სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს ინფორმაციას ჟენევის თანათავმჯდომარეების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრის შესახებ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხი ზედმეტად პოლიტიზებულია: „შესანიშნავად ვიცით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას მინიმუმ თვე სჭირდება“, - უთქვამს ანატოლი ბიბილოვს. მან ხაზი გაუსვა, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრის ჩაშლა ქართული მხარის მიერ შედეგად არ მოიტანს ურთიერთქმედებას დადებითი მიმართულებით, რაშიც დაინტერესებულია ოსური მხარე. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარს, „რეს“-ის ცნობით, განუცხადებია, რომ თანათავმჯდომარეები შეშფოთებული არიან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორკვირიანი დაყოვნებით ცხინვალში: „დღეს გვიწევს ამ ინციდენტზე მსჯელობა, რადგან ეს ურაყოფითად აისახება ჟენევის მოლაპარაკებებზე. ტატუნაშვილის ნათესავებმა უნდა მიიღონ ცხედარი, რომ დაკრძალონ ის“. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია იმის გამო, რომ მისი გადაცემის საკითხი ძალიან პოლიტიზებულია ქართული მხარის მიერ: „ვშიშობთ, რომ ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე გადაცემით მივიღებთ მეტ ნეგატივს, ვიდრე ახლაა. მოგვეცით ყველაფრის კანონიერად ჩატარების საშუალება“.
ანატოლი ბიბილოვი: „ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემით მივიღებთ მეტ ნეგატივს“
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
- ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
- ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.