გამომცემლობა „დიოგენეს“ სერიის, „ამერიკელების“, წელს გამოცემული მე-14 ტომია ჯეფრი იუჯინიდისის „თვითმკვლელი ქალწულები“. პრინციპში, ეს წიგნი შეიძლებოდა სულ სხვა სერიაშიც მოხვედრილიყო: „კინობიბლიოთეკაში“, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ბეჭდავს, ვინაიდან ეს წიგნი უმრავლესობას გაახსენებს სოფია კოპოლას მიერ 1999 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმს. მაგრამ ფილმი, მარტივად რომ ვთქვათ, სტანდარტული ჰოლივუდური ნამუშევარია და მხოლოდ ზედაპირულად გადმოაქვს რომანის სათქმელი და ესთეტიკა. ამიტომ, ვისაც ფილმი აქვს ნანახი, ვურჩევ ეს წიგნი მაინც აიღოს ხელში, რათა ხუთი თვითმკვლელი დის ტრაგიკული ისტორია სულ სხვანაირად დაინახოს. პულიცერის პრემიის ლაურეატის, ბერძნული წარმოშობის მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რომანი, 1993 წელს გამოცემული, რეალურ ამბავზეა აგებული, რომელიც 70-იან წლებში მიჩიგანის შტატის ქალაქ გროსპოინტში მოხდა. ერთი მხრივ, ავტორი თითქოსდა ბოლომდე იკვლევს იმ გარემოს, ფაქტებს, დეტალებს, მაგრამ მთავარია ის, რომ ამ მასალით ის ახერხებს შექმნას განსაკუთრებული მხატვრული ქსოვილი, რომელიც მხოლოდ სუიციდის ფენომენის აღწერითა და ახსნით არ იფარგლება. მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სოციუმი, რომელიც სუიციდით გაჟღენთილ ატმოსფეროში თანდათანობით ტრანსფორმირებას იწყებს, სადაც თანდათანობით ჩნდება და იზრდება სიკვდილისაკენ ლტოლვა. ეს ატმოსფერო თამარ ლომიძის თარგმანშიც ძალიან კარგადაა გადმოტანილი. წიგნის რედაქტორია ირმა ტაველიძე და დღეს მას ვთხოვეთ, რომ ამ რომანზე ესაუბრა.
ირმა ტაველიძე: კითხულობ სათაურს "თვითმკვლელი ქალწულები" და უკვე შეპყრობილი ხარ სურვილით, შეიტყო მეტი. თავიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ამბავს, აკვირდები სიტყვებს, დეტალებს, არ გტოვებს განცდა, რომ სადღაც რამე არის დამალული და თუ ყურადღებით მიადევნებ თვალს სიუჟეტს, მიაგნებ მოტივაციას, მაგრამ ეს სხვანაირად მოთხრობილი ამბავია, მოზარდების თვალით დანახული მოზარდები, ბიჭების თვალით დანახული გოგოები, რომლებსაც ყველაზე ძალიან სიცოცხლე უნდათ, მაგრამ კვდებიან. ეს სირთულეები, შიში, უჰაერობის განცდა, ჩაკეტილობის განცდა, საკუთარი სხეული, როგორც დიდი კითხვის ნიშანი, საპირისპირო სქესი, როგორც ბნელი და საშიში სამყარო, რომელიც, ამავე დროს, წარმოუდგენელი ძალით გიზიდავს, ეს ყველაფერი მკითხველისთვის, ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და გადავრჩით. რატომ ვერ გადარჩნენ ლისბონების გოგოები? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. თავად ჯეფრი იუჯინიდისი არ ეძებს პასუხებს. მისი ამოცანაა შექმნას ის სიზმარეული ატმოსფერო, რომელშიც ეს გოგონები მოჩვენებებივით დაფარფატებენ ღამის პერანგებით, მომნუსხველად აღწეროს გარემო, რომელშიც ეს დიდი ტრაგედია უნდა დატრიალდეს.
ის მომნუსხველობა, რაზეც ირმა ტაველიძე ლაპარაკობს, შეიძლება ითქვას, რომ წიგნის ღერძია. დები ლისბონები არიან არსებები, რომელთა ჯადოს ქვეშ თანდათანობით ექცევა მთელი ქალაქი, პირველ რიგში კი, მათი თანატოლი ბიჭები, რომელთათვისაც ამ იდუმალ გოგონებთან კონტაქტი, მათზე დაკვირვება, მათზე ფიქრი ცხოვრების შემეცნების მთავარ გზად იქცევა. წარმმართველია სენსიტიურობა: მთელი რომანის განმავლობაში იუჯინიდისი ჰაერის იმ ვიბრაციებს აღწერს, რაც დები ლისბონებიდან, მათი სახლიდან მოდის: სუნები, ხმები, მოძრაობები, შუქ-ჩრდილები... ბიჭები დღე და ღამე ცდილობენ ამ ვიბრაციების დაჭერას, შეგროვებას, დახარისხებას, გაანალიზებას. მთელი მათი ინტერესი ამისკენაა მიპყრობილი. და ამ მიზიდულობას არა აქვს მხოლოდ ის პრიმიტიული ახსნა, რომ თვითმკვლელთა ოჯახისადმი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა ბუნებრივად იზრდება. ესაა რაღაც წინასწარმეტყველური კოდი, რომელიც მოდის და რომელსაც ყველაზე მძაფრად მოზარდები იღებენ, თუმცა არაცნობიერად ყველა გრძნობს, კოდი, რომელიც ცდილობს ქალაქს რაღაც მიახვედროს. თუმცა აქ ორი ხედვა თანაბრად ფიგურირებს: ის, რომ დების თვითმკვლელობებიდან მოდის ის ნეგატივი, რომელიც თანდათან ცვლის, აპარტახებს, კლავს ქალაქს (უფრო ფართო გაგებით კი, მთელ სამყაროს) და ის, რომ ეს მაინც უნდა მომხდარიყო. უბრალოდ, დებმა ყველაფერი წინასწარ დაინახეს და არ მოინდომეს ამ პროცესს გაჰყოლოდნენ, გაერიდნენ მას. სიმბოლური კავშირების დანახვაც შეიძლება იმ მოვლენებში, რაც იმ დროს ხდება. თითქოს ქალაქი შინაგანად ებრძვის სიკვდილს, რომელსაც ვერანაირად ვერ ასცდება. სესილიას პირველი თვითმკვლელობის წინ იწყება მესაფლავეთა გაფიცვა და ამიტომ ქალაქში ვერავის კრძალავენ. გვამები ქალაქგარეთ გააქვთ და მაცივრებში ინახავენ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როდესაც მეხუთე და, მერი, მოიკლავს თავს, მაშინ ასრულებენ მესაფლავეები გაფიცვას და ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილების ერთდროული დამარხვის აქციაც იწყება. სიმბოლურია ისიც, რომ ამ ხუთ დას, რომელიც სულმუდამ ერთადაა და ყველას თვალში ერთ მთლიანობად აღიქმება, თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო გვერდიგვერდ კი არ კრძალავენ, არამედ მთელ სასაფლაოზე ანაწილებენ, ერთმანეთს აშორებენ.
ირმა ტაველიძე: აქ შეიძლება ვახსენოთ მწერლის ენა, ძალიან ლამაზი, პოეტური, რიტმი... ამ წიგნზე საუბრისას აღნიშნავენ ხოლმე, რომ თხრობა არის პირველი პირის მრავლობით რიცხვში: ჩვენ. ჩვენ ვხედავთ, ვეხებით, ვუთვალთვალებთ, გვიყვარს, გვენატრება. ცხადია, მწერლის მხრიდან ეს იყო საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება: ამ ტრაგედიის მასშტაბიდან გამომდინარე, თითქოს ერთი მთხრობელი არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ამ ამბის მთელი საშინელება გადმოეცა, სრულყოფილად მოეტანა ეს ამბავი მკითხველამდე. ამ გზით სიმძიმის ცენტრი ნაწილდება. ჩვენც ვდგავართ მთხრობელების გვერდით - ისე, როგორც ლისბონების გოგოები არიან ერთად ამ დიდი განსაცდელის წინაშე. უკვე გარკვეულ ასაკს მიღწეული კაცები იხსენებენ იმას, რაც წარსულში მოხდა, ცდილობენ ახსნან, სხვა თვალით შეხედონ... ეს იყო მთავარი ამბავი მათ ცხოვრებაში და ამან განსაზღვრა, გარკვეულწილად, მათი მომავალი ცხოვრება. და თავად ჯეფრი იუჯინიდისისთვის ეს თვითმკვლელობები არის ერთგვარი საშუალება დანაკარგზე სასაუბროდ - მარადიულ დანაკარგზე, რაც არასდროს დაბრუნდება... ბავშვობაზე, მოზარდობის ხანაზე, განცდების სიმძაფრეზე, ადამიანებზე, რომლებიც სამუდამოდ წავიდნენ, ადგილებზე, რომლებიც არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. და შეიძლება სწორედ ამიტომ ტოვებს ეს წიგნი სიზმრის განცდას. ჩვენ ვართ სიზმარში, რომელშიც მხოლოდ დამკვირვებლები ვართ და ამიტომ არავის გადარჩენა აღარ შეგვიძლია.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ნელა წერდა, წლების განმავლობაში მუშაობდა. ცხადია, რაღაც მასალაზე დაყრდნობით, მაგრამ მთავარი აქ ამბის სინამდვილე არ არის. ეს არის, უბრალოდ, საშუალებაა, თქვას რაღაც უფრო მეტი...ირმა ტაველიძე
ერთხელ, დიდი ძალისხმევის ფასად, ბიჭები მოახერხებენ გოგონების სასკოლო მეჯლისზე წაყვანას. იქ ისინი მხიარულები, გულღიები, ვნებიანები ხდებიან. ერთ-ერთი და ასეთ შეკითხვებს სვამს: "სიბრალულის გამო გამოგვიყვანეთ სახლიდან?"; "ისეთი შერეკილები ვართ, როგორც ყველა ფიქრობს?" - იმ მომენტში ისინი თითქოს ჩვეულებრივი გოგონები არიან, მაგრამ მათი ამბივალენტურობა მაინც მუდამ ყველაფერს მსჭვალავს, ყველაფერში ჩანს - თუნდაც იმაში, რომ, მშობლების მიერ შემდგომში საბოლოოდ კარჩაკეტილები, ბიჭებს გაქცევაში დახმარებას სთხოვენ, ჩემოდნებს ჩაალაგებენ და როცა უკვე მართლა შეიძლება გაქცევა, თავისუფლებაზე უარს ამბობენ და მათ თვალწინ თავს იკლავენ.
ირმა ტაველიძე: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ნელა წერდა, წლების განმავლობაში მუშაობდა. ცხადია, რაღაც მასალაზე დაყრდნობით, მაგრამ მთავარი აქ ამბის სინამდვილე არ არის. ეს არის, უბრალოდ, საშუალებაა, თქვას რაღაც უფრო მეტი. საკითხი ამიტომ არ დგას ასე: რატომ იკლავენ თავს ლისბონების გოგოები, რომლის პასუხსაც ჩვენ ვერ ვპოულობთ. სხვათა შორის, წიგნი, რომელიც შეიძლება ურჩიო მშობლებს, ფილიპ როთის "პორტნოის სინდრომთან" ერთად, არის ესეც, რათა უკეთესად ესმოდეთ შვილების ან, უბრალოდ, გაახსენდეთ საკუთარი თავი და საკუთარი გამოცდილებები. რაღაც პერიოდის მერე ეს ყველას ავიწყდება ხოლმე...
დები ლისბონების ფსიქიატრი წიგნის ბოლოს ასკვნის: "ადამიანთა უმრავლესობისთვის თვითმკვლელობა "რუსულ რულეტს" წააგავს. რევოლვერში მხოლოდ ერთი ტყვიაა. ლისბონთა გოგონების შემთხვევაში სხვა ვითარება იყო. მათი რევოლვერი მთლიანად იყო დატენილი. ერთი ტყვია იყო ოჯახური ზეწოლა, მეორე ტყვია - გენეტიკური მიდრეკილება, მესამე ტყვია - არახელსაყრელი ისტორიული მომენტი, კიდევ ერთი ტყვია - ულმობელი ბედისწერა, რომელიც მათ ინერციით წინ ეწეოდა. დანარჩენი ორი მიზეზის დასახელება უკვე შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პისტოლეტის სავაზნე ცარიელი იყო." ეს ფსიქიატრის ვერსიაა - საინტერესო, მაგრამ მაინც გამარტივებული, რადგან ავტორი ამ წიგნში აშკარად ექვსზე მეტ ტყვიას ხედავს. თუმცა ეს ტყვიები ჰაერში ლივლივებენ, დნებიან, მხედველობიდან იკარგებიან, შემდეგ კვლავ ჩნდებიან... და ამაშია მწერლის მთავარი სათქმელი.