Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა ოკუპაციას“ – ხმაურიანი აქცია ენგურის ხიდთან


აქციას „არა ოკუპაციას“ ინციდენტი მოჰყვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. წუხელ პირველ ბლოკ-საგუშაგოსთან მყოფმა პოლიციელებმა მანიფესტანტებს - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებს - ენგურის ცენტრალურ ხიდამდე ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

ფაქტს შელაპარაკება მოჰყვა თენგიზ გუნავასა და საგუშაგოს პოლიციელს შორის. გუბერნატორმა განმარტება მოითხოვა, რატომ დააბრკოლეს აქციის მონაწილეები, რაზეც პოლიციელმა განუცხადა, რომ „ის წესრიგს იცავს და ამდენი მანქანის შესვლა საზღვრის სიახლოვეს სასურველი არ არის“.
გუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ახსოვს მსგავსი მშვიდობიანი მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებისთვის გზა გადაეკეტოთ.
სამეგრელოს ყველაზე კარდაგ ახსოვს რა არის რუსული ჩექმა. ამიტომაც ყველა ერთად უარს ვეუბნებით ოკუპაციას და ყველა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს...
ანა წითლიძე

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და ერთიანი. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, რაც ახლა გასწია რამდენიმე სამართალდამცავმა. მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ბრძანება. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და არასოდეს ყოფილა მსგავსი რამ, აქციების პერიოდში გზა გადაეკეტოთ. ეს სირცხვილია“, – განაცხადა თენგიზ გუნავამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა და აქციის ორგანიზატორმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ დღეს ქალაქის ცენტრსა და ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებით უერთდებიან თბილისში ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას. მანვე პირველ საგუშაგოსთან მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ენგურის ხიდთან დაგეგმილი შეკრების შესახებ პოლიციელები ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.

„სამეგრელოს ყველაზე კარდაგ ახსოვს რა არის რუსული ჩექმა. ამიტომაც ყველა ერთად უარს ვეუბნებით ოკუპაციას და ყველა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს, ფეხს წაიმტვრევს ქართველი ერის წინაშე“, – გვითხრა ანა წითლიძემ.

შელაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ენგურის ხიდამდე ქვეითად განაგრძეს. მათ მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად ცაში ფრანები გაუშვეს და ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს საქართველოს დროშა დაკიდეს. ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებამდე აქცია ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან დაიწყო, სადაც „არა ოკუპაციას“ ანთებული სანთლებით გამოსახეს.
XS
SM
MD
LG