ვიზიტორებისთვის ახალციხეში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი რაბათის დასახლებაში მდებარე ციხეა. ტურისტები 7 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ კომპლექსს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ციხის სიძველისა და თანამედროვე სტილის შერწყმა აოცებთ.
ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის ციხე 2016 წლის პირველ ნახევარში 43 800-მდე ვიზიტორმა დაათვალიერა. აქედან უცხოელი ტურისტის რაოდენობა 10 554-ია. ციხის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ, გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა, დაახლოებით, 8 000-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, იმატა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვმა. შარშანდელთან შედარებით, წელს მეზობელი რესპუბლიკიდან 1 300 ვიზიტორით მეტი შემოვიდა. ციხის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლილი გოზალიშვილი განმარტავს, რომ ტურისტების მატება მომსახურების მაღალი დონისა და კომპლექსის ტერიტორიაზე არაერთი კულტურული თუ სპორტული ღონისძიების გამართვის შედეგია.
ახალციხე, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულების გარდა, ტურისტებს დასვენებასაც სთავაზობს. სასტუმროებმა ვიზიტორების მიღება ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნის შემდეგ დაიწყეს. საშუალოდ, ერთი ღამის გატარება მაღალი დონის სასტუმროებში 65-დან 200 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების პირობები მათი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ვიზიტორებს სამცხე-ჯავახეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ახალციხის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აწვდის, რომელიც რაბათში, ციხის ტერიტორიაზე, მდებარეობს. ცენტრის კონსულტანტი ნინო მელიქიძე განმარტავს, რომ ისინი ვიზიტორებს ტრანსპორტის მოძიებასა და დაბინავებაშიც ეხმარებიან.
სეზონის გახსნასა და ახალციხეში ტურიზმის განვითარების პირობებს შეფასებას აძლევს სპეციალისტი ტურიზმის დარგში ნუგზარ თათეშვილი. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს მოხვედრამ განაპირობა. მისივე განმარტებით, 2016 წლისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, თუმცა მომსახურების დონის ამაღლება აუცილებელია.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალციხით მომდევნო თვეების განმავლობაში ბევრად მეტი ვიზიტორი დაინტერესდება.