Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული მარშის“ მარშრუტი: „რუსთავი 2“, საპატიმრო, საავადმყოფო


„ქართული მარშის“ აქცია. თბილისი, 14 ივლისი, 2017 წ.
„ქართული მარშის“ აქცია. თბილისი, 14 ივლისი, 2017 წ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე "ქართული მარშის" ხუთი წევრი. დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი, რომელიც 20 მარტს, გვიან ღამით, მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს და მოგვიანებით დააკავეს. 20 მარტს, ასევე გვიან ღამით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა „ქართული მარშის” კიდევ ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, რომელსაც, მისი თანამებრძოლების თქმით, პოლიციამ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში დაკითხვისას სცემა, რასაც კატეგორიულად უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ქართული მარშის“ მარშრუტი: „რუსთავი 2“, საპატიმრო, საავადმყოფო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე "ქართული მარშის" ხუთი წევრი.

დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული მარშის" კიდევ ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის დაკითხვას გეგმავს, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.

არსებობს ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი გაბუნია და „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ჩაკეტილი არიან ავტომობილში.

„სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს აუცილებლად მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სანდრო ბრეგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური წარმომადგენელი ნინო აქიაშვილი, რომლის თქმითაც, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი კლინიკაში მოთავსებულია თავისი მოთხოვნით .

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “ქართული მარშის” წევრები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯგუფური ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საავადმყოფოში დაწოლამდე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის წინ გამართული აქცია მშვიდობიანი იყო, პროვოკაციის მოწყობას კი თავად გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია ცდილობდა.

ამ მანქანაში იჯდა სწორედ სადღობელაშვილი, რომელიც მოდიოდა და უნდა მიეღო მონაწილეობა აქციაში. მან დამინახა მე, გააჩერა მანქანა. მითხრა, რომ მე ზუსტად შენთან მოვდივარ, სად მიდიხარო. გადმოვიდა მანქანიდან, დაუძახა დანარჩენებს, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, შეკრებილები იყვნენ ჭიშკართან. უთხრა, რომ ალყა შემოერტყათ მანქანისთვის...
გიორგი გაბუნია

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავის 2’’-ის შენობასთან მივიდნენ პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას შემდეგი ხუმრობის გასაპროტესტებლად:

"იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

სანდრო ბრეგაძე: „ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია, გაბუნია პროვოკაციულად გამოვიდა ახალგაზრდებთან და მას უნდოდა ხელი მოხვედროდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მას ხელი არ მოხვდა. ეს არის რელიგიური გრძნობებისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა".

თუმცა არსებობს ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი გაბუნია და „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ჩაკეტილი არიან ავტომობილში, რომელიც ალყაში ჰყავს მოქცეული რამდენიმე ათეულ აგრესიულად განწყობილ ადამიანს (ახტებიან სახურავზე, ხელებს ურტყამენ საქარე მინას და ა.შ.).

თვითონ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ასე იხსენებს 19 მარტს მომხდარ თავდასხმას:

„ჩვენ რომ ავდიოდით, მეორე მანქანა მოდიოდა, რომელსაც გზა დავუთმეთ და აღმოჩნდა, რომ ამ მანქანაში იჯდა სწორედ სადღობელაშვილი, რომელიც მოდიოდა და უნდა მიეღო მონაწილეობა აქციაში. მან დამინახა მე, გააჩერა მანქანა. მითხრა, რომ მე ზუსტად შენთან მოვდივარ, სად მიდიხარო. გადმოვიდა მანქანიდან, დაუძახა დანარჩენებს, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, შეკრებილები იყვნენ ჭიშკართან. უთხრა, რომ ალყა შემოერტყათ მანქანისთვის. ეს არ იყო, რომ, უბრალოდ, ალყაშემორტყმული ვიყავით და, უბრალოდ, ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. არა, ისინი, რა თქმა უნდა, იმუქრებოდნენ, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ, იფურთხებოდნენ, მანქანას ურტყამდნენ ძალიან ძლიერად, ახტნენ კაპოტზე. წინ ამიტომაც არის თამთას მანქანა დაზიანებული. ურტყამდნენ ძალიან ძლიერად შუშას. იმუქრებოდნენ, რომ გადმოგვათრევდნენ, გვცემდნენ და ა.შ.“.

სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას...

გიორგი გაბუნია იმასაც ამბობს, რომ მუქარის წერილებს უგზავნიან და რომ იძულებულია, დაცვის თანხლებით იაროს.

„მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამომძიებლებმა ზუსტად გაარკვიონ, ვინ არის მუქარის შემცველი წერილის ავტორი. მე წარმოდგენა არ მაქვს. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ზემოქმედება იქონია ჩემზე ამ წერილმა და ფაქტია, რომ მათ შორის ამ წერილიდან გამომდინარე, მე მიწევს მუდმივი თანხლებით გადაადგილება, დაცვასთან ერთად, სპეციალურ მძღოლთან ერთად, მათ შორის უკვე არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ სახლშიც კი, რადგან ამ მუქარის წერილში კონკრეტულად არის ნახსენები, რომ მათ იციან, მე სად ვცხოვრობ. არ არის დაკონკრეტებული, მე რა ტიპის ანგარიშსწორებით მემუქრებიან ისინი, მაგრამ მე ვუთხარი გამომძიებლებს, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის შურისძიება, ამიტომ მე იძულებული ვარ, რომ ჩემს უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ვიზრუნო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი:

„სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“.

თუმცა "ქართული მარში" არ აპირებს პროტესტის მეთოდის შეცვლას და „რუსთავი 2“-ის პარალიზებით იმუქრება. როგორც "ქართული მარშის" სათათბიროს წევრმა კოკა მორგოშიამ განაცხადა, აქცია უკვე იგეგმება და თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს არ მიეცემათ საშუალება არც ჩართვის, არც მუშაობის, ვიდრე გიორგი გაბუნია ცინიკური განცხადების გამო არ გამოვა და ბოდიშს არ მოიხდის, რასაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. მე არ მაინტერესებს გიორგი გაბუნიას არც რელიგიური მრწამსი, არც მისი შეხედულებები, თუმცა ფაქტია, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს და ასევე სხვა ქრისტიანებს. ეს ფართომასშტაბიანი აქციები მივა იმ შედეგამდე, რომ "რუსთავი 2"-ის ეს ბინძური პროპაგანდა ამოიძირკვოს საქართველოში", - განაცხადა კოკა მორგოშიამ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG