Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდება თბილისი შშმ პირებს


18 მარტს თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭო, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად შეიქმნა, ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება და, შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად, ქალაქის მაქსიმალურ ადაპტირებაზე იზრუნებს. საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც ქალაქის მერია, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 11 ორგანიზაციის წარმომადგენელს აერთიანებს.

გიორგი ახმეტელი წარმომადგენელია ორგანიზაციისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“. ის წლებია ეტლით მოსარგებლეა. თბილისი, ანუ ქალაქი, სადაც გიორგი ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, საერთოდ ვერ პასუხობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმ დოკუმენტის მოთხოვნებს, რომლის რატიფიკაციაც საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის 27 დეკემბერს მოახდინა. არაადაპტირებული შენობები თუ ტრანსპორტი მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთაც გიორგი ყოველდღიურად აწყდება სახლიდან გამოსვლის შემდეგ. 18 მარტს თბილისის მერიაში ის ქალაქის მერთან არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველ სხდომაზე მივიდა.

ერთი წლის წინ მიღებულ იქნა სპეციალური წესი საჯარო სივრცეების, შენობა-ნაგებობების ადაპტაციასთან დაკავშირებით. ასევე წელს ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ 2015 წლის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამა...
დავით ნარმანია

საბჭო გასული წლის ბოლოს შეიქმნა და მისი მიზანია შშმ პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ერთიანი საქალაქო პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. გიორგი წუხს, რომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ორ-სამ მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებულ ლიფტს, რომელიც ჯერ ექსპლუატაციაშიც არ შესულა. გიორგი ამბობს, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანა სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადავიდეს, რათა უფრო მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცეს საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალება. ახლად შექმნილი საბჭოს მიერ სწორედ ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას გიორგი ახმეტელი, რომელიც ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია დაიწყოს შესრულება პრემიერ-მინისტრის მიერ 2014 წლის 6 იანვარს გამოცემული 41-ე დადგენილებისა. დადგენილების მიხედვით, აღარ გაიცემა მშენებლობის ნებართვა იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული შშმ პირებისათვის.

„41-ე დადგენილების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში უნდა მოხდეს ახალი სოციალური პროგრამების დაგეგმვა. სამწუხაროდ, წელს ისევ დაიგეგმა საკურორტო მომსახურება, რომელიც ძველი პროგრამებიდან იყო კოპირებული და რომელიც კონვენციას საერთოდ არ ეხმიანება. ეს არის, უბრალოდ, შშმ პირების დროებითი დაკმაყოფილება“, - ამბობს გიორგი ახმეტელი.

საბჭოს, რომელიც 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელითა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 11 წარმომადგენლით დაკომპლექტდა, ქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა მან თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, საბჭო მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა დედაქალაქი გახდეს უფრო მეტად ადაპტირებული თითოეული შშმ პირისათვის.

„ერთი წლის წინ მიღებულ იქნა სპეციალური წესი საჯარო სივრცეების, შენობა-ნაგებობების ადაპტაციასთან დაკავშირებით. ასევე წელს ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ 2015 წლის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამა. ამ ფორმატში შევიკრიბეთ იმისათვის, რომ უფრო კოორდინირებულად ვიმუშაოთ, მოვისმინოთ ის საკითხები, რა საკითხებიც აქვთ საბჭოს წევრებს და შემდეგ უკვე უშუალოდ ჩემგან მივცეთ დავალებები საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს და რაიონების გამგებლებს“, - ამბობს დავით ნარმანია.

რაც შეეხება დავით ნარმანიას მიერ ნახსენებ პროგრამებს, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება: შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, სოციალურად დაუცველ, 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა და სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებობების მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა. მათი ბიუჯეტი კი, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, 2 მილიონი ლარი იქნება.

საბჭოს პირველი სხდომა
საბჭოს პირველი სხდომა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი თავად არის ეტლით მოსარგებლე. როგორც ის ამბობს, შშმ პირთა თემის მონაწილეობა გადაწყვეტილებებისა თუ რეკომენდაციების მიღების პროცესში - ეს საბჭოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტია.

„ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს თბილისის მერია შშმ პირთა მიმართ, იქნება მათი ინტერესების გათვალისწინებით და ჩართულობით. გარდა ამისა, ეს არის გაეროს შშმ პირთა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან კონვენციის 33-2 მუხლი გვავალდებულებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში შშმ პირთა თემის ინტერესი მაქსიმალურად და სრულფასოვნად იყოს უზრუნველყოფილი“, - ამბობს რატი იონათამიშვილი.

როგორც საბჭოს პირველ სხდომაზე გადაწყდა, ქალაქის მუნიციპალიტეტის დონეზე აღირიცხება საჯარო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე თეატრები, საკონცერტო და სპორტული დარბაზები. გარდა ამისა, ცვლილებები შევა შშმ პირებისთვის პარკირების ადგილების მოწყობის წესში. დღეისათვის არსებული ვითარებით, პარკირებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ავტომობილი საკუთარ მფლობელობაში ჰყავთ. ცვლილების შედეგად კი პარკირების ეს შეზღუდვა გაუქმდება. საბჭოს სხდომები, დებულების თანახმად, ორ თვეში ერთხელ გაიმართება.

XS
SM
MD
LG