Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაციის ღამე ახალგაზრდებმა ცხინვალის მისადგომებთან აქციით აღნიშნეს


ერგნეთში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:39 0:00
გადმოწერა
წუხელ სოფელ ერგნეთში ახალგაზრდები ჩავიდნენ და საქართველოს ოკუპაცია რუსული საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში გააპროტესტეს. საზოგადოებრივი მოძრაობა „დროას“ წევრებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამართეს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს. თეონა ჭალიძე ამბობს, რომ ამ აქციის გამართვა იმ სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, მნიშვნელოვანი იყო. მისი აზრით, დროა რუსეთის ჯარმა შეწყვიტოს ოკუპაცია და სახლში დაბრუნდეს.

ახალგაზრდებმა ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის სიმბოლური ჯაჭვი შეკრეს, სანთლები აანთეს და ცაში მანათობლები გაუშვეს. აქციაზე სოფლის მოსახლეობაც გამოვიდა. ერგნეთელების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის შიშით, რომ მანათობლებით რუსების გაღიზიანებას შესაძლოა სროლა მოჰყოლოდა. ამიტომ ახალგაზრდებს უკან დახევისკენ მოუწოდებდნენ. იქვე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პოლიციაც მობილიზებული იყო. აქცია რუსების საგუშაგოდან დაახლოებით 50 მეტრში გაიმართა.

აქციის მონაწილე გიორგი ბიჩინაშვილი ამბობს, რომ მათი ერგნეთში ჩასვლა ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომისკენაც იყო მიმართული, რადგან სოფლის მცხოვრებლები ყოველდღიურად ხედავენ რას ნიშნავს ოკუპაცია.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტეროტორიების ანექსია-ოკუპაციას რუსეთი დღესაც აგრძელებს და „დროა დასრულდეს ოკუპაცია.“
XS
SM
MD
LG