ვაშინგტონის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით სირიის შეირათის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რომელიც, ამ ქვეყანაში ექვსწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, პირველი პირდაპირი დარტყმაა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, სამხედრო ძალებზე. თუმცა 7 აპრილის სარაკეტო იერიშმა უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელმაც „აგრესიის აქტი“ უწოდა ამ ნაბიჯს და ვაშინგტონი „ტერორისტთა ინტერესების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
აშშ-ის სარაკეტო იერიში სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, პენტაგონის თანახმად,განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და წარმოადგენდა პასუხს 4 აპრილს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
პენტაგონისავე ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო გემებიდან ნასროლი „ტომაჰავკის“ ტიპის 59 ფრთოსანი რაკეტის სამიზნე იყო საბრძოლო თვითმფრინავები, საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობები, რადარები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
„დღეს საღამოს გავეცი განკარგულება სირიის იმ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დამიზნებული სამხედრო დარტყმის განხორციელების შესახებ, საიდანაც მოეწყო ქიმიური იარაღით თავდასხმა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების თავიდან აცილება და შეკავება“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო უწყებამ მიიღო ყველა ზომა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მინიმუმამდე შემცირებულიყო რისკი სირიის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზის მომსახურე პერსონალისთვის. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი დღევანდელი იერიშის შესახებ, რომლის მიზანი იყო ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია იყო პასუხი ამ ქვეყნის არმიის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე და მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და გავრცელების აღკვეთას,.
„სამშაბათს სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა სასიკვდილო ნერვული გაზის გამოყენებით განახორციელა საზარელი ქიმიური თავდასხმა უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე. ასადმა სიცოცხლე მოუსწრაფა დაუცველ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ბევრი მათგანისთვის ეს იყო ნელი და სასტიკი სიკვდილი. ამ ბარბაროსულმა თავდასხმამ თოთო ბავშვებიც კი არ დაინდო. ასეთი სისასტიკე ღვთის არც ერთმა შვილმა არ უნდა გამოსცადოს“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ყველამ ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ქიმიურ იარაღს და ის, ვინც მას იყენებს, სამხედრო დანაშაულს სჩადის. დღეს დილით საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან სატელეფონო საუბრის დროს ვიმსჯელეთ აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეზღუდული მასშტაბის დამიზნებული საავიაციო დარტყმების შესახებ...ანგელა მერკელი
თავისი მოკავშირის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის არმიის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ პირველ იერიშს მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელმაც განაცხადა, რომ სირიაში გააძლიერებს ანტისაჰაერო თავდაცვას მას შემდეგ, რაც აშშ-მა ფრთოსანი რაკეტები დაუშინა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზას. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აშშ-ის სარაკეტო იერიში ხელს აძლევს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აშშ-ის საჰაერო დარტყმას უწოდა „აგრესიის აქტი“.
„ცხადია, რომ ეს არის აგრესიის აქტი, აბსოლუტურად გამოგონილი წინაპირობით. და ეს ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ვითარებას, როდესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი, თავიანთ ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ერაყში შეიჭრნენ გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 7 აპრილს ტაშკენტში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
რუსეთისაგან განსხვავებით, სირიის ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული შეზღუდული საავიაციო იერიში შეაფასეს როგორც მართებული ნაბიჯი ვაშინგტონის მოკავშირეებმა ნატოსა და ევროკავშირში. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომელმაც 7 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა იტალიელ და ფრანგ კოლეგებთან, მოვლენების აჟამინდელ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს დააკისრა.
„ყველამ ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ქიმიურ იარაღს და ის, ვინც მას იყენებს, სამხედრო დანაშაულს სჩადის. დღეს დილით საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან სატელეფონო საუბრის დროს ვიმსჯელეთ აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეზღუდული მასშტაბის დამიზნებული საავიაციო დარტყმების შესახებ. ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ მოვლენების ასეთ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს“,- განაცხადა ანგელა მერკელმა 7 აპრილს ბერლინში გამართული ერთ-ერთი საჯარო შეხვედრის დროს.
მოსკოვისათვის მოულოდნელად, აშშ-ის მიერ სირიის შეირათის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მხარი დაუჭირა თურქეთმა, რომლის ხელისუფლებას, გასული წლის ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ, ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ვაშინგტონსა და ბრიუსელთან. ანკარამ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კვალობაზე ბოლო ხანებში კატეგორიულად აღარ მოითხოვდა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, გადადგომას, ვაშინგტონის საავიაციო იერიშის შემდეგ კვლავ დააყენა სირიის რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ჩვენ მართებულად მიგვაჩნია აშშ-ის ჩარევა და მას მხარს ვუჭერთ. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც მსგავს რეჟიმს უჭერს მხარს: მოდი, ყურადღება გავამახვილოთ პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებაზე და უზრუნველვყოთ სირიის მთლიანობა და სახელმწიფოებრივი ერთიანობა. მოდი, ნუ ვიქნებით ერთი ადამიანის მხარდამჭერი. ნუ მოვახდენთ ამ ადამიანის ლეგიტიმაციას, მით უფრო, თუ ეს კაცი არის დაუნდობელი და უკან არ იხევს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე“, - განაცხადა 7 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად სირიის შეირათის საავიაციო ბაზაზე დაიღუპა 4 სირიელი სამხედრო, განადგურდა ექვსი სამხედრო თვითმფრინავი და დიდი ზიანი მიადგა ბაზის ინფრასტრუქტურას. თუმცა რუსეთმა „უკიდურესად დაბალი“ უწოდა აშშ-ის საჰაერო დარტყმის ეფექტიანობას. სამხედრო უწყების პრესმდივნის, გენერალ იგორ კონშენკოვის, თქმით, „სირიის საჰაერო ბაზამდე მხოლოდ 23-მა რაკეტამ მიაღწია, ხოლო დანარჩენი 36 სად ჩავარდა, ცნობილი არ არის“. როგორც ზემოთ ითქვა, მოსკოვი აპირებს ანტისაჰაერო თავდაცვა გააძლიერო სირიაში მდებარე რუსეთის ორ - ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ხმეიმის საავიაციო - ბაზაზე.