Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სამსონაძის "ღრუბელი, სახელად დარინდა"


ირაკლი სამსონაძემ ტრილოგია დაასრულა. 9 წლის წინ გამოქვეყნებულ პირველ რომანს, "ყურთბალიშს", გასულ წელს "ლეას საათი" მოჰყვა, წელს კი გამომცემლობა "ინტელექტმა" "ღრუბელი, სახელად დარინდა" გამოსცა და ამით XXI საუკუნის პირველი ათწლეულის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პროზაული ციკლი ამოწურა.

ტრილოგიის მეორე წიგნი, "ლეას საათი", რეტროსპექტული, პანორამული და ისტორიული მასალით გაჯერებული რომანი იყო, ამ ბოლო რომანში კი ავტორმა ყველაფერს მოუყარა თავი - პირველი წიგნის, "ყურთბალიშის", უკიდურესი გულახდილობაც დაიბრუნა, ისტორიულ მასალასაც ახლებურად მიუდგა და თხრობის ხერხებიც უფრო მრავალფეროვანი გახადა. ამ რომანით ირაკლი სამსონაძესთან ერთად, შეიძლება ითქვას, მწერლის გულახდილობის მოკლე კურსი გავიარეთ და არამხოლოდ იმიტომ, რომ აქ მთხრობელი მთავარი გმირი სამსონაა და იგი ბოლომდე აშიშვლებს თავის არსებობას. ამ წიგნის გულახდილობა კიდევ იმაშიც გამოიხატება, რომ იგი ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორიის, თაობის ბედისწერის, ეპოქის შესახებაც ძალიან ღიად და მტკივნეულად საუბრობს.

განსაკუთრებულია რომანის დასაწყისი, სადაც დეტალურად, მიკროსკოპული სიზუსტითაა აღწერილი ალკოჰოლურ უსასრულობაში დაკარგული კაცის მდგომარეობა. ამ მდგომარეობას ქართულად გაბმულა ჰქვია, თუმცა უფრო ხშირად მას “ზაპოის” ეძახიან. ეს, ალბათ, ლოთის მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული აღწერაა, რომელიც კი ქართულ ლიტერატურაში შექმნილა. ჩვენთან ხომ ლამის ყველა ლოთობს, ვინც წერს, მაგრამ ამის გულახდილად აღწერას აქამდე ვერავინ ახერხებდა, ვერ ბედავდნენ, ბევრს არც უცდია. იყო გამონაკლისები - ვაჟა გიგაშვილის და გიგი სულაკაურის პროზაში. ზოგადად ქართველი მწერლები ძალიან მოიკოჭლებენ ამ საკითხში, განსაკუთრებით კი რამდენიმე რუს და, რაც მთავარია, ამერიკელ მწერლებთან შედარებით, რომლებმაც ალკოჰოლურ და ნარკოდამოკიდებულებებზე მთელი პოემები, უმწვავესი აღსარებები დატოვეს.

მთხრობელს, სამსონას, სწორედ ასეთ მდგომარეობაში გავიცნობთ. იგი ლამის ვენიჩკა ეროფეევის "მოსკოვი-პეტუშკების" პროტაგონისტივით იწყებს, გულაღმა წევს, უმძიმეს ნაბახუსევზე, და ჯერჯერობით მხოლოდ გულსა და ღვიძლს გრძნობს. გადაბრუნდება გულის მხარეს, გული აწუხებს, ღვიძლის მხარეს - ღვიძლი. მან ლოთობის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, როდესაც მხოლოდ ყავას აყოლებს არაყს, ადრე არასდროს დაწერდა მთვრალი, ახლა კი გადაკრულში წერასაც არ ერიდება, უფრო მეტიც, სხვანაირად ვეღარ მუშაობს. ხშირად სდის ლოთური ცრემლები, მთელ ფულს სიგარეტსა და სასმელში ხარჯავს, ჩაცმულობაზე კი მეგობრები და შვილები ზრუნავენ. მისი მთავარი საქმე საკუთარი თავის გადაფხეკაა, მისთვის "ლოთობაც და მრუშობაც გზაა იმ წამამდე, როცა სურვილი გეუფლება დაუზარელად ფხიკო და ხეხო შენი თავი, ფხიკო და ხეხო იქამდე, სანამ ჯერ ჩემს ხმას არ გაიგებ, შემდეგ კი იმ მესამე სამსონასაც არ დაინახავ".

ამ სიტყვებს სამსონას მეორე, უფრო სწორად, პირველი “მე” ამბობს. იგია პირველი სამსონა. არსებობს მეორე სამსონაც და ჩვეულებრივი პერსონაჟი, ანუ მესამე სამსონა. რომანს ასეც უწოდებს მთხრობელი - მონორომანი სამ პირში - მე, შენ, ის. აი, როგორაა გართულებული აღსარებითი მოდელი ირაკლი სამსონაძესთან, ლამისაა ნეტარი ავგუსტინე და სხვა მისნაირი მთხრობელები გაგახსენდეს.

აღსარებითის გარდა, რომანში ძალიან ძლიერია მითოლოგიური შრეც, ჩემთვის ცოტათი გადამეტებულიც კი. პირადად მე რომანის დასაწყისის მიკროსკოპულ სინტაქსსა და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლებს უფრო მეტი აზარტითა და ყურადღებით მივადევნებდი თვალს, ვიდრე ამ ჩართულ ისტორიებს, რომლებიც, მართალია, ძალიან ძლიერი და ტემპერამენტიანი რიტმული პროზითაა დაწერილი, მაგრამ იმ თავდაპირველ დაძაბულობას მაინც ამეჩხერებს და ფანტავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თავი ლამის მთლიანად ბგერწერაზეა აგებული, ხშირია ალიტერაციები და ა.შ..

ეს მითოლოგიური კომპლექსები მთლიანად გამსჭვალავს რომანს. აქ ბევრია მეტამორფოზები, ხილვები, პოსტსაბჭოთა მაგიური რეალობა, რომელიც ამბის მოყოლის ერთ-ერთ უმთავრეს ხერხად იქცევა ირაკლი სამსონაძესთან. რომანს ერთ-ერთ რეფრენად გასდევს ფრაზა, უფრო სწორად, წარმოსახვითი კვლევის სათაური: "მითები და ზღაპრები საბჭოური და პოსტსაბჭოური სინამდვილიდან"... ეს რომანიც ხომ, არსებითად, ამაზეა, ამ მითებზე, მითებზე, სადაც ყველაფერს ჟანგი აქვს მოდებული, სადაც არაფერი გაგიტაცებს, სადაც მხოლოდ ჭრილობებია და რომლის კვლევაც სასჯელივითაა. აი, მაგალითად, როგორ აღწერს ირაკლი სამსონაძე დევნილების უღელტეხილზე გადმოსვლას:
"მოდიოდნენ... მოეზიდებოდნენ მაგნოლიებს, ზღვას, ნესტსა და სიცხეს, ნაპირზე დახეთქებული ტალღის ხმას, დაბალ კოინდარს... ხურმის შეცეცხლილ ხეებს... უღლიან ღორებს, ნეკნებდამჩნეულ თუ მაძღარ საქონელს, ფერად იხვებს, ერთმანეთის გატანასა და ვერგატანასაც მოეზიდებოდნენ და მათი მსვლელობა იყო მძიმე რიტმში ამოთქმული ჰოუ-ნანასავით შენელებული... ხალხის თვალუწვდენელი, გრძელი რიგი მოეზიდებოდა დამარცხების სიმწარეს, მამა-პაპის სამარეებსა და თოვლიან მთებს, შემოდგომის წვიმებს, ყავახანებსა და მოხალული ყავის არომატით გაბრუებულ ბულვარებს, მოეზიდებოდა ფიჭვებს, სახლს, კერიას, შეჩვეულ და შეუმჩნეველ აქამდე ნივთებს, რომლებიც მერე გაგახსენებენ თავს...".

რომანში კიდევ ერთი რეფრენია - "ვრემია". ბევრ თქვენგანს ახსოვს ამ საინფორმაციო გამოშვების ეპოქა, «ვრემიას» დრო, დრო, რომელიც დღესაც გრძელდება: «ვრემია» ყველაფერია, «ვრემიაზე» საათს ასწორებენ, «ვრემიამდე» სახლში უნდა იყო, «ვრემია» ჩაგვისახლდა, "ბევრი მეგობარი წაგვართვა ვრემიამ"... ეს "ვრემია" დღესაც აგრძელებს თავის საქმეს, დღესაც იმ "ვრემიადან" გამოსულ მატარებელში ვსხედვართ, დღესაც ვცდილობთ საკუთარ თავს არ ვგავდეთ, ვიყოთ კმაყოფილნი ტაშისცემით, ზეიმით, მარადიული დაბრუნებით და წრეზე სიარულით. "ეს მატარებელი ვერასდროს გაიგნებს გზას ადამიანისკენ", ამბობს სამსონა, "ცხოვრება ლამის გაილია ნაბიჯების უსაგნო თვლაში, ვიღაცის ზეიმებში, ლოთობასა და მეგობართა დაკრძალვებში, ცხოვრება მიდის პოსტსაბჭოეთის ერთ მარშრუტზე, ბაქნიდან ბაქნამდე პოლიტიკაზე ყაყანში, დღიდან დღემდე ერთ ხედს ხედავ მატარებლის სარკმლიდან, დღიდან დღემდე ერთი და იგივე სახეები ახმაურებენ ერთსა და იმავე, წინასწარვე ნაცნობ აზრებს... ქვეყანა კი კვლავინდებურად ვიღაცისთვის ცოცხლობს თითქოს, თავისთვის არა, ვიღაცისთვის, ვისაც თავი უნდა მოაწონოს...".

ირაკლი სამსონაძე, როგორც პროზაიკოსი, არავის აწონებს თავს, იგი არ ცდილობს შეგიმსუბუქოთ კითხვის პროცესი, გაგიტაცოთ ნათელი სევდით სავსე გამონაგონით, იგი თავისას აწვება, მძიმედ და თავდავიწყებით. გამოცდილ მკითხველს არ შეაშინებს ასეთი პროზა, მაინცდამაინც ყველამ ფამუქივით ფაფუკად ხომ არ უნდა წეროს თავის და თავისი ქვეყნის ჭრილობებზე?
ზემოთ წრეზე სიარული ვახსენე და ეს რომანიც ერთ რამეს გვიმტკიცებს, ფორმითაც და შინაარსითაც, რომ სიმწრის, მოსაბეზრებელი, გაუთავებელი სიმწრის გარეშე ვერ გამოვალთ ამ ჩაკეტილი წრიდან. ნურავის ჰგონია, რომ ლაღი, საგანცხრომოდ საკითხავი ტექსტებით, ოცნებებითა და ტაშფანდურით დავტოვებთ წარსულის სიმძიმეს. ეს გათავისუფლება მხოლოდ მოსაბეზრებელი განმეორებებით მოხდება, ამ განმეორებების გააზრებით. სწორედ ამიტომ, ირაკლი სამსონაძის პროზა ე.წ. აქტუალური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნიმუშია.
XS
SM
MD
LG