Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერისთან ოპოზიციამ წინასაარჩევნო გარემოსა და მედიაპლურალიზმზე ისაუბრა


ჯონ კერის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან (ირაკლი ალასანია, ჯონ კერი (შუაში), ვიქტორ დოლიძე).
ჯონ კერის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან (ირაკლი ალასანია, ჯონ კერი (შუაში), ვიქტორ დოლიძე).

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 7 ივლისს, დილით, თბილისში შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - ლიდერებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული მდგომარეობა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა - ეს თემები იყო განხილვის საგანიო, განაცხადეს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში პოლიტიკოსებმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჩემთვის მკაფიო, ნათელი და აბსოლუტურად გასაგებია ამერიკელი მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად უნდა ჩატარდესო. დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორ საკითხს - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და დემოკრატიულ არჩევნებს:

„მესიჯი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. პირველი შეეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების შემდგომი მხარდაჭერა არის საუკეთესო გარანტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის დაცულობის. მეორე თემა, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გახლდათ ქვეყანაში დემოკრატია და მომავალი არჩევნები“.

ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეალური დემოკრატია და ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი...
ირაკლი ალასანია

სასტუმრო „რედისონში“ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს დილით ადრე შეხვედრები ჰქონდა ორი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - ორ-ორ წარმომადგენელთან. შეხვედრიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში - ესაა შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერის დემონსტრირება რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლების კვალდაკვალ. მისივე შეფასებით, საკითხები, რომლებიც შეხვედრისას დაისვა, მათ შორის მედიის თავისუფლების თემა, არ არის ჯონ კერისთვის თავს მოხვეული. ეს ის საკითხებია, რომლებსაც შეერთებული შტატები თავადაც უჭერს მხარს:

„ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით გავაძლიეროთ და ვიხსნათ იმ საფრთხისგან ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის, და გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც ითქვა იგივე, რაც ითქვა საჯაროდ, რომ ეს არის არჩევნების დემოკრატიულობის ტესტი. რა ხდება მედიაში და, კერძოდ, ამ შემთვევაში, რა ხდება „რუსთავი 2“-ში? ეს არის ფუნდამენტი იმისა, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატული და ეს სახელმწიფო მდივნის და შეერთებული შტატების თავს მოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მეგობარი შეერთებული შტატები“.

ძლიერი და დაცული საქართველო - ესაა ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა, განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომლის განმარტებითაც, შესაბამისად, საუბარი შეეხო ნატოს მხარდაჭერას საქართველოსათვის და, ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და ჯონ კერისთან შეხვედრამ ის დაარწმუნა, რომ საქართველოს ამ დიდი პოტენციალის რეალიზებაში განუწყვეტლივ ექნება ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა:

„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეალური დემოკრატია და ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია და დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები, რაც ჩაატარა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. საუბარი იყო კონკრეტულად „რუსთავი 2“-ზე და მე წამოვწიე საკითხი სხვა მედიასაშუალებებში მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები მოიხსნა და გათავისუფლდნენ ადამიანები. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომ ეს საკითხი მისახედია და მისგან იყო ერთადერთი ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის, რომ მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შეღწევა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს“.

ვისაუბრეთ, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით...
დავით უსუფაშვილი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აქცენტი დაისვა არჩევნების თავისუფლად ჩატარებაზე. ამასთან, დავით უსუფაშვილის თქმით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება.

„ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი და რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვისაუბრეთ, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. შევთანხმდით იმაზე, და ეს ძალიან მარტივი იყო შესათანხმებლად, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში“.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, შეერთებული შტატების სახელმწფო მდივნის საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მიიჩნევს, რომ ეს იყო საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ვიზიტი.

ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG