Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხედრის გადმოცემა კიდევ ორი კვირით გაჭიანურდება?


საოკუპაციო ზოლი, ერგნეთი
საოკუპაციო ზოლი, ერგნეთი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი ისევ ბუნდოვანია და მოლოდინი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ცხინვალის რეჟიმისგან ამ მხრივ საიმედო ვერაფერი მოისმინეს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან, რომლებიც 7 მარტს ცხინვალში მომდევნო (43-ე) რაუნდისთვის (27-28 მარტი) მოსამზადებლად ჩავიდნენ. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას ისევ სრულყოფილი ექსპერტიზის აუცილებლობით ხსნის და, მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ მხარეს ლოდინი, შესაძლოა, მინიმუმ 22 მარტამდე მოუწიოს. ბიბილოვის განცხადება სასტიკ ცინიზმად აღიქვეს თბილისში, სადაც მიმდინარე მოვლენებს რუსეთის ჩანაფიქრს უკავშირებენ. ვიდრე ცხინვალის მხარე ასე აჭიანურებს გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესს, ეჭვქვეშ დგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ქართული მხარის მონაწილეობის საკითხი.

7 მარტს, როცა ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ხვდებოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხის ზედმეტად პოლიტიზება მოახდინა, რომ ექსპერტიზა დროს მოითხოვს და „ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე გადაცემით“ ოსური მხარე „მეტ ნეგატივს“ მიიღებს.

შესანიშნავად ვიცით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას მინიმუმ თვე სჭირდება.

დღეს გვიწევს ამ ინციდენტზე მსჯელობა, რადგან ეს უარყოფითად აისახება ჟენევის მოლაპარაკებებზე. ტატუნაშვილის ნათესავებმა უნდა მიიღონ ცხედარი, რომ დაკრძალონ ის.
ტოივო კლაარი

ცხინვალის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ (РЕС) მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საიმედო დასკვნების გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა უკვე ორი კვირაა ჭიანურდება, ანატოლი ბიბილოვის მიერ ნახსენები ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, პროცესი, შესაძლოა, კიდევ ორი კვირა გაგრძელდეს.

როგორც სააგენტო „რესი“ იტყობინება, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან, ტოივო კლაარმა, ცხინვალში განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეები შეშფოთებული არიან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორკვირიანი დაყოვნებით ცხინვალში:

დღეს გვიწევს ამ ინციდენტზე მსჯელობა, რადგან ეს უარყოფითად აისახება ჟენევის მოლაპარაკებებზე. ტატუნაშვილის ნათესავებმა უნდა მიიღონ ცხედარი, რომ დაკრძალონ ის“.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან 7 მარტს ოკუპირებული ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს და საოკუპაციო ხაზთან მომლოდინე ქართველ ჟურნალისტებთან არ შეჩერებულან.

იმისათვის, რომ მომავალში მოვახდინოთ მსგავსი დანაშაულის პრევენცია, აუცილებელია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმესთან.
გიორგი კანდელაკი

ანატოლი ბიბილოვის განცხადებამ მწვავე რეაქციები გამოიწვია საქართველოში და, მათ შორის, პოლიტიკურ წრეებშიც. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მიუღებელია ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება და ამ ყველაფრის უკან რუსეთის ხელწერა იკითხება:

„ვიღაცას უნდა დაძაბულობა და ეს ვიღაცა ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელსაც აქვს კონკრეტული დღის წესრიგი ჩვენს რეგიონთან მიმართებით. რუსეთს არ აწყობს არც ის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დროზე დადგინდეს მომხდართან დაკავშირებით და არც ის, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში“.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეს განცხადება არის ცინიზმი, შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახისა და, მთლიანად, ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი თავხედობა“, – ეს სიტყვები უკვ„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დეპუტატს, გიორგი კანდელაკს, ეკუთვნის. მისი თქმით, საჭიროა გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები:

„იმისათვის, რომ მომავალში მოვახდინოთ მსგავსი დანაშაულის პრევენცია, აუცილებელია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმესთან“.

ბიბილოვის განცხადების შინაარსის მიუხედავად, ქართული მხარე მაინც იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს მომავალში მოხდება.

არსებული ვითარება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.
დავით დონდუა

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალი რაუნდის პერსპექტივას, ფაქტია, რომ ქართული მხარე ამ საკითხს არჩილ ტატუნაშვილის პრიორიტეტულ საქმესთან მიმართებით განიხილავს.

„შექმნილ ვითარებაში, როცა რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში ხელოვნურად აფერხებს უკანონო ტყვეობაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოცემას, შეხვედრა მთლიანად ამ თემას დაეთმო და მორიგი რაუნდის სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგის საკითხები აღარ განხილულა“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 მარტის განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს შეხვედრაც ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდისთვის მზადების პროცესში იყო დაგეგმილი.

საგარეო უწყების ტექსტის თანახმად, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების განთავისუფლება“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით დონდუას, თქმით, „არსებული ვითარება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით ოსური მხარე განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებს. ერთი ვერსიით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა ბადრაგის იარაღის დაუფლება სცადა და ამიტომ მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება გახდა საჭირო. შემდეგ დაკავებული ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ხოლო მეორე ვერსიის თანახმად, დაკავებული ცხინვალის იზოლატორში თავს დაესხა ბადრაგს და, რადგანაც ერთ-ერთს სატაბელო იარაღიც წაართვა და გასროლა სცადა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით განაიარაღეს თავდამსხმელი.

ზუსტად არავინ იცის, თუ რა მასშტაბის ან რა სახის ძალა იქნა გამოყენებული არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მანამდე ცხინვალის რეჟიმი „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლად“ და „ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილად“ მოიხსენიებდა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების ინფორმაციით, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს.

1 მარტს ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად ერგნეთში გამართული რიგით 85-ე შეხვედრის შეწყვეტაც მოითხოვა და უარი თქვა დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხების განხილვაზე. "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვერ მიიღო პასუხი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის - გათავისუფლების პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ოსური მხარე ცხედრის გადმოცემის პროცესის გაჭიანურებას ექსპერტიზის პასუხის მოლოდინით ხსნის, თუმცა ქართული მხარე ეჭვობს, რომ პროცესი არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის რეალური მიზეზების დამალვის გამო ჭიანურდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG