Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე იზრუნებს


ჯონ კერისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია
ჯონ კერისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია

6 ივლისს თბილისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მემორანდუმს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ჯონ კერის ამ ვიზიტის მნიშვნელობაც კიდევ უფრო იზრდება ნატოს სამიტის წინ, რომელსაც 8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ხარისხიანად ჩატარების აუცილებლობას.

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“ – აშშ-​ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ეს მესიჯი თბილისში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩამოიტანა და 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გაახმაურა. ითქვა, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე და რომ ეს მხარდაჭერა მოახლოებული სამიტის ფარგლებშიც გამოვლინდება:

ჯონ კერი
ჯონ კერი

„ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩვენ დავადასტურეთ ჩიკაგოსა და უელსის სამიტებზეც და ჩვენ ამას გავაკეთებთ ვარშავაშიც მიმდინარე კვირის მიწურულს. ქართველმა ხალხმა აირჩია და ისურვა ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები კვლავაც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში“.

ჯონ კერი თვლის, რომ შეინიშნებოდა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული პროცესების შენელება, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, სირიისა თუ უკრაინის ფაქტორებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების სახით. თუმცა საქართველოს ის განიხილავს ნატოს ერთგულ პარტნიორად, რომლის მიერ სამშვიდობო მისიებში შეტანილ წვლილსაც ალიანსის ყველა წევრი აღიარებს და საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესი განგრძობად სახეს ატარებს.

დიდწილად სწორედ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებისა და ხელის შეწყობის ჭრილში განიხილავს ჯონ კერი ოთხშაბათს, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ მემორანდუმს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც, მათ შორის, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის საშუალებასაც იძლევა. დოკუმენტს მაღალი შეფასება მისცა ასევე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 6 ივლისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე:

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჰქონიათ...
თინა ხიდაშელი

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი, შეიარაღება, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე; ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჰქონიათ“ - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 6 ივლისს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც, მისი თქმით, ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელმა თქვა, რომ „საუბარია საქართველოს ტერიტორიული დაცვის კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაზე“ და საქართველოს თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველყოფაზე „ჰაერში, წყალში და მიწაზე“. „ეს აღარ არის მხოლოდ „საქართველო საერთაშორისო მისიებში“ შეთანხმება, ეს არის (შეთანხმება) „საქართველო საქართველოსთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პერსპექტივების გარდა, 6 ივლისს გახმაურებული შეთანხმებები განათლებისა და ეკონომიკის სფეროებსაც შეეხებოდა. სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომის შემდეგ, მაგალითად, ითქვა, რომ USAID-ის 15 მილიონდოლარიანი ეკონომიკური პროექტი („ზრდა“) საქართველოს 5 რეგიონში – მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს -განხორციელდება და ის 2000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

კიდევ ერთი გამოკვეთილი აქცენტი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თბილისში გააკეთა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და არჩევნებს უკავშირდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჯონ კერიმ გარკვევით თქვა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის და რომ მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფს ქვეყნისთვის „უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტ სტაბილურობასა და ხალხის კეთილდღეობას“. ყველა ჩვენი საუბარი შეეხებოდა შიშისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს არსებობისა და მედიის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას, თქვა მან (სავარაუდოდ, თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ).

მას სურს გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ინფორმაცია პირველწყაროდან, რომ არჩევნების შედეგად არ მოხდება აშშ-​ის ინტერესების შელახვა და ხელისუფლებაში არ მოვლენ ძალები, რომლებიც გადახედავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას...
ზაალ ანჯაფარიძე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ვარშავის სამიტის წინ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მაგრამ, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჯონ კერი თბილისში მხოლოდ მხარდაჭერის გამოსახატავად არ ჩამოვიდოდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აშშ-​ის ძლიერი ინტერესი სწორედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან საქართველო აშშ-ის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში:

„ვფიქრობ, მას სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს მყარი გარანტიები, რომ არჩევნები: 1. ჩატარდება სამართლიანობისა და დემოკრატიული სტანდარტების უმაღლეს დონეზე და 2. მას სურს გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ინფორმაცია პირველწყაროდან, რომ არჩევნების შედეგად არ მოხდება აშშ-​ის ინტერესების შელახვა და ხელისუფლებაში არ მოვლენ ძალები, რომლებიც გადახედავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას“.

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მოახლოებულ არჩევნებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა თუ, ზოგადად, საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე ჯონ კერი 6 ივლისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარდა, პრეზიდენტსაც ესაუბრებოდა. 7 ივლისს კი ის ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხუთშაბათს საქართველოს დედაქალაქიდან უკრაინის დედაქალაქისკენ გაემგზავრება, ხოლო 8 ივლისს პოლონეთის დედაქალაქს ესტუმრება ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ვარშავაში ჩასვლას გეგმავს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG