ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია. საელჩო მიზეზად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
„პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან - ივნისამდე პერიოდში განხორციელდა. ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია“, - ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე.
საელჩო აღნიშნავს, რომ „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება. ევროკავშირის დაფინანსებული 4-წლიანი პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი დარგის განვითარების გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა, გაძლიერება და გამოყენება, შემოქმედებითი სივრცეების განვითარება, დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა და დარგთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რომელიც გულისხმობს დაფინანსების სხვადასხვა სახის საქმიანობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას.
2 სექტემბერს წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ ილაპარაკა „შემოქმედებითი კომპასისგან“ მიღებულ წერილზე, რომელშიც პროექტის შეჩერების შესახებ წერია.
ხარჩილავამ მედიას გააცნო წერილის შინაარსი: „ევროპის საბჭოს 2024 წლის 24 ივნისის დასკვნების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მის გავლენას ევროკავშირის დახმარებაზე, გაცნობებთ, რომ პროექტის „შემოქმედებითი კომპასი “ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიებისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამგვარად, საგრანტო კონკურსი შინაარსობრივი აღნუსხვის განსახორციელებლად არ გამოცხადდება“.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის.
„სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც... ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, - თქვა 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.
მაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით, 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ფორუმი