Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა „რუსთავი 2“-ზე: „ქართული მარშის“ წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე პირებს - „ქართული მარშის“ აქტივისტებს - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლაპარაკია 6 პირზე, რომლებსაც გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში ადანაშაულებს. მათგან ორს ბრალი სხვისი ქონების დაზიანებისა და ფიზიკური ძალადობის გამო დაუმძიმდა. დაკავებულები და „ქართული მარშის“ სხვა აქტივისტები 19 მარტს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების შევიწროებასა და მათზე თავდასხმას ძალადობად არ განიხილავენ. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები, თავდასხმის უშუალო ადრესატები - თამთა მურადაშვილი და დავით ერაძე - პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულებად, თუმცა, როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, საქმეს აუცილებლად უნდა დაემატოს მთავარი მუხლები.

„ქართული მარშის“ წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

  • „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო "ქართული მარშის" წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
  • გამოძიება დაკავებულებს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას ედავება.
  • „ქართული მარშის“ აქტივისტები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან 19 მარტის საღამოს მიიჭრნენ.
  • აქტივისტებმა ალყაში მოაქციეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის, ავტომობილი, რომელშიც ასევე იმყოფებოდა „P.S.“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია.

23 მარტს „ქართული მარშის“ წარმომადგენლების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირებს, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას ედავება. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტი ხმაურით გააპროტესტეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა. გაისმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკა და მუქარაც.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დღეიდან „ოცნების“ მთავრობას ექვსი პოლიტპატიმარი ჰყავს... მიიღებენ ძალიან მწარე აქციებს...“ - თქვა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რამაზ გაგნიძემ.

„ბრალდების მხარეს გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე გამოიტანდა გადაწყვეტილებას ბრალდებულთა პატიმრობასთან დაკავშირებით, იმდენად, რამდენადაც საქმეში არსებობდა მოწმეთა ჩვენენები, იყო მრავალი სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ ბრალდებულთა მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამდენად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია - ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის და, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა ლევან კოპალიანმა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ არ გაითვალისწინა დაკავებულთა დაცვის მხარის შუამდგომლობები, მათ შორის გირაოს შეფარდების თაობაზე და არც, მაგალითად, დაკავებულ ლადო სადღობელაშვილის თხოვნა და რჩევა, რომ დაუშვებელია ახალგაზრდებისთვის ხელის შეშლა პოლიტიკური კარიერის გზაზე:

„მაქვს რაღაც შემოსავალი, ჩემზეა დამოკიდებული ოჯახი და მე ნამდვილად არ ვაპირებ არსად მიმალვას. მე აქ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მაქვს, ჩემი ხაზი მაქვს და ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. ასევე გაითვალისწინოთ ჩემი ადვოკატის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ გადავიხადოთ რაღაც გირაო... ძალიან გთხოვთ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუ იზამთ ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი იყოს „გლდანში“ გადაწყვეტილი“.

დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის შენობასთან
დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის შენობასთან
ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ჰქონდა ადგილი ინციდენტს, სამწუხარო ინციდენტს. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა.
სანდრო ბრეგაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 23 მარტს, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო. როგორც ბრალდებულის სკამზე მჯდომი 6 პირი, ასევე „ქართული მარშის“ სხვა აქტივისტები და ლიდერები, შეიძლება ითქვას, არაფრად მიიჩნევენ 19 მარტს „რუსთავი 2“-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. სასამართლოს სხდომაზე სწორედ ასეთი განწყობით შევიდა, მაგალითად, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

„ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ჰქონდა ადგილი ინციდენტს, სამწუხარო ინციდენტს. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა“.

იმას, რაც „ქართული მარშის“ ლექსიკონში ინციდენტი ჰქვია, კანონის ენაზე ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის კვალიფიკაცია შეესაბამება და სამართალდამცველებმა ამ ბრალდებით 6 პირი 20 მარტს, გვიან საღამოს, დააკავეს.

მანამდე, 19 მარტს, „რუსთავი 2“-ის შენობასთან განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, სამართალდამცველებმა დააკავეს ასევე 6 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რომელიც გულისხმობს ხულიგნობასა და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 16 აპრილს დანიშნულ სასამართლო პროცესამდე. 19 მარტს შს სამინისტრომ განცხადა, რომ გამოძიება ასევე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რაც ძალადობასა და სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. სწორედ ამ მუხლების მიხედვით დაუმძიმდა ბრალი ორ დაკავებულს.

ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი მუხლი - ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ეს შეგვეხება მე და გიორგი გაბუნიას. თავის მხრივ, გიორგი გაბუნიას თავს დაესხნენ, როგორც ჟურნალისტს, ანუ თავისი საქმიანობის გამო დაესხნენ თავს. ჯერჯერობით ამ მუხლების მიხედვით არ არის წარმოება...
თამთა მურადაშვილი

„P.S.“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, საეთერო ხუმრობით აღშფოთებული „ქართული მარშის“ აქტივისტები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან 19 მარტის საღამოს მიიჭრნენ და ალყაში მოაქციეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის, ავტომობილი, რომელშიც ასევე იმყოფებოდა გიორგი გაბუნია. პოლიციის დროული მობილიზების მიუხედავად, ავტომობილში მყოფთა გათავისუფლება არცთუ იოლი აღმოჩნდა და, როგორც თვითმხულველები აღნიშნავენ, ეს დიდწილად სწორედ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. ამ პროცესში ფიზიკური დაზიანება მიიღო ჟურნალისტმა დავით ერაძემ და დაზიანდა თამთა მურადაშვილის კუთვნილი ავტომანქანა. მურადაშვილსა და ერაძეს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

რაც შეეხება საქმის წარმოების პროცესს, როგორც „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმეში ამ ეტაპისთვის არ ფიგურირებს მთავარი მუხლები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია:

„ქართული მარშის“ აქცია. თბილისი, 14 ივლისი, 2017 წ.
„ქართული მარშის“ აქცია. თბილისი, 14 ივლისი, 2017 წ.

„ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი მუხლი - ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ეს შეგვეხება მე და გიორგი გაბუნიას. თავის მხრივ, გიორგი გაბუნიას თავს დაესხნენ, როგორც ჟურნალისტს, ანუ თავისი საქმიანობის გამო დაესხნენ თავს. ჯერჯერობით ამ მუხლების მიხედვით არ არის წარმოება... ასევე დავით ერაძე, რომლის წინააღმდეგაც ფიზიკური ძალა გამოიყენეს და დაარტყეს, თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. მაგრამ ეს მუხლი არ ფიგურირებს საქმეში“.

თუკი დაკავებულ პირებს სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებდა, თამთა მურადაშვილის თქმით, ეს იქნებოდა ძალადობის იმგვარი წახალისება, რომელსაც შეიძლება უმართავი და საზოგადოებისთვის ძალიან საშიში პროცესები მოჰყოლოდა. „ქართული მარშის“ წარმომადგენლების საქმის არსებითი განხილვა მაისში დაიწყება. მანამდე დაკავებულთა ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 23 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG