Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნოდ კანონმდებლობა მკაცრდება


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის ორმა კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სისხლის სამართლის და საარჩევნო კანონმდებლობაში. ინიციატივის მიხედვით, მკაცრდება სასჯელი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის შემთხვევაში და, მეორე, გამონაკლის შემთხვევებში პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ. პრემიერ-მინისტრის დავალებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უმრავლესობა მხარს უჭერს, უმცირესობა კი აკრიტიკებს.

საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით, ხოლო თუ იმავე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია სამი და 2-დან 5-წლამდე ვადით განისაზღვრება. ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია სანქციის გამკაცრება ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით პოლიციის გამოძახება შეიძლება არა მარტო იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრკოლება ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს.

ეს იქნება პრევენციული მნიშვნელობის იმისათვის, რომ ადამიანებს საარჩევნო უბნებზე გარკვეული დანაშაულის ჩადენის სურვილი არ ჰქონდეთ...
ელისო ჩაფიძე

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ან უწესრიგობის აღსაკვეთად ეს სრულიად აუცილებელია.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ორ არგუმენტს ეფუძნება: პირველი, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე პოლიციელების ყოფნა ნიშნავს არჩევნების ჩატარებას პოლიციის ზედამხედველობით; მეორე, ამ მუხლის ჩამატება აზრსაა მოკლებული, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პოლიციისთვის ისედაც სავალდებულო უფლებამოსილებაა:

„შემოთავაზებული ნორმით დადგენილია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება პოლიცია ადგილზე მოვიდეს, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ეს ძალიან მკაფიო და მკაცრი გამონათქვამები გამორიცხავს იმ ვითარებას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ უბანზე პოლიცია გამოცხადდეს თავისი თვითნებური გადაწყვეტილებით, ისე, რომ რეალურად ამის აუცილებლობა არ არსებობდეს, ანუ უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა“.

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო საპარლამენტო მუშაობას კვლავ არ ესწრება, თუმცა მედიასთან კომენტარში პარტიის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ახალი მუხლების შემოტანით ხელისუფლება ცდილობს უკვე მომხდარი ინციდენტები, ნაცვლად გამოძიებისა, გადაფაროს. სწორედ კორცხელის ინციდენტი გახდა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების საფუძველი:

„საქართველოში დღეს მოქმედი კანონებიც გადასარევად იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს და სხვა უმსგავსობები, რასაც ხალხის საზიანოდ სჩადის „ქართული ოცნების“ მთავრობა ხალხის პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, აღიკვეთოს“.

საპარლამენტო უმრავლესობა ემხრობა საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის ელისო ჩაფიძის თქმით, სასჯელის გამკაცრებაც და პოლიციელთა მეთვალყურეობაც მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს:

„ეს იქნება პრევენციული მნიშვნელობის იმისათვის, რომ ადამიანებს საარჩევნო უბნებზე გარკვეული დანაშაულის ჩადენის სურვილი არ ჰქონდეთ. სამართალდამცავი ორგანოს ყოფნა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ გარე პერიმეტრზე, უზრუნველყოფს ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების მეტ პასუხისმგებლობას იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.

ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება და, მით უმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხზე, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ წარმოჩნდა ცუდ ჭრილში...
სანდრო ბარამიძე

თუმცა სხეულის მსუბუქი დაზიანებისთვის 2-დან 5 წლამდე პატიმრობის მისჯა არაადეკვატურად მძიმედ მიაჩნია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბუკიას. ამ საკითხზე მოსაზრებების გამოთქმას გიგა ბუკიასა და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე სანდო ბარამიძეს შორის კამათიც მოჰყვა:

„თუ რამე დაპირისპირება მოხდა უბანზე, აპრიორი იქნება ჯგუფური და შეიძლება ეს არ იყოს პოლიტიკური დაპირისპირება და იყოს დაპირისპირება თანამოაზრეებს შორისაც და ამის გამო ციხეში უნდა წავიდეს, ხალხო?! და შეიძლება ეს დაპირისპირება იყოს პროვოცირებული და დაგეგმილი. მე იმის თქმა მინდა, რომ გალახული ყოველთვის მართალი არ არის“.

სანდრო ბარამიძე: „ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება და, მით უმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხზე, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ წარმოჩნდა ცუდ ჭრილში, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი ნება გამოხატონ მშვიდ გარემოში. რას ნიშნავს პროვოცირება მოახდინა, თუ პროვოცირება მოახდინა, ისეთი პასუხი არ უნდა გასცე, რომელიც არის სისხლის სამართლით დასჯადი“.

საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ, ძალადობაზე სასჯელის გამკაცრების გარდა, კანონპროექტი სიახლეს არ შეიცავს.

საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტში 24 ივნისამდე უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ის სესიაზე კენჭის საყრელად გავა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG