Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე, მაგრამ მაინც წინასაარჩევნო დარღვევები


26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ივლისში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაცილებით მცირეა, თუმცა მაინც აღმოჩნდა ასეთი კონკრეტული ფაქტები.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა, სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ძალადობა, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ამ ფაქტების შესახებ ლაპარაკობს და წერს თავის ანგარიშში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ანგარიში კი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად აღმოჩენილი დარღვევებისა, ორგანიზაცია იმაზეც მიუთითებს, რომ, 2012 წლის წინასაარჩევნო ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ივლისში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაცილებით მცირეა. ამის შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, რომელიც თვლის, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი ამ ეტაპზე გაცილებით მდორედ მიედინება, ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო მზადება, და იხსენებს ოთხი წლის წინანდელ სიტუაციას:

გადმოწერა

„2012 წლის ივლისში უკვე მესამე ანგარიში გვქონდა გამოქვეყნებული და არაერთი დარღვევის შესახებ ვწერდით, გაცილებით მეტი დარღვევის შესახებ. ეს, ბუნებრივია, გარკვეულწილად იმითაც იყო გამოწვეული, რომ მაშინ განსაკუთრებული დაძაბულობა იყო, მოსახლეობაც უფრო მეტად იყო პოლარიზებული. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცოტა სხვა ვითარებაა, მით უმეტეს, ბოლო კვლევებს თუ მოვიშველიებთ, მაგალითად, NDI-ის გამოკვლევას. გვახსოვს, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ამომრჩევლისა არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს ან არ აქვს გადაწყვეტილი საბოლოოდ თავისი არჩევანი“.

ბატონმა ვარშალომიძემ მოგვიანებით განმარტა ამ პროგრამის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუმცა, მაგალითად, ამ ხელშეკრულებებში დაფინანსების წყაროების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის...
მიხეილ ბენიძე

თუმცა, მიხეილ ბენიძის თქმით, 2012 წელთან შედარებით, ნაკლებად გამოვლენილი დარღვევები არ იძლევა მშვიდად ყოფნის საფუძველს, რადგან, მისი ვარაუდით, რაც უფრო მოახლოვდება 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო აიწევს წინასაარჩევნო ტემპერატურა და, შესაბამისად, დარღვევების მაჩვენებელიც. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ აქედანვე გაამახვილონ ყურადღება იმ დარღვევებზე, რომლებიც ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ცხადია, მითითებულია ის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც, მიხეილ ბენიძის თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ის ყურადღებას ამახვილებს, მათ შორის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე და მაგალითად მოჰყავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, თავმჯდომარის, რიმა ბერაძის, ინიციატივით ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება. ღონისძიება 30 ივნისს გაიმართა და უფასო გამოკვლევა 200-მდე პედაგოგმა ჩაიტარა. მიხეილ ბენიძის თქმით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს ჰქონდა ადგილი ბათუმშიც. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჭარაში, ლევან ვარშალომიძე, ამომრჩევლებთან საარჩევნო დაპირებას ინდივიდუალური ხელშეკრულებების სახით აფორმებდა და ხელშეკრულების საფუძველზე ადამიანებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ჰპირდებოდა:

„ბატონმა ვარშალომიძემ მოგვიანებით განმარტა ამ პროგრამის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუმცა, მაგალითად, ამ ხელშეკრულებებში დაფინანსების წყაროების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. ის ფაქტი, რომ ხდება ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება, ჩვენი აზრით, ეს ძალიან ნეგატიური ფორმა არის, რამაც, შესაძლოა, გარკვეული განცდა გააჩინოს ამომრჩეველში, რომ მისი მხრიდან ხელმოწერა აღნიშნულ დოკუმენტზე, ეს ნიშნავს, რომ მას მოეთხოვება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა“.

უმრავლეს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ცვლილებები ბიუჯეტებში. ძალიან მალე გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია და ძალიან საინტერესო იქნება ამ ტენდენციების დანახვა და მსჯელობა იმაზე, რომ დღეს მოქმედი კანონი რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს...
ირმა პავლიაშვილი

პირველი ივნისიდან საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგს ახორციელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მათი ანგარიშის შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება, მანამდე კი პროგრამის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ დარღვევებზე ლაპარაკობს, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, „სამართლიანი არჩევნების“ მსგავსად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ამ ეტაპზე, გაცილებით ნაკლები დარღვევაა გამოვლენილი, ოთხი წლის წინანდელ ამავე პერიოდთან შედარებით. თუმცა ირმა პავლიაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, რომლებიც საკვლევ პერიოდში გამოვლინდა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ტენდენციადაც ჩამოყალიბდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 9 აგვისტოდან მოყოლებული 8 ოქტომბრის ჩათვლით, აკრძალულია და, ამდენად, დარღვევად და პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება, ახალი პროგრამების ინიცირება და უკვე არსებული პროგრამების გაზრდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან გამოცხადდა, ირმა პავლიაშვილის თქმით, სახელისუფლებო პარტიას გაეხსნა გზა არ დაარღვიოს საარჩევნო კოდექსი და ისე გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი:

„ვერ იტყვი, რომ ეს არის კანონდარღვევა, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ ტენდენციურ ხასიათზე, რომ ეს არის, თავისი არსითა და ხასიათით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უმრავლეს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ცვლილებები ბიუჯეტებში. ძალიან მალე გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია და ძალიან საინტერესო იქნება ამ ტენდენციების დანახვა და მსჯელობა იმაზე, რომ დღეს მოქმედი კანონი რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს“.

ამ ტენდენციის შესახებ წერს თავის ანგარიშში „სამართლიანი არჩევნებიც“. მათი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ცნობილი გახდა ბიუჯეტის ცვლილებებისა და სოციალური პროექტების დაწყების რვა შემთხვევა.

2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა, არ განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG