Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის მაჩვენებლები საქართველოში


მედიატური კახეთში
მედიატური კახეთში

ტურისტული სეზონის მოლოდინებსა და პროგნოზებზე საუბრისას საქართველოში საკმაოდ ხშირად გამოითქმოდა იმედი, რომ თურქეთის სასტუმროებში ჩასვლაზე რუსი ტურისტების უარი საქართველოს ტურისტული ბუმის საფუძველი გახდებოდა. 12 %-იანი ზრდა, წინა წელთან შედარებით, ცხადია, არ იყო ის მასშტაბი, რომელზეც ეს ოპტიმისტური მოლოდინები იყო გათვლილი.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაში რუსეთის წილი არც იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც ეს პროგნოზი გულისხმობდა.

სტატისტიკა მოწმობს, რომ გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე უარის თქმა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვით გამოწვეული სარგებელი.

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი უკრაინიდან ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 26,3 % სწორედ უკრაინიდან დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი -18.1 %, რომელსაც მოსდევს რუსეთი - 15.6 %,-ით. ხუთეულში ბოლო პოზიციებს იკავებენ თურქეთი - 4 %,-ით, და სომხეთი - 1.4 %-ით.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%.

თუმცა განსაკუთრებული ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან აღინიშნა, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ტურისტების შემოსვლას, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციები უშლიდა ხელს. მაღალი ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+ 400 %), ინდოეთი (+ 340 %), ფილიპინები (+ 208 %), ისრაელი (+ 95 %), ჩინეთი (+ 57 %), უზბეკეთი (+ 31 %).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 მილიონ 636 313 შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,9 %-ია.

რაც შეეხება ფინანსურ შემოსავლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა + 8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა + 15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შეადგენს 6.7 %-ს. ზრდა, წინა წელთან შედარებით, + 16.2 %-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8 % შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, + 11.5 %-ია.

XS
SM
MD
LG