Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა განაწილდეს სარეკლამო დრო


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების ახალ წესს, რომელსაც პარტიების ერთი ნაწილი აპროტესტებს. დეპუტატები განიხილავენ ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციას ექნება უფლება არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე, იმოქმედოს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესის თანახმად, უფასო სარეკლამო დროის მისაღებად საარჩევნო სუბიექტებს მოეთხოვებათ საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, 4 და 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, თუმცა, ძველი რეგულაციისგან განსხვავებით, სარეკლამო დრო უნდა მიეცეთ ასევე საარჩევნო ბლოკში შემავალ ყველა პარტიას და არა მხოლოდ მის პირველ ნომერს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, ამ ცვლილების მიღება გაუმართლებელია, რადგანაც, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, მნიშვნელოვნად აზიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას.

„საჭიროა უკეთესის მოფიქრება, სადაც ორი კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული - პირველი ის, რომ მიღებული ხმების რაოდენობა რამენაირად უნდა იყოს ასახული გამოყოფილ დროში. ახალი წესი სრულიად თანაბრად ანაწილებს ყველა სუბიექტზე. სულ ერთია, პარტიამ 3 პროცენტი მიიღო თუ 97 პროცენტი, ყველა თანაბრად მიიღებს უფასო სარეკლამო დროს.

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

მიგვაჩნია, რომ ეს წესი არასამართლიანად შენარჩუნდა. მეორე კრიტერიუმი კი ის არის, რომ უნდა იყოს განსხვავება არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკში სხვა პარტიებთან გაერთიანებულ პარტიას შორის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ნატროშვილმა, რომლის თქმით, ინდივიდუალურად რომელი პარტიაც იყრის კენჭს, მას უფრო მეტი უფასო სარეკლამო დრო უნდა შეხვდეს, ვიდრე ბლოკში შემავალ პარტიას, რადგანაც ბლოკში შემავალი პარტიების ცალკეული რეიტინგი არსად არ ჩანს. ახალ წესს უსამართლოდ მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი. ცვლილების მიღების შემთხვევაში მამუკა კაციტაძე აპირებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენების თხოვნით:

„გვინდა, რომ შევხვდეთ პრეზიდენტს, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და არასამთავრობო სექტორთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციამ გამოვნახოთ შესაძლო გზები, როგორ შეიძლება არსებულ სიტუაციაში გამოსწორდეს ის მახინჯი კანონმდებლობა, რომელიც შეიქმნა“.

სიახლის შესაბამისად, სარეკლამო დრო ადრე თუ ნაწილდებოდა 5 პოლიტიკურ პარტიაზე, ახალი რეგულაციით, ამ დროის გამოყოფა თანაბრად მოუწევს 11 პოლიტიკურ პარტიას, რადგანაც წინა არჩევნებში საჭირო ბარიერი ორმა საარჩევნო ბლოკმა გადალახა, რომლებშიც, მთლიანობაში, 8 პარტია იყო გაწევრებული. საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნებიდან”, რომელიც 6 პარტიისგან შედგებოდა, ძველი რეგულაციით, უფასო სარეკლამო დროს მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებდა, ახალი წესის მიღების შემდეგ, ეს დრო ექვსივე პარტიაზე თანაბრად განაწილდება. ოპოზიციური პარტიების კრიტიკასა და არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის წარმომადგენლის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის, თქმით, ცვლილების მიზანია სარეკლამო დროის სამართლიანად განაწილება კვალიფიციურ სუბიექტებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღეს:

„ყველა ყველაფრით ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, რომ უფრო ფართო სპექტრი ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც მწვავე დაპირისპირების საგანი შეიძლება იყოს. თუმცა ყველას შეუძლია იმოქმედოს კანონის ფარგლებში და თავისი დამოკიდებულება გამოხატოს“.

კანონმდებლობის მიზანი ნამდვილად არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორსაც ადგილი ჰქონდა სოფელ კორცხელში...
ალექსანდრე ბარამიძე

საპარლამენტო უმრავლესობა იწონებს ასევე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვით, არჩევნების დღეს პოლიციელებს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების მიზეზი კორცხელის ინციდენტია:

„კანონმდებლობის მიზანი ნამდვილად არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორსაც ადგილი ჰქონდა სოფელ კორცხელში. თუმცა პოლიცია საარჩევნო უბნის მახლობლად შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება - თანაც, მიმდებარე ტერიტორიაზე და არა საარჩევნო უბანზე“.

იუსტიციის სამინისტროს ამ ინიციატივას კრიტიკით შეხვდნენ ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციები. მათი აზრით, უბნების მახლობლად პოლიციელების ყოფნა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ამომრჩეველზე, რომელსაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს ინიციატივა არსებითად არაფერს ცვლის, რადგანაც, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიციას მოქმედი კანონმდებლობითაც არ ეკრძალება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG