუფები „90-იანი წლების სტილში“ „ურჩევენ საქმეებს“ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს.
პლაკატების გაკვრას „ქართული ოცნება“ - „თითოეულ მოქალაქემდე სიმართლის მიტანი“ ხერხად მიიჩნევს, მათი ჩამოხევის უკან ოპოზიციას ხედავენ და ყველას, ვინც „აგენტების კანონს“ მიუღებლად თვლის, „შავი ფულის“ დამცველებს ეძახიან.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით გაჩერდებიან საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები, ძალიან ცდებიან ნაცების ენჯეოები და მათი პატრონები.
არ იცნობს ეს ხალხი ქართველ ახალგაზრდებს და ასევე ცუდად იცნობენ ქართულ საზოგადოებას. თან ვის უშვებენ ამის გასაკეთებლა, ეს კიდევ ცალკე თემაა…
ყოველ ჯერზე ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - დაწერა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ ფეისბუკში.
იმის მაგალითად, რომ ქალაქში „ 2-3 ნაცი ხევს საინფორმაციო პლაკატებს", „ოცნების“ დეპუტატი სოციალურ ქსელში აზიარებს სწორედ იმ ადგილზე გადაღებულ ვიდეოს, სადაც ეკატერინე აღდგომელაშვილი იმყოფებოდა. ჩანს, რომ პლაკატების დამცველთა ჯგუფი სხვა ადამიანებსაც უპირისპირდება. დეპუტატი არ მიუთითებს, რომ ინციდენტში „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა მონაწილეობდა.
თავად ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარეა.
„ქართული ოცნება“, ერთი მხრივ - „აგენტების კანონს“ გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სახელით დარეგისტრირება პრობლემა არ უნდა იყოს; ხოლო, მეორე მხრივ - უკვე დიდი ხანია, თავისი რიტორიკით ქმნის განწყობას, რომ - „შავი ფულით“ მოქმედი „მოღალატეების“, „აგენტებისა“ და „უსამშობლოების“ გამოაშკარავებას გეგმავს.
გარდა იმისა, რომ ასეთი იარლიყები შეურაცხმყოფელია სამოქალაქო საზოგადოებისთვის - ორგანიზაციები დახურვის რეალურ საფრთხესაც ხედავენ, რაც საზოგადოების ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდების შეწყვეტას ნიშნავს.
ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოსმენილი მესიჯები და ტერმინები მრავლადაა სოციალურ ქსელებშიც, როცა მათი მომხრეები და მოკავშირეები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს უპირისპირდებიან.
საჯაროდ ლანძღავენ ყველა იმ ცნობილ ადამიანს, რომლებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი პოზიცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
ბოლო დღეებში მათ სამიზნეებად იქცნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი - დათო ბეშიტაიშვილი და საქართველოს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები - ნინო და ილიკო სუხიშვილები.
ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად
„ქართული ოცნება“ ხშირად აცხადებდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, მაგრამ 10 აპრილს, პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამას, როინ ქოჩორაშვილს დაუპირისპირდა.
„საქართველოს გზა ევროპაშია!“ - სოციალურ ქსელში დაწერილი სიტყვების შემდეგ, კალაძემ თქვა, რომ არ არის გასაკვირი როინ ქოჩორაშვილისგან, რადგან ის „ნაცი“ და „გახარიას პარტიის წარმომადგენელია“.
„როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა?! მაგრამ პირველ რიგში ევროპა საქართველოში მინდა... ვისაც ერთი ბატონის მეორით ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“, - ესეც მერის სიტყვებია.
კახა კალაძეს გიორგი გახარიამ უპასუხა.
„ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ“, - აცხადებს "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია.
- ვიდრე თავადაც ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ნაკრების ფეხბურთელის მამას დაუპირისპირდებოდა, დიდი რეზონანსი გამოიწვია თავად ამ ფეხბურთელის - გიორგი ქოჩორაშვილის ინსტაგრამპოსტს - თავისი დისშვილის ფოტოს, რომელზეც პატარა გოგოს ევროკავშირის დროშა უჭირავს. ჩანს, რომ ფოტო 9 აპრილს, თბილისში გამართულ აქციაზეა გადაღებული.
- ამის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის ინსტაგრამის ანგარიში გაქრა, თუმცა იგივე ფოტო, მალე, მისმა მამამ - როინ ქოჩორაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა და დაწერა - „საქართველოს გზა ევროპაშია!“
საქართველოს ევროპული გზისა და ევროკავშირის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საფეხბურთო კლუბებმა - "დინამომ", "ლოკომოტივმა", "ზესტაფონმა", "ჯვარმა".
10 აპრილს, შუაღამისას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტო, რაც აუდიტორიის ნაწილმა - "აგენტების კანონის" მხარდაჭერად, ხოლო ნაწილმა - "ძლივს ერთიან მუშტად შეკრულ" საქართველოს ნაკრებში კალაძის რიტორიკის გამო შეტანილ ბზარად აღიქვა.
"ქართული ოცნების" გენერალურ მდივანსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 10 აპრილს, ბევრმა შეახსენა, რომ სხვადასხვა დროს, ის სხვადასხვა ხელისუფლების უმაღლეს პირებს უჭერდა მხარს. გამოაქვეყნეს ფოტოების კოლაჟებიც.
პოლარიზაცია, როგორც ქვეყნის საფრთხე
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „აგენტების კანონი“ ცალსახად აღრმავებს პოლარიზაციას, რადგან მისი მიზანი იყო და არის - „საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზება და მარგინალიზება“. პოლარიზაციის გაღრმავება და საზოგადოების დაყოფა კი - მტრული ქვეყნის ინტერესებში შედის.
„ნებისმიერი პოლარიზაცია ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს. პოლარიზაციით დაყოფილი საზოგადოება ვერ ახერხებს კონცენტრირდეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დეოკუპაცია, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, უსაფრთხოების ქოლგის შექმნა და ასე შემდეგ... "ქართული ოცნება" პოლარიზაციას დიდი ხანია იყენებს იმისთვის, რომ საარჩევნო სარგებელი მიიღოს და ამ შემთხვევაშიც, მას აინტერესებს პრორუსულ ფლანგზე არსებული ხმების მობილიზაცია“, - გოცირიძე გვეუბნება ასევე, რომ „ასე დაყოფილმა საზოგადოებამ არჩევნებამდე შესაძლოა ვერც კი მიაღწიოს“ და „რუსეთმა შეძლოს მიზნების მიღწევა - ქვეყნის ოკუპაცია ან თავის ორბიტაზე ჰიბრიდული საფრთხეებით მიბმა“.
ანდრო გოცირიძე სახიფათოდ მიიჩნევს, როცა „აგენტების კანონით“ ხელისუფლება ტოლობის ნიშანს სვამს საერთაშორისო პარტნიორებსა და რუსეთს შორის - რომ თითქოს საფრთხე ორივე მხრიდან თანაბრად არის მოსალოდნელი.
„როცა ესა თუ ის კანონი საფრთხედ განიხილავს იმ უსაფრთხოების ქოლგას, სადაც ჩვენ შესვლას ვესწრაფვით, ბუნებრივია, ეს არის რუსული კანონი. ნებისმიერი კანონი, რომელიც მოსწონთ პუტინს და პეშკოვს, ხოლო არ მოსწონს ევროკავშირს, ნატოს, ეუთოს, გაეროს და ჩვენს პარტნიორებს - ცხადია, ეს კანონი არის რუსული, რაც უნდა ეწეროს მასში“, - გვეუბნება ანდრო გოცირიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მესიჯებზე საპასუხოდ იმასაც ამბობს, რომ „ევროპა თავისუფლებაა და ჯერ არავის შექმნია იქ პრობლემა სუვერენიტეტსა და თვითმყოფადობაზე, არც - ტრადიციების დაცვაზე“.
გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ ეს, წესით, კარგად უნდა ესმოდეს კალაძეს, რომელიც „ფეხბურთელადაც და პიროვნებადაც ევროპაში შედგა“.
სამოქალაქო აქტივისტ ეკატერინე აღდგომელაშვილის დაკვირვებით, ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ თავისიანებად და მოწინააღმდეგეებად არ ჰყავს დაყოფილი.
„ძალიან ბევრ სეგმენტად ჰყავს დაყოფილი. "ოცნება" მუდმივად ცდილობს გამოყოს ჯგუფები და, მაგალითად, ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ აღვივებს სიძულვილს, ჟურნალისტების მიმართ, არასამთავრობო სექტორის მიმართ აღვივებს სიძულვილს. სეგმენტირებას ახდენს უკვე დიდი ხანია, რადგან მშვენივრად იცის, რომ პრორუსულობა და პროდასავლურობა არის ის წითელი ხაზი, რომელსაც მისი ამომრჩევლებიც კი არ დაეთანხმებიან. ამიტომ ვერ ბედავს პირდაპირ ამ ხაზის გავლებას“, - გვეუბნება ეკატერინე აღდგომელაშვილი.