Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი უკომენტაროდ დატოვეს


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. მათ უარი თქვეს ერგნეთის საგუშაგოსთან გაჩერებასა და ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებლად, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები 7 მარტს, ცხინვალში შეხვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევს. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ჯიოევმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ჩაშალა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა. მურატ ჯიოევის განცხადებითვე, ოსური მხარე მზად არის ნაყოფიერი მუშაობისთვის ჟენევის დისკუსიის ფარგლებში. ამავე სააგენტოს ცნობით, თანათავმჯდომარემ ევრკავშირიდან, ტოივო კლაარმა ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ ინფორმირებულნი არიან სერიოზულ ინციდენტზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრის მსვლელობაზე. კლაარის თქმით, საკითხის მოუგვარებლობამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჟენევის დისკუსიაზეც. ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლამდე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 6 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ „შექმნილ ვითარებაში, როცა რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში, ხელოვნურად აფერხებენ უკანონო ტყვეობაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის და დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოცემას, შეხვედრა მთლიანად ამ თემას დაეთმო და ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგის საკითხები აღარ განხილულა.“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების გათავისუფლება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მომდევნო, 43-ე რაუნდი 27-28 მარტსაა დაგეგმილი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG