Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე


აშშ-მა იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

პარასკევს დილით, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც სირიის არმიას ეკუთვნის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიში განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და რომ ის წარმოადგენდა პასუხს 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

დონალდ ტრამპი სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

პენტაგონის ცნობითვე, ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო გემებიდან ნასროლი, „ტომაჰოკის“ ტიპის 59 ფრთოსანი რაკეტის სამიზნე იყო საბრძოლო თვითმფრინავები, საწვავის და საბრძოლო მასალების საწყობები, რადარები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. პენტაგონის განცხადებით, მიღებული იყო ყველა ზომა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მინიმუმამდე შემცირებულიყო რისკი სირიის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზის მომსახურე პერსონალისთვის.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზა გამოყენებული იყო ქიმიური იარაღის შესანახად. პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ სწორედ შეირატის ბაზაზე დისლოცირებულმა თვითმფრინავებმა განახორციელეს ქიმიური თავდასხმა ქალაქ ხან-შეიხუნზე.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სირიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. „მხოლოდ ასადია დამნაშავე მოვლენათა მსგავს განვითარებაში. გერმანია და საფრანგეთი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას“, - ნათქვამია ანგელა მერკელის და ფრანსუა ოლანდის ერთობლივ განცხადებაში. აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. მისი განცხადებით, სირიის რეჟიმის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმას მოჰყვა ადეკვატური პასუხი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ მსგავსი ქმედებების აღკვეთას. აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დადებითად შეაფასა თურქეთის ხელისუფლებამ. „სირიის მთავრობის ბარბაროსობის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა დაიცვას“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი დღევანდელი იერიშის შესახებ, რომლის მიზანი იყო ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია იყო პასუხი ამ ქვეყნის არმიის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე და მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების და გავრცელების აღკვეთას, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

XS
SM
MD
LG