ქუთაისელ გულშემატკივართა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია 13 ნოემბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მომხდარმა ინციდენტებმა - საქართველოსა და ბელორუსიის საფეხბურთო ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რომ შეიჭრნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები, დაწვეს ლგბტ თემის დროშა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია.
დაძაბულობის განსამუხტავად მობილიზებული იქნა პოლიცია და სპეციალური დანაყოფი. სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ამბობს, რომ 13 ნოემბერს ქუთაისის სტადიონზე საქართველოსა და ბელორუსიის საფეხბურთო ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩისას ადგილობრივი გულშემატკივარი არ შეუერთდა მოძრაობა „ქართული მარშის“ თბილისიდან ჩამოსულ წევრებს, რამაც მათი განაწყენება გამოიწვია. აკაკი საღინაძის თქმით, ქუთაისელ ქომაგთა ნაწილს უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა შეეზღუდა, სტადიონზე მყოფთ კი დაძაბულობის გამო დისკომფორტი შეექმნა:
„პირადად მე მას შემდეგ შევედი სტადიონზე, რაც მოწინააღმდე გუნდს ერთი გოლი გატანილი ჰქონდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგაც კი გულშემატკივართა ნაწილი, ვისაც ბილეთი შეძენილი ჰქონდა, გარეთ იცდიდა და ეს შეფერხება გამოიწვია ჭიშკრების ჩაკეტვამ. მოძრაობა „ ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ სტადიონზე, დაწვეს ლგბტ თემის დროშა, იყო უცენზურო შეძახილები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას, მისამართით. მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი აქციის მონაწილენი, დანარჩენი ყველა იყო მატჩზე დასასწრებად მოსული. მათი ნაწილი და მათ შორის მეც მიზანმიმართულად მივედით, რომ მხარდაჭერა და პატივისცემა გამოგვეხატა გურამ კაშიას მიმართ“.
დღეს კარგად გამოჩნდა უკვე, რატომ იყვნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში ჩამოსული. რა ვიდეოებიც ატვირთეს, ყველამ იცის. ჩვენ სტადიონზე დავდივართ ფეხბურთის საყურებლად...თემურ ცამციშვილი
ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა, რომელიც იმ გულშემატკივრებს შორის იყო, ვინც სტადიონზე დაგვიანებით შეუშვეს, ამბობს, რომ პირადად შეესწრო „ქართული მარშის“ წევრების მიერ ლგბტ თემის დროშის დაწვას და გაურკვეველი ნივთიერებების აფეთქებას. არჩილ გეგენავა მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ქუთაისელმა ქომაგებმა ღირსეული პასუხი გასცეს „ქართული მარშის“ წევრების მცდელობას, ჩაეშალათ საფეხბურთო მატჩი და შეურაცხყოფა მიეყენებიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის:
„მოხდა კარგი რამ: როცა „მარშის“ წევრები საპროტესტო ტექსტებით მიმართავდნენ, გულშემატკივრები სიმღერით და გამამხნევებელი შეძახილებით ახშობდნენ მათ ხმას. ქუთაისის გულშემატკივარმა საკადრისად, ასე ვთქვათ, აკადემიურად შექმნა საფეხბურთო ატმოსფერო სტადიონზე, სადაც „ ქართული მარშის“ წევრებმა თავისი ადგილი ვერ იპოვეს“.
საფეხბურთო მატჩზე დასწრების სურვილისა და ბილეთის შეძენის მიუხედავად, სტადიონზე შესვლა ვერ მოახერხა თემურ ცამციშვილმა. მისი განცხადებით, ქუთაისში ჩასული „ქართული მარშის“ წევრები, სავარაუდოდ, იმის გამო გაბრაზდნენ, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები მათ არ შეუერთდნენ და სოციალურ ქსელში ქუთაისს უცენზუროდ მოიხსენიებენ:
„დღეს კარგად გამოჩნდა უკვე, რატომ იყვნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში ჩამოსული. რა ვიდეოებიც ატვირთეს, ყველამ იცის. ჩვენ სტადიონზე დავდივართ ფეხბურთის საყურებლად, სტადიონზე სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს დამოკიდებულება სტადიონზე ჩანდა გულშემატკივრის მხრიდან“.
თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ რეალურად ქუთაისი დასავლური ღირებულებების მატარებელი ქალაქია და მის შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპები არასწორია:
„ზოგადად, ქუთაისში ნამდვილად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება, ჰომოფობების შეკრება. ჩვენ ვართ დასავლეთი საქართველოში. სამწუხაროდ, აღრევა ხდება ტრადიციების და ღირებულებების. „ქართული მარში“ ვერ არჩევს ტრადიციებს და ღირებულებებს. სწორედ ამ ჩვენმა ტრადიციებმა უთხრა უარი ჰომოფობებს და „ ქართულ მარშს“ და გამოიწვია აგრესია და ნელ–ნელა ეს ადამიანებიც მიხვდებიან, რომ „ქარის წისქვილებს“ ებრძვიან“.