Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაილს დევისის „ავტობიოგრაფია“


ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი წიგნების წყება გამოვიდა ქართულ ენაზე, Altervision Design-მა მაილს დევისის, ჯაკო პასტორიუსისა და ფრენკ ზაპას სამი წიგნი გამოსცა ერთდროულად და ამით, შეიძლება ითქვას, ერთი ხელის მოსმით მოაბრუნა ქართული საგამომცემლო საქმე თანამედროვე მუსიკისკენ. პასტორიუსსა და ზაპაზე როგორმე სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა კი მაილს დევისის (კვინსი ტრუპთან თანაავტორობით) ენერგიითა და ამბებით სავსე "ავტობიოგრაფიაზე" მინდა გითხრათ ორი სიტყვა, წიგნზე, რომელიც ქართულად მუსიკოსმა რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზსაც, ჩემი არ იყოს, პირველ რიგში, მუსიკა აინტერესებს ამ წიგნში და ის დინებები, რაც დიადი მაილსის გარშემო იყრიდა თავს ჯერ კიდევ 40–იანი წლებიდან მოყოლებული, მაინც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე საუბრით მოგვიწია დაწყება:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი და არა მხოლოდ მუსიკის და ჯაზის მოყვარულებისთვის. ეს არის, ფაქტობრივად, ამერიკის ისტორია - ერთი კონკრეტული ეტაპი, და არა მარტო ერთი ეტაპი, რადგან ბევრ ადგილას დევისი წარსულის ბევრ რამეს ამბობს. აქ ჩანს თვითონ მაილს დევისის დამოკიდებულება ბევრი რაღაცის მიმართ, რაც ამერიკაში ხდებოდა და ხდება. ზოგ მომენტში ჩანს, რომ თითქოს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ეს ადამიანი იქ ცხოვრობს, უფრო უკეთესად იცის... აი, ეს საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ მაილს დევისი ცოტათი რასისტიც იყო, გარკვეულწილად... კარგად თუ დაფიქრდები, ერთი მხრივ, დაინახავ მიზეზს, თუ რატომ ჰქონდა მას გარკვეული - არცთუ კარგი - დამოკიდებულება თეთრკანიანების მიმართ და, მეორე მხრივ, იმასაც მიხვდები, რომ არც ისეთი თავზეხელაღებული რასისტია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს“.

თავად მაილს დევისიც წიგნში არაერთხელ ამბობს, რომ ბევრი რამის გამო რთული ხასიათი ჩამოუყალიბდა და თეთრკანიანების უმეტესობას ცუდი თვალით უყურებდა. იგი ძალიან ღიზიანდებოდა, როდესაც ამჩნევდა, თუ როგორ ისაკუთრებდნენ თეთრები შავკანიანების მიღწევებს, თუმცა შავკანიანებსაც არ ინდობდა და გეტოს მენტალიტეტზეც საუბრობდა, იმაზე, რომ მათ არ სურდათ ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენება და რომ ხშირად თავად იმცირებდნენ თავს.

წიგნის მთარგმნელი, რამაზ ხატიაშვილი, ერთ საინტერესო ეპიზოდსაც შეეხო ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ, შეეხო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ალბომს Kind of Blue, სადაც მაილსთან ერთად შესანიშნავი პიანისტი ბილ ევანსიც უკრავდა:

„ყველაზე ძალიან მე რაც გამიკვირდა, ის იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსი ჯაზში არის ბილ ევანსი, პიანისტი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემთვის. მე ყოველთვის მესმოდა, რომ მაილს დევისს რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, ისიც ნათქვამი ჰქონდა, მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლეო, რაც სენსაციური გამონათქვამი იყო, და სულ ველოდებოდი იმ პერიოდს, როდესაც Kind of Blue ჩაწერეს ერთად და მაინტერესებდა, რას იტყოდა ბილ ევანსზე, მაგრამ, ასე ვთქვათ, ცოტა გაწბილებული დავრჩი. ჯერ ერთი, განსაკუთრებულს არაფერს ამბობს და არც აღმატებით ტონში საუბრობს და, მეორეც, ასეთ უცნაურ რაღაცას ამბობს – როდესაც ის ჩვენი ჯგუფიდან წავიდა, სკოტ ლაფაროსა და პოლ მოშენთან ერთად შექმნა ტრიოო და გაკვირვებული დავრჩიო. მას შემდეგ, რაც შავკანიანმა მუსიკოსებმა მისთვის ამდენი რამე გააკეთეს, მან მაინც თეთრკანიან მუსიკოსებთან არჩია დაკვრაო. ცოტა უცნაური განცხადებაა, მაგრამ ესეც იქიდან გამომდინარე მოდის, რომ ის თვლიდა, რომ შავკანიანი, შავი ჯაზი სულ სხვა იყო და უფრო ჯაზი იყო, ვიდრე თეთრკანიანების მიერ დაკრული“.

მოდით, დავანებოთ თავი ამ ამოუწურავ და დრამატულ თემას და ცოტათი მაილსის ბიოგრაფიასაც მივხედოთ. ბიჭობაში ცურვა და კრივი უყვარდა, ჩხუბობდა კიდეც. მაგალითად, ძალიან სწყინდა, როდესაც „წიწიბურას“ ეძახდნენ და ჩხუბიც აუტეხია ამის გამო. 18 წლისა უკვე მამა გახდა, 24-ისას კი სამი შვილი ჰყავდა. მაილსის მშობლებს მუდამ რაღაც პრობლემები ჰქონდათ. ერთგან იმასაც წერს, ერთმანეთს არაფერს პატიობდნენ, ყველაფერზე რადიკალურად განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ერთადერთხელ გაერთიანდნენ, როდესაც წამოვიზარდე და ჰეროინს მივეჩვიეო. ჰეროინი საქსოფონისტმა ჯინ ემონსმა გაასინჯა პირველად და სულ მალე ისიც თავისი კერპივით, ჩარლი პარკერივით, დამოკიდებული გახდა წამალზე, თუმცა მაილს დევისის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ძალიან მაგარი ეპიზოდია წამლის გადაგდების ამბავი, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაბრუნდა იგი მშობლიურ სენტ ლუისში, როგორ გამოიკეტა თავისი მამის სასტუმროს ნომერში და რამდენიმე დღის განმავლობაში როგორ ებრძოდა ჯოჯოხეთურ ტკივილს და ბოლოს როგორ გაიმარჯვა. ასეთ რამეს, ალბათ, მხოლოდ აგიოგრაფიულ ლიტერატურაში შეიძლება შეხვდეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაილს დევისი წმინდანი იყო.

არაჩვეულებრივი ეპიზოდია მაილსის ნიუ-იორკში ჩასვლის მონაკვეთი: იგი ქალაქში დაბორიალობს და თავის ორ სათაყვანებელ მუსიკოსს ეძებს, რომლებიც მოგვიანებით სამუდამოდ განსაზღვრავენ მის ბედს. ეს ორი მუსიკოსი დიზი და ჩიორაა, დიზი გილესპი და ჩარლი პარკერი. და კიდევ, 40-იანი წლების აღწერაში საერთოდ არ ჩანს მეორე მსოფლიო ომი. მაილსი იმდენადაა შთანთქმული მუსიკით, იმდენად იძირება ამ უსასრულო და ძიებებით სავსე სამყაროში, ბიბოპში, რომ ომისთვის, უბრალოდ, ადგილი არ რჩება.

ეს წიგნი იმდენ ამბავს უყრის თავს, რომ შეიძლება თავბრუ დაგესხათ. აქ სულ რაღაც ხდება, აუარება სახელია, გამეორებები, დაზუსტებები. ერთი სიტყვით, ეს წიგნი ნიაღვარივითა, თუმცა ჯაზის მოყვარულს შეუძლია ძალიან მშვიდადაც იცუროს ამ ტალღებში, სადაც ხან ჩიორა და დიზი ჩანან ფართო პლანით, ხანაც კლარკ ტერი ან მონკი, ბენი კარტერი, კოლმენ ჰოკინსი და სონი სტიტი, ბად პაუელი, ჩარლი მინგუსი, ლაქი თომპსონი, დონ ბაიესი და მრავალი სხვა. ზოგი მათგანი ღმერთივით მუსიკოსი იყო, ზოგი - უბრალოდ, დიდოსტატი. მაგალითად, მონკმა პირველივე მოსმენისას შოკში ჩააგდო მაილსი: „ის ისე ოსტატურად იყენებდა სივრცეებს სოლოს შესრულების დროს და ისე მანიპულირებდა სასაცილოდ ჟღერადი აკორდების პროგრესიით, რომ კინაღამ ჭკუიდან შევიშალეო“. ძალიან ემადლიერებოდა დიზის, ვინც მას ბევრი რამე ასწავლა. სამაგიეროდ, ჩიორასგან ერთი გაკვეთილიც კი არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად იყვნენ. იგი საერთოდ არ ლაპარაკობდა მუსიკაზე და მაილს დევისი მხოლოდ თავისით ახერხებდა სწავლას და დიდ-დიდი აღმოჩენების გაკეთებას. ერთი ასეთი აღმოჩენის შესახებ იგი წერს: ბერდთან მუშაობის დროს ერთი რამ ვისწავლე - იმის ბოლომდე გადმოცემა, რაც ვიცოდიო.

კიდევ არაერთი ასეთი სიბრძნე შეგვხვდება წიგნში. მაგალითად, მისი მასწავლებლის, მისტერ ბიუკენენის სიტყვები, ახალგაზრდა მუსიკოსისთვის რომ უთქვამს: შენი მთავარი ღირსება ცნობისმოყვარეობა და ყველაფრის ცოდნის სურვილიაო. ეს კაცი მართალი აღმოჩნდა. ათწლეულების მანძილზე მაილს დევისმა მართლა ყველა მუსიკალური ცეცხლი გამოიარა და ლამის ყველა ეს ცეცხლი მისივე დანთებული იყო: მაილსის ჩამოყალიბებული, მის მიერ სრულყოფილებამდე მიყვანილი მიმდინარეობები – ქული იქნება ეს, მოდალური ჯაზი თუ ფიუჟენი. კიდევ ერთი მთავარი სიბრძნე წიგნის მესამე თავის ბოლოშია, როდესაც მამამისი ეუბნება, „შენი საკუთარი ბგერა უნდა გქონდეს, ეს არის მთავარიო“.

ბოლოს, ისევ მთარგმნელს მინდა დავუბრუნდე და გითხრათ, რომ რამაზ ხატიაშვილს ბობ დილანის „ქრონიკებიც“ აქვს თარგმნილი. კარგი იქნება, თუ მალე გამოინახება სახსრები ამ შესანიშნავი წიგნის გამოსაცემადაც. მანამდე კი მხოლოდ ერთ რამეს ვისურვებ ამ წიგნებთან დაკავშირებით: მაილს დევისის, ჯაკო პასტორიუსის და ფრენკ ზაპას ერთდროულად გამოცემული ამ სამი წიგნისთვის „ალტერვიზიას“ იქნებ საერთო სერიაც მოეფიქრებინა და რაიმე ჯიგრული სახელიც დაერქმია.
XS
SM
MD
LG