Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციოლოგიური კვლევა, როგორც მანიპულირების ინსტრუმენტი


2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მარათონი ნელ-ნელა იკრებს ძალებს და, როგორც ჩანს, პარტიათა კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი იქნება კონკურენცია სოციოლოგიური კვლევებით. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 28 ივნისს გამოქვეყნებულ პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნების“ გარდა, სიის ბოლოს აღმოჩენილი პოლიტიკური სუბიექტების მკვეთრი უკმაყოფილებაც მოჰყვა. თავის მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 ივნისს ამჯერად უკვე „ქართული ოცნება“ აპირებდა თავის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის გასაჯაროებას, რაც ნაწილობრივ დადასტურდა. არის თუ არა ამომრჩეველზე მანიპულირების ინსტრუმენტი სოციოლოგიური კვლევა და რაზე ვერ თანხმდება პოლიტიკური სპექტრი?

„ქართული ოცნება“ თავის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ამ ეტაპზე არ აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ამ დროისათვის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მისი ძირითადი ამოცანა შიდა სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვაა. რაც შეეხება შედეგებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, კვლევის თანახმად, რამდენჯერმე უსწრებს მეორე ადგილზე გასულ პარტიას. მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკვე სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ დააზუსტა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით, მმართველი პარტიის რეიტინგი 35 %-ია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის 13%. შესაბამისად, გავრცელებული ცნობით, სწორედ ეს გარემოება გახდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადების საფუძველი, რომელშიც იგი „ქართული ოცნების“ მიერ მომავალ პარლამენტში მინიმუმ 100 მანდატის აღებას ვარაუდობს:

“აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ძალიან დიდი უპირატესობით, კიდევ ვამბობ. ეს იქნება, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადგილი პარლამენტში და ვნახოთ, არჩევნები წინ არის, ჩვენ ვართ მოწოდებული, რაც ყველაზე მთავარია, რომ ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილის განცხადების პათოსს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მოსალოდნელი უპირობო და დიდი უპირატესობით დაწინაურების შესახებ არ იზიარებს მისი მთავარი ოპონენტი, „ნაციონალური მოძრაობა“:

“100, როგორც ჩანს, მაგიური რიცხვია. როგორი 100 ქარხანაც გაიხსნა, ისეთი 100 მანდატი ექნებათ პარლამენტშიც. ყველა კვლევა ბოლო თვეების ცალსახად ადასტურებს „ქართული ოცნების“ რეიტინგის ჩამოშლას“, ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე.

ბაქრაძე, თავის მხრივ, „ქართული ოცნებისგან განსხვავებით, იზიარებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული კვლევის შედეგებს, რომელიც ტელეკომპანიამ 28 ივნისს გამოაქვეყნა და რომელიც, მისი დაკვეთით, გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ, „GFK”-მ, ჩაატარა. კვლევის თანახმად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 22,4 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 21, 7 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“. მესამე ადგილზე, 7,8 პროცენტით, არის პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც, 6,2 პროცენტით, „თავისუფალი დემოკრატები“ მოსდევს. ამ კვლევით, საარჩევნო ბარიერის მიღმა აღმოჩენილ პარტიებს შორის, პროცენტული მონაცემებით, ლეიბორისტული პარტია ლიდერობს, შემდეგ ადგილებს კი ინაწილებენ ისეთი პარტიები, როგორებიცაა „პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, რესპუბლიკური პარტია, „ახალი საქართველო“, „გირჩი“, „საქართველოს გზა“, „თავისუფალი საქართველო“, „ეროვნული ფორუმი“ და სხვა. მათი უმრავლესობა კვლევის შედეგებს არ იზიარებს და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩეველზე მანიპულირების საშუალებად მიიჩნევს.

“ხო წერია მაგ კვლევაში, რომ 10-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ჩვენთან შედარებით, „ნაციონალურ მოძრაობას“. მე გთავაზობთ, თქვენ აარჩიეთ საქართველოს ქალაქი ან რაიონი, წავიდეთ თქვენს ტელეკამერებთან ერთად და მანახვეთ, 10-ჯერ მეტი კი არა, საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე ჩვენს ბლოკს“, უთხრა მედიასაშუალებებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომელსაც, GFK-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 0, 2 პროცენტი უჭერს მხარს.

გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში სულ 2 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

რისთვის უნდა გამოიყენებოდეს კვლევები? უნდა გამოიყენებოდეს ამომრჩევლის უფრო მეტი ინფორმირებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უკუშედეგს. ამომრჩეველს არა აქვს ინფორმაცია, ამომრჩეველი არის დაბნეული...
სოსო გალუმაშვილი

სოციოლოგიური კვლევა წინასაარჩევნო ეტაპზე სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ხშირად მისი შედეგები პოლიტიკური მანიპულირებისთვისაც გამოიყენება, განმარტავს, თავის მხრივ, „სტრატკომის“ პარტნიორი სოსო გალუმაშვილი, რომელიც, ამასთანავე, ამბობს, რომ ეს ყველგან ასეა და საქართველოში, ამ მხრივ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა სოსო გალუმაშვილი საერთაშორისო, კერძოდ, დასავლური პრაქტიკისგან განმასხვავებელ გარემოებასაც ასახელებს - იგი ამბობს, რომ საქართველოში არ იყენებენ ეგრეთ წოდებულ პოლსტერებს, ანუ არ მკვიდრდება სტანდარტი, როდესაც სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აფასებენ და დისკუსიაში ერთვებიან არა პოლიტიკოსები, არამედ სოციოლოგები. ანუ ერთ მხარესაა სოციოლოგთა ჯგუფი, მეორე მხარეს კი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სოციოლოგიური ჯგუფი და კვლევის შედეგებიც განიხილება პროფესიულ და არა პოლიტიკურ ჭრილში:

“რისთვის უნდა გამოიყენებოდეს კვლევები? უნდა გამოიყენებოდეს ამომრჩევლის უფრო მეტი ინფორმირებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უკუშედეგს. ამომრჩეველს არა აქვს ინფორმაცია, ამომრჩეველი არის დაბნეული, იმიტომ რომ ყველა კვლევის შედეგების შემდეგ საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: ერთი, რომელიც ენდობა კვლევის შედეგებს და მეორე არ ენდობა, მაგრამ რა არის ამ კვლევაში სიღრმისეული ანალიზი, ანალიზამდე უკვე ვეღარ მივდივართ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა“.

სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დამკვიდრებული გამოცდილებით, კვლევა ზოგადად სადისკუსიო ველის გახსნას კი არა, ჩაკეტვას ემსახურება და საზოგადოების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად პოლარიზებას უწყობს ხელს. ანუ პოლიტიკური სპექტრი, სოსო გალუმაშვილის თანახმად, ვერ შეთანხმდა სოციოლოგიური კვლევის ვერც მეთოდსა და მეთოდოლოგიაზე, ვერც რაოდენობასა თუ სიხშირეზე, რაც, 15-წლიანი დაკვირვების შედეგად, მას აფიქრებინებს, რომ სოციოლოგიური კვლევებით ამომრჩევლის დაბნეულობის გამოწვევა პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენლის ინტერესებშია.

XS
SM
MD
LG