2 ოქტომბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. „ვიმეგობროთ“, „არა დისკრიმინაციას“ - ასეთი იყო აქციის მთავარი გზავნილები. შშმ ბავშვების მშობლები წუხან იმის გამო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი შვილები არცთუ იშვიათად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება.
22 წლის სალომეს შავი ქურთუკი და შავი, მოტოციკლეტისტის ხელთათმანები აცვია, მაისურზე ცნობილი ბესტსელერის სათაური „Game of Thrones“ აწერია და წარბზე პირსინგი აქვს. ეტლში ზის. სალომე დედაენის ბაღში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მოვიდა. თვითონაც ბავშვი იყო, 10 წლის წინ მძიმე ტრავმის გამო ეტლში რომ აღმოჩნდა. ამ წლების მანძილზე კარგად გააცნობიერა, რას ნიშნავს სოლიდარობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სჭირდებათ:
„შშმ პირებს კარგა ხანი არ ჰქონდათ სახლიდან გამოსვლის საშუალება და ჩვენ საზოგადოებაში მაინც „ახალ ხილად“ ვართ მიჩნეულნი და, როგორც წესი, ადვილად ექცევი ყურადღების ცენტრში, მით უმეტეს, თუკი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა გაქვს. თუკი გარემოც შეგვიწყობს ხელს და თუკი უფრო მეტი და მეტი გამოვალთ გარეთ, მაშინ საზოგადოებაც შეეგუება ჩვენს არსებობას და მიხვდებიან, რომ, განსხვავებების მიუხედავად, მაინც ყველანი ერთნი ვართ“, - ამბობს სალომე.
პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს რას ნიშნავს განსხვავებული, მაგრამ თანასწორი და ამ თანასწორის პატივისცემა. სწორედ ეს არის აქციის მიზანიც...ხატია ეგუტია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სოლიდარობის აქცია დედაენის ბაღში სოციალური ქსელის საშუალებით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღში, აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის შესაძლო დისკრიმინაციისა და მასზე ძალადობის შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბავშვს დაზიანებები სახეზე მიყენებული აქვს მკვრივი ბლაგვი საგნის ან საგნების არაერთჯერადი მოქმედებით.
დედაენის ბაღში 50-მდე ადამიანი დღის 2 საათისთვის შეიკრიბა: „ვიმეგობროთ“, „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“ - ეს მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების მშობლებმა, ისე მათმა მხარდამჭერებმა. ხატია ეგუტია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორია. ის დედაენის ბაღში თავის 5 თვის შვილთან ერთად მოვიდა. მის შვილს არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობები:
„პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს რას ნიშნავს განსხვავებული, მაგრამ თანასწორი და ამ თანასწორის პატივისცემა. სწორედ ეს არის აქციის მიზანიც“.
„ჩვენს შვილებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, იყვნენ მათი თანასწორნი, მათთან ერთად ისხდნენ კლასებში და მათთან ერთად თამაშობდნენ“, ეს არის დედაენის ბაღში მისული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი. ამას მეუბნება მარიც. გვერდში უდგას 6 წლის დათა. ის აუტისტია. მარი დათას გამოცდილებაზე ჰყვება, რაც მას ბავშვებთან ურთიერთობამ მოუტანა:
მინდა იაროს ჩვეულებრივ ბაღში, ჩვეულებრივ სკოლაში. ყველა ადამიანი უნდა იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში. მე მინდა, რომ ჩემი შვილი იზრდებოდეს ისე, როგორც ყველა და ვინმემ არ უთხრას, შენ განსხვავებული ხარო...გიორგი ბაქრაძე
„ჩემს შვილს ვატყობ, რომ ყოველდღე რომ დადის ბაღში და ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, უფრო გაიხსნა, თამაშობს. ზუსტად ამიტომ დამყავს ის ბაღში და ამიტომ უნდათ ამ ბავშვებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რომ კონტაქტი დაამყარონ და როცა გაიზრდებიან, დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდეთ მაღალი, რომ თვითონ მიხედონ საკუთარ თავს“.
გიორგი ბაქრაძის 2 წლის შვილს დიაბეტი აქვს. დედაენის ბაღში 2 ოქტომბერს ის იმიტომ მივიდა, რომ უნდა მის შვილს, რომელიც სულ მალე საბავშვო ბაღში უნდა წაიყვანოს, მომავალში პრობლემები არ შეექმნას:
„მინდა იაროს ჩვეულებრივ ბაღში, ჩვეულებრივ სკოლაში. ყველა ადამიანი უნდა იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში. მე მინდა, რომ ჩემი შვილი იზრდებოდეს ისე, როგორც ყველა და ვინმემ არ უთხრას, შენ განსხვავებული ხარო“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
მადონა, ლუკას დედა, ასე მომიხსენიე სიუჟეტშიო, მითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ყველაზე დიდ წუხილს იმის გამო გამოთქვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ის გულისტკივილით ამბობს, რომ ხშირად მათი შვილების მიღება საზოგადოებას უჭირს ან, უფრო უარესი, უბრალოდ, არ სურს მათი მიღება:
„ის აგრესია, რომელიც მშობლებიდან მოდის, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობს მათი შვილების კლასში, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის, პირველ რიგში, მათ შვილებს, რადგან პიროვნებად რომ ჩამოყალიბდე, უნდა გქონდეს შეფასების, განცდის, თანაგრძნობის უნარი“, - მიაჩნია მადონას.
გურამ ჩხაიძე, წარმომადგენელი მოძრაობისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, უკვე 24 წელია ეტლით მოსარგებლეა. როგორც ის მეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული სტიგმა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ქრება, ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები უნდა დამალონ. მისი თქმით, ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით რეგიონებში.
„ზოგი ოჯახი მალავს თავის შვილს იმიტომ, რომ არ უნდათ ვინმემ გაიგოს, რომ მათი შვილი შეზღუდული შესაძლებლობისაა. არც დღის ცენტრში დაჰყავთ, სკოლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ახალ რელსებზე გადასვლა აუცილებელია და ნელ-ნელა სახელმწიფო და საზოგადოება ამას ეჩვევა, მაგრამ რთულია ეს გზა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა“, -ამბობს გურამ ჩხაიძე.