Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო: "რა არის განმანათლებლობა?"


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოცემების ახალი, ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სერია დაიწყო, რომელსაც პოსტ/კლასიკა ჰქვია და რომლის რედაქტორებიც გიგა ზედანია და სერგო რატიანი არიან. ამ სერიით სულ ცოტა ხნის წინ პირველი წიგნიც გამოვიდა იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ორი მნიშვნელოვანი ტექსტით. ორივე ტექსტი ერთ შეკითხვად იკვრება, "რა არის განმანათლებლობა?" და წინასიტყვაობისა და ბოლოსიტყვაობის ავტორები, გიგი თევზაძე და გიგა ზედანიაც სწორედ ამ კითხვას უტრიალებენ. ჩემი სტუმარი გიგა ზედანიაა, ამ წიგნის მთარგმნელი, რედაქტორი და ბოლოსიტყვაობის ავტორი:

"სერიას ჰქვია პოსტ/კლასიკა და პოსტ/კლასიკა არ არის ერთი სიტყვა, ეს არის სიტყვა, რომელიც გაყოფილია ტიხრით, თუ ‘სლეშით’ თუ რაც ჰქვია. და ეს გაყოფა გულისხმობს როგორც დაკავშირებას, ისე გამიჯვნასაც, ანუ ჩვენ გვინდა, რომ ამ სერიაში ქართველ მკითხველს პირველ რიგში მივაწოდოთ ის ტექსტები, რომლებიც, ან კლასიკურია, ან პოსტკლასიკურია, მაგრამ პოსტკლასიკური არ ნიშნავს კლასიკის უარყოფას, არამედ ნიშნავს ბევრად უფრო რთულ და დიფერენცირებულ დამოკიდებულებას საკუთარ სააზროვნო წარსულთან. ძალიან ზუსტად ჩაჯდა კანტისა და ფუკოს ეს ორი ტექსტი ერთმანეთში, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ორი ტექსტი, რომელიც ერთსა და იმავე თემაზეა და პლიუს ამას, მეორე, ანუ ფუკოს ტექსტი ექსპლიციტურად ჩაფიქრებულია, როგორც კომენტარი პირველი ტექსტისა".

კანტმა 1784 წელს გამოაქვეყნა ეს ტექსტი, სადაც პირველივე აბზაცში დაწერა: "განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო". "უმწიფრობა" აქ ადამიანური ნების გარკვეული მდგომარეობაა, როდესაც ავტორიტეტის აზრი ფარავს პიროვნულ განსჯებს, ხოლო "განმანათლებლობა" კი სიმამაცის აქტია, რომელიც პიროვნულად უნდა განხორციელდეს.

კანტს გონების საჯარო მოხმარების ცნება შემოაქვს, სწორედ იგია განმანათლებლობის საწინდარი, როდესაც კონკრეტული ადამიანი, როგორც მეცნიერი, გამოთქვამს საკუთარ აზრს და, რაც მთავარია, გამოთქვამს საჯაროდ. მას, როგორც კერძო პირს, შეიძლება არ ჰქონდეს უფლება დაარღვიოს ესა თუ ის წესი, მაგალითად, იგი დაისჯება, თუკი გადასახადებს (თუნდაც უსამართლო გადასახადებს) არ გადაიხდის, ან რომელიმე სულელურ სამხედრო ბრძანებას არ შეასრულებს, სამაგიეროდ, მას, როგორც მეცნიერს, აქვს უფლება საჯაროდ გამოთქვას საკუთარი აზრები ამ უსამართლობის შესახებ. ფუკოს ინტერპრეტაციით, კაცობრიობა ზრდასრული გახდება არა მაშინ, როცა მას დამორჩილება აღარ დასჭირდება, არამედ მაშინ, როდესაც მას ეტყვიან: "დამმორჩილდით და შეგეძლებათ იმსჯელოთ, რამდენიც გნებავთ", გადაიხადე გადასახადები და რამდენიც გინდა იმდენი იმსჯელე ფისკალურ საკითხებზე, ანუ ესაა შემთხვევა, როდესაც გონება თავისუფალია საკუთარი თავის საჯარო გამოყენებაში და, მეორე მხრივ, იგი მორჩილია თავის კერძო გამოყენებაში:

"ჩვენთვის ეს არის საინტერესო იმიტომ, რომ როცა ჩვენ განმანათლებლობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცაზე, რაც ჩვენ თითქმის მთლიანად გამოვტოვეთ. არ იყო ეს ბოლომდე ჩვენი ბრალი, XVIII საუკუნეში, გასაგებია, რომ არ გვქონდა ჩვენ იმის კომფორტი, რომ ამ ევროპული მოძრაობის ისეთი რეცეფცია გაგვეკეთებინა, როგორიც მას ეკადრებოდა და, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ფრაგმენტული, ძალიან ზედაპირული მიღება, რომელიც რეალურად, განსაკუთრებული გავლენის მქონე კულტურაში არც ყოფილა. თუ ჩვენ განმანათლებლობას წარმოვიდგენთ, როგორც ორ რაღაცას, და ერთი არის პიროვნული აქტი - კანტი ამბობს, რა არის განმანათლებლობა, როგორც პიროვნული აქტი, ეს არის, გქონდეს გამბედაობა საკუთარი განსჯა გამოიყენო... მეორე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პროცესი, პროცესი კი ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ეს გამბედაობა, მით უფრო იცვლება საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ... ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დღესაც კი, ჩვენ ვდგავართ სერიოზული პრობლემის წინაშე, რომ არც ეს პიროვნული აქტი და არც ეს ისტორიული პროცესი, დიდად გავლენიანი დღესაც კი არ არის".

ეს უმწიფრობა ფუკომაც აღიარა 80-იან წლებში და, მით უმეტეს, საქართველოში ძალიან რთულადაა საქმე, იმდენად, რომ ფორმულამ, "დამმორჩილდით და შეგეძლებათ იმსჯელოთ, რამდენიც გნებავთ", სრულიად უკუღმართული სახე შეიძლება მიიღოს. თანამედროვე საქართველოში ეს "დამმორჩილდით" იმდენად მჭექარედ გაისმის/გაისმოდა და თან ისეთ ხმაზე, რომ მასთან შედარებით ყველანაირი მსჯელობა აზრს კარგავს, უბრალოდ, მსჯელობის დაშვებაც კი ძნელი ხდება. გიგი თევზაძემ კანტის ამ ფორმულას "იდეალისტური კონფორმიზმის" ნიმუში უწოდა, რითაც კანტი ფრიდრიხ დიდს ქებით აიძულებდა მსჯელობის სფეროში სრული თავისუფლება დაეშვა. გიგას ამის შესახებაც ვკითხე, ძალაუფლებისა და თავისუფალი განსჯის ურთიერთობაზე:

"კანტი როცა ლაპარაკობს ძალაუფლებაზე, ის არ ლაპარაკობს ძალაუფლებაზე მხოლოდ მის საკუთრივ სფეროში. ის, პირველ რიგში, ლაპარაკობს ძალაუფლებისა და რელიგიის დამოკიდებულებაზე და როცა ის იწყებს განმანათლებლობაზე ლაპარაკს, აი სწორედ ეს კავშირი ძალაუფლებასა და რელიგიას შორის არის ყველაზე პრობლემატური, ეს ჩანს, და შესაბამისად, ჩვენთანაც, რასაკვირველია, როდესაც პოლიტიკური და რელიგიური დისკურსები და პრაქტიკები ისეა გადაბმული ერთმანეთზე, რომ მაქსიმალურად ცდილობს ყველასათვის მისაღები ფორმა მიიღოს, ანუ რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობა ჩვენთან დღეს არის ისეთი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველა, ვინც ამ ფორმას არ ეთანხმება, არის მარგინალიზებული".

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კანტთანაც და ფუკოსთანაც და ამაზე ბევრს წერს წინასიტყვაობის ავტორი გიგი თევზაძეც, კერძოდ კი იმ მექანიზმებზე, თუ როგორ წარმოიშვა განმანათლებლობის კრიტიკული დისკურსიდან ძალაუფლების მოპოვების საშუალებები: ჯერ ევროპაში საფრანგეთის რესპუბლიკა შეიქმნა, შემდეგ კი ნაციონალური სახელმწიფოები და ბოლოს, ხელისუფლებებმა აღმოაჩინეს, რომ განმანათლებლობის პროექტის მართვა შესაძლებელია, – განათლების და მასმედიის სისტემებში მათთვის სასურველი შინაარსის და იდეოლოგიის ტრანსლირების საშუალებით.

ფუკო საუბრობს ჰუმანიზმისა და განმანათლებლობის აღრევაზეც და აღნიშნავს, რომ ჰუმანიზმი სრულიად განსხვავებული თემაა, იგი მუდამ ღირებულებით მსჯელობებთანაა დაკავშირებული და მუდამ იცვლება როგორც შინაარსის, ისე ღირებულებების მიხედვით. იმდენად, რომ მის წიაღში შეიძლება ფაშიზმი ან სტალინიზმიც კი იშვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჰუმანიზმს უკავშირდება, უარსაყოფია. ფუკო წერს, რომ "ჰუმანისტური თემატიკა ზედმეტად დამყოლია, ზედმეტად მრავალმხრივია, ზედმეტად არამყარია იმისთვის, რომ შეძლოს რეფლექსიის ღერძის როლი შეასრულოს".

ძალზე საინტერესოა ფუკოს დასკვნითი აბზაცებიც, სადაც იგი "საკუთარი თავის კრიტიკულ ონტოლოგიაზე" საუბრობს და მას განიხილავს არა როგორც თეორიას, დოქტრინას ან თუნდაც ცოდნის პერმანენტულ კორპუსს, არამედ როგორც დამოკიდებულებას, ეთოსს, ფილოსოფიურ ცხოვრების წესს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვლევაში უნდა განხორციელდეს. სხვათა შორის, ეს მონაკვეთი საკმაოდ ბუნდოვნადაა თარგმნილი ქართულად. იგი ასე ჟღერს: "ეს ფილოსოფიური დამოკიდებულება უნდა ითარგმნოს განსხვავებული კვლევების სამუშაოდ". დედნის traduire და ინგლისური თარგმანის translate ძალიან პირდაპირაა ქართულად გადმოტანილი, როგორც "თარგმნა", არადა იგი ალბათ უფრო განხორციელებას, რეალიზებას გულისხმობს, ხოლო ზმნა "სამუშაოდ" კიდევ უფრო აბნევს მკითხველს, თან ეს ყველაფერი ტექსტის უაღრესად დატვირთულ, დასკვნით ნაწილში ხდება.

სხვა ბუნდოვანი ადგილების მიმოხილვისთვის, სამწუხაროდ, დრო აღარ დარჩა, სამაგიეროდ არ შეიძლება არ აღვნიშნო თვალშისაცემი კორექტურები, რომლებიც ლამის ყველა გვერდზე მხვდებოდა, ზოგჯერ ამ შეცდომების სიხშირეს აზრის მსვლელობაც კი ეწირებოდა. ბოლოს კანტის ერთი ციტატით მინდა დავასრულო: "რევოლუციით ალბათ შეიძლება პიროვნული დესპოტიისა და მოგებასა ან ბატონობაზე მიმართული ჩაგვრის დამხობა, მაგრამ არასოდეს – აზროვნების წესის ნამდვილი რეფორმა". კანტმა ეს სიტყვები საფრანგეთის რევოლუციამდე ხუთი წლით ადრე დაწერა. ზუსტად იმ წლებში საქართველო ახალ ორბიტაზე გავიდა. მწუხარებით შეიძლება ითქვას, რომ ახლაც იმ ორბიტაზე ვართ, ამაყები და გაუბედავები, სხარტები და უმწიფრები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG