27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრა მარტინ შულცთან თუ დავით უსუფაშვილის მიერ ბრიუსელში გამართული სხვა შეხვედრები განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს 26 აპრილს გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ. პარლამენტის თავმჯდომარემ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში გამოვლენილ სამ პრობლემაზე ილაპარაკა.
ევროკავშირს არა აქვს დამატებითი მოთხოვნები სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით – ამ შინაარსის განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ევროპარლამენტის სპეციალური მომხსენებელი ყურადღებით ამოწმებს საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტის შესრულებას და სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გავა საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აქვე ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აღნიშნავს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად აქვს შეფასებული ევროკომისიას და, ამასთან, იკვეთება საკითხის პოლიტიკური შემადგენელიც:
„საქართველო (რიგითი) ქვეყანა არ არის... ის არის ევროკავშირის პარტნიორი და მნიშვნელოვანი მეზობელი აღმოსავლეთით... ჩვენ გარკვეული შეშფოთებით ვუყურებთ მოვლენათა განვითარებას მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც პრობლემები აქვთ თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით... ყველა ეს ელემენტი თამაშობს თავის როლს, რათა ასოცირებისა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესები უფრო ფართო პოლიტიკურ ჩარჩოში წარიმართოს... და ამიტომ მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ დადებითი მიმართულებით მივდივართ“.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი...დავით უსუფაშვილი
მარტინ შულცს კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია, თუ როდის განიხილავს ევროპარლამენტი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს. ჯერჯერობით ბრიუსელში არც ის დაკონკრეტებულა, თუ როდის განიხილავს ამ საკითხს ევროკავშირის საბჭო და, რაც მთავარია, პრაქტიკულად როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ამ შინაარსის შეკითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ამ პროცესის დადებითი შედეგით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები „ამ წლის ბოლომდე“ შეძლებენ. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დასრულებას ევროპულ სტრუქტურებში რამდენიმე თვე დასჭირდება.
თუმცა საქართველოს მოქალაქეების ოპტიმისტური მოლოდინი დიდწილად ისევ ზაფხულს და, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისს უკავშირდება, რასაც ასაზრდოებს სხვადასხვა დროს ბრიუსელიდან წამოსული სიგნალები, რომელთა თანახმადაც, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ევროპარლამენტის ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს. ამ შინაარსის განცხადებები ეკუთვნით, მაგალითად, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსსა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ელმარ ბროკს, რომელმაც, სხვათა შორის, მხარდაჭერა 26 აპრილს ბრიუსელში შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც აღუთქვა, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად იქნა მიჩნეული იმ ფონზე, როდესაც ევროპის სახალხო პარტიამ მხარი არ დაუჭირა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს მიმართვას ევროპარლამენტისადმი, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი ზაფხულის არდადეგებამდე იქნეს განხილული. ევროპის სახალხო პარტიის მიდგომებს ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრობლემათა სამპუნქტიან ჩამონათვალში:
„ეს არის ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის ერთი ნაწილი, ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება და გეტყვით, როგორ“.
პოლიტიკური ოპონენტების გარდა, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს პრეტენზიები ყოფილ თანამებრძოლებთანაც აქვს... მისი თქმით, პრობლემაა, რომ „ქართული ოცნების“ არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების ანტიდასავლური გამონათქვამები ბრიუსელში ხელისუფლების სიტყვად აღიქმება და ამის გასაქარწყლებლად დიდი შრომაა საჭირო... მართალია, დავით უსუფაშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დასახელებულ ჯგუფში მედიამ არაერთი დეპუტატი ივარაუდა. დავით უსუფაშვილის სამპუნქტიან ჩამონათვალში კიდევ ერთ პრობლემად გეოპოლიტიკური გამოწვევები სახელდება, ანუ ის, რაც არ ხდება საქართველოს მიზეზით, მაგრამ რამაც შესაძლოა პროცესი „ოდნავ“ გაწელოს დროში.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიისგან“ მომავალ სავარაუდო საფრთხეს, რომ ის დაბლოკავს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს იმ მოტივით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საფრთხე არარეალისტურია, რადგანაც 751-წევრიან ევროპარლამენტში სახალხო პარტიის 215 მანდატი საკმარისი არ იქნება საკითხის დასაბლოკად – მით უმეტეს, რომ ამ პროცესს ამ ჯგუფის ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება და ეს დეპუტატ ელმარ ბროკის პოზიციიდანაც გამოჩნდა.
თუმცა ასეთ მიდგომას ბოლომდე არ იზიარებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი საბაბი მიეცემა და, მაგალითად, გაჩნდება ეჭვები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიკერძოებასთან დაკავშირებით, „ევროპის სახალხო პარტია“ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დაბლოკვას აუცილებლად მოახერხებს:
„ევროპის სახალხო პარტია’ (EPP) გაურიგდება სხვა პარტიებს, დიდ პარტიებს, და მას ეს შეუძლია, რადგანაც ძალიან დიდი ჯგუფია და ყველას სჭირდება მისი მხარდაჭერა გარკვეული საკითხების გატანის დროს პარლამენტში... მაგალითად, არის საკითხები რომლებშიც ის მხარს არ უჭერს სოციალისტებს და თუკი მათ ეტყვის, რომ, აი, ამ საკითხში დაგვიჭირეთ მხარი, ხოლო ჩვენ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გატანაში დაგიჭერთო მხარს... აი, ასეთი მოქმედებით შეუძლია EPP-ს, რომ გაიტანოს თავისი გადაწყვეტილება“.
მართალია, სიფრთხილისა და წინდახედულების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ კახა გოგოლაშვილი ამ პროცესში გართულებებს არ მოელის და თვლის, რომ სავსებით შესაძლებელია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ზაფხულში, ევროსტრუქტურების არდადეგებამდე, დაგვირგვინება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.