21 იანვარს სტრასბურგში ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე დაამტკიცა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებათა შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ნაჩვენები მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა კვლავაც რჩება სერიოზული კრიტიკა და, კერძოდ, მედიის თავისუფლებასა თუ წინასწარი პატიმრობის პრაქტიკის ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ძალისხმევას „შთამბეჭდავი“ უწოდა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 20 იანვარს, საღამოს, როცა ევროპარლამენტში იმართებოდა დებატები საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე. ევროკომისრის თქმით, ამ ძალისხმევამთვალსაჩინო შედეგი გამოიღო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის ჭრილში და არის სხვა დამაიმედებელი ნიშნებიც, ამ პროცესის სარგებელი სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მიმართებითაც განიხილება:
„სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დადასტურებულად არის მთელი რიგი რეფორმების სტიმულირების ეფექტიანი მექანიზმი, მაგრამ საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს და შემდგომი ნაბიჯები გადადგა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით“.
ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული დადებითი ანგარიშის გათვალისწინებით, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ჭრილში უკრაინისა და საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს ევროპარლამენტიც მიესალმება 21 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაში. შესაბამისად, ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ შეუფერხებლად უნდა წარიმართოს ამ ორი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მისანიჭებლად საჭირო პროცედურები. რაც შეეხება მოლდავეთს, რომელისთვისაც უვიზო მიმოსვლის მექანიზმი 2014 წლის აპრილში ამოქმედდა, ევროპარლამენტის დაკვირვებით, ქვეყანამ აჩვენა კარგი მაგალითი მთელი რეგიონისთვის.
დადებითი შეფასებების მიუხედავად, 20 იანვარს სტრასბურგში გამართული დებატების ფარგლებშიც არაერთმა პარლამენტარმა თქვა და 21 იანვარს დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტშიც აშკარად ჩანს, რომ ევროპარლამენტი ისურვებდა მეტი პროგრესის ხილვას და ასეა, მაგალითად, მედიის თავისუფლების თვალსაზრისითაც. ტექსტში ნახსენებია ტელეკომპანია „რუსთავი 2“:
„(ევროპარლამენტი) ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მრავალფეროვნება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს. (ევროპარლამენტი) შეშფოთებულია მედიაპლურალიზმის ხელყოფის ფაქტების გამო, როგორიც არის, მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე; (ევროპარლამენტი) ამ ჭრილში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა,განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.
ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი იწონებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის მეთვალყურეობის პროცესში უმასპინძლოს მაღალი რანგის მრჩეველთა მისიას და პროცესში ასევე ჩართოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები.
ევროპარლამენტი მიუთითებს საქართველოს, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი. აქვე გამოხატულია შეშფოთება წინასწარი პატიმრობის მექანიზმის „ფართო გამოყენების“ გამო – განსაკუთრებით, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების შემთხვევაში, მაშინ როცა წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც გამონაკლისი ზომა –„გადაუდებელ და გასაგებ“ გარემოებებში. ვენეციის კომისიის (2015 წლის 22 სექტემბრის) განცხადების შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ზეწოლაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ, მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების ადეკვატური დაცვა და დასაჯოს ყველა დამნაშავე.
ევროპარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ხდება ერთგვარი კონსენსუსის მიღწევა, თუ რა საკითხები იყოს ჩადებული და რა არა. არ მგონია, რომ რეზოლუციის დაბალანსებულმა ვარიანტმა მოდუნების საშუალება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რადგანაც მნიშვნელობას არ კარგავს ის რეზოლუციები, რომლებიც მოამზადა ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა...ვანო ჩხიკვაძე
ევროპარლამენტის პოზიციით, უნდა გაგრძელდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რაც გულისხმობს მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და პროკურატურის დეპოლიტიზებას. თუმცა აქვე ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა“ და პროკურორებისა და გამომძიებლების დანიშვნის „ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო“.
ეს აქცენტი ასახულია ასოცირების შეთანხმების (პოლიტიკური ნაწილის) შესრულების მონიტორინგის ანგარიშშიც, რომელიც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადეს და 2015 წლის მიწურულს გამოაქვეყნეს. როგორც ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, როცა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ანგარიში ბრიუსელში ჩაიტანა, ევროპარლამენტში რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს გააცნო. მათ შორის იყო ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE), რომელმაც ამ ანგარიშში აღრიცხულ ნაკლოვანებათა დიდი ნაწილი ასახა ევროპარლამენტის 21 იანვრის რეზოლუციისთვის მომზადებულ პროექტში. თუმცა შემდეგ უკვე შეჯერებულ ვარიანტში ვეღარ მოხვდა, მაგალითად, ბავშვთა უფლებებსა თუ შრომით უფლებებთან დაკავშირებული აქცენტები. იმის გამო, რომ თავ-თავიანთი პროექტები სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარადგინეს (მაგალითად, სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესულმა ალიანსმა (S&D), რომლის ოჯახშიც შედის „ქართული ოცნება“, ანდა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რომლის ოჯახშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ვანო ჩხიკვაძეს არ უკვირს, რომ, გარკვეული პოლიტიკური ჭიდილის შედეგად, საბოლოოდ ყველანი დაბალანსებულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, თუმცა ის მაინც დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტში არ დაივიწყებენ რეზოლუციის მიღმა დარჩენილ შენიშვნებს:
„ევროპარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ხდება ერთგვარი კონსენსუსის მიღწევა, თუ რა საკითხები იყოს ჩადებული და რა არა. არ მგონია, რომ რეზოლუციის დაბალანსებულმა ვარიანტმა მოდუნების საშუალება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რადგანაც მნიშვნელობას არ კარგავს ის რეზოლუციები, რომლებიც მოამზადა ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა. ეს არ არის შემთხვევითი დოკუმენტები და, მაგალითად, ALDE მომავალ თვეებში თუ წლებშიც მიაქცევს ყურადღებას იმ საკითხებს, რაც ასახულია უშუალოდ მათ ვერსიაში“.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია ძალიან ეფექტიანი მუშაობა უკრაინის პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მაგრამ ასეთი აქცენტი არ არის დასმული საქართველოსთან მიმართებით. სწორედ ამ მოცემულობას შეესაბამება ვანო ჩხიკვაძის უკმაყოფილება იმით, რომ ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის შედეგები არასოდეს განხილულა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, - ეს პროცესი მხოლოდ ორიოდე საკომიტეტო მოსმენას ითვლის, - მაშინ როცა ევროპარლამენტი ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს.