Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატყდა თუ არა სათამაშო?


ცემის მუხლით დაიწყო გამოძიება 4 წლის აუტიზმით დაავადებული ბავშვის საქმეზე. საბავშვო ბაღის, „სადუნის“ აღსაზრდელს, კერძო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახეზე ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები. ბავშვის მშობლები აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისგან მათ ბავშვის დაზიანების თაობაზე რამდენიმე ვერსია მოისმინეს. ისინი მომხდარში ბაღის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.

4 წლის გაბრიელს, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული, სახეზე სამი ნაკაწრი აქვს - ერთი ტუჩზე, ორიც საფეთქელთან. ეს დაზიანებები მან საბავშვო ბაღში 26 სექტემბერს მიიღო. გაბრიელის დედას, თამუნას, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვის დაზიანების შესახებ რამდენიმე ვერსია უამბო: „ერთი ვერსია იყო, რომ არ იცოდნენ, რა მოხდა. მეორე ვერსია იყო, რომ თვითდაზიანება მიიღო. მესამე ვერსია იყო, რომ ბავშვებმა იჩხუბეს. ნებისმიერ შემთხვევაში ვადანაშაულებ ბაღის ადმინისტრაციას და პედაგოგებს. მე იმიტომ მყავდა ბავშვი ბაღში და არა ქუჩაში, რომ ასეთი რამ არ დამართნოდა. ბავშვს აქვს სამი ჭრილობა. თუნდაც ბავშვთან მოსვლოდა კამათი, სად იყო იმ დროს პედაგოგი, ვისაც მე ვუხდი თანხას და, გარდა ამისა, ვაბარებ შვილს? შვილს, რომლისთვისაც ზედმეტი გაღიზიანებაც კი არ შეიძლება და მათ ამის შესახებ იმთავითვე იცოდნენ და როცა ვკითხე, შეძლებდნენ თუ არა მისი უსაფრთხოების დაცვას, მითხრეს, რომ ისინი კომპეტენტურნი იყვნენ ამ საქმეში“, - ამბობს თამუნა.

აუტიზმის მქონე პირებს - არა ყოველთვის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში - შესაძლებელია ახასიათებდეთ თვითდამაზიანებელი ქცევა, მაგრამ, როგორც წესი, ამის შესახებ მათმა პირადმა ფსიქოლოგებმა იციან. ძალიან გამოკვეთილი ხასიათი აქვს ხოლმე თვითდამაზიანებელ ქცევებს...
გვანცა ჩვამანია

მისივე თქმით, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელი სახლში დახეული მაისურით დაბრუნდა. თამუნა ამბობს, რომ 2 სექტემბრიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც გაბრიელი ბაღში პირველად მივიდა, ის არაერთხელ გახდა პედაგოგის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი: „ზეგავლენას ახდენდა მშობლებზე. თითით მიუთითებდა და ამბობდა, რომ ბავშვი ავადმყოფი იყო. ეს კიდევ ცალკე დანაშაულია“.

გაბრიელის ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია, რომელიც ბავშვთან რამდენიმე თვეა მუშაობს, გამორიცხავს, რომ გაბრიელს თვითდაზიანება მიეყენებინა. ფსიქოლოგმა ბავშვის დაზიანებები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ბაღში გაბრიელთან სამუშაოდ მივიდა: „კი, აუტიზმის მქონე პირებს - არა ყოველთვის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში - შესაძლებელია ახასიათებდეთ თვითდამაზიანებელი ქცევა, მაგრამ, როგორც წესი, ამის შესახებ მათმა პირადმა ფსიქოლოგებმა იციან. ძალიან გამოკვეთილი ხასიათი აქვს ხოლმე თვითდამაზიანებელ ქცევებს. შეიძლება ეს იყოს იატაკზე გაწოლა, თავის იატაკზე დარტყმა, საკუთარ სხეულზე კბენა. გაბრიელს მსგავსი, მით უმეტეს, სახის მოკაწვრითი თვითდამაზიანებელი ქცევა ჩემთან მუშაობის პერიოდში, მაისიდან მოყოლებული, არ გამოუვლენია“, - ამბობს გვანცა ჩვამანია.

ჩვენ ამ ეტაპზე არაფერს არ ვამტკიცებთ. ეს გამოძიების პრეროგატივაა და იმედია, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მაგრამ, ცხადია, კითხვის ნიშნები ჩნდება...
ანა აბაშიძე

მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელის მშობლებმა სამართალდამცავ ორგანოებს იმავე დღეს მიმართეს და ინციდენტის გამოძიება სთხოვეს, როგორც თამუნა ამბობს, საპატრულო ეკიპაჟმა ბავშვის გარეგანი დათვალიერების შემდეგ არ ჩათვალა საჭიროდ გამოძიების დაწყება და მათი სახლი დატოვა. ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გაბრიელს მარჯვენა საფეთქელზე ორი სისხლნაჟღენთი დაზიანება და მარცხენა ლოყასა და ზედა ტუჩზე თითო ნაჭდევი აღენიშნება. როგორც დასკვნაშია მითითებული, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ან საგნების არაერთჯერადი მოქმედებით. სამართალდამცავები 4 წლის გაბრიელის საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 28 სექტემბრის საღამოს ანა აბაშიძემ, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ დირექტორმა, გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის უმოქმედობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 29 სექტემბრის დილას გაბრიელს, გამოძიების საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის პასუხებიც 30 დღეში გახდება ცნობილი. ანა აბაშიძე ამბობს, რომ გაბრიელის ამბავი მხოლოდ ერთი კონკრეტული ბავშვის ამბავი არ არის და ეს არის ილუსტრაცია იმისა, თუ რა პასუხს სცემს საზოგადოება ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ანას თქმით, ბაღის ადმინისტრაცია ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გაბრიელს დაზიანება სხვა ბავშვმა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს: „ჩვენ ამ ეტაპზე არაფერს არ ვამტკიცებთ. ეს გამოძიების პრეროგატივაა და იმედია, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მაგრამ, ცხადია, კითხვის ნიშნები ჩნდება, პირველ რიგში, დაზიანების რამდენიმე ვერსიის წარმოშობის გამო და, მეორე, ის, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას დღესაც ჰგონია, რომ პასუხისმგებლობა უნდა მოიშოროს იმის გამო, რომ ბავშვმა, სხვა არასრულწლოვანმა, ფიზიკურად იძალადა მეორე ბავშვზე. ესეც არასწორია. ამგვარი ქმედებით ხდება მეორე ბავშვის ტრავმატიზირება“, - ამბობს ანა აბაშიძე.

კერძო საბავშვო ბაღის, „სადუნის“, პედაგოგი და გაბრიელის აღმზრდელი ციური გელაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პ. ს“-თან საუბრისას ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ მიიღო გაბრიელმა დაზიანება: „როდესაც თამაშობდნენ, კამათი მოუვიდათ სათამაშო ფონენდოსკოპის გამო, გაუტყდათ და ჩამოიკაწრა“.

როდესაც ბავშვი მომზადებულია, ბაღიც ჩართულია პროცესში, ბავშვი სკოლაში მომზადებული მიდის. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა კომპონენტი ჩავიდეს ბაღის საფეხურზე...
ეკა დგებუაძე

4 წლის გაბრიელის საქმით დაინტერესდა არაერთი უწყება, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო და სახალხო დამცველის ოფისი. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულებები ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და მათი კომპეტენციის სფეროს არ წარმოადგენს, ეკა დგებუაძე, სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა სკოლამდელი აღზრდის კანონზე, სადაც ერთ-ერთი თავი სწორედ ინკლუზიურ განათლებასა და ამ პროცესში ჩართული პედაგოგების კომპეტენციას ეხება. ეკა დგებუაძე გამოთქვამს წუხილს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დისკრიმინაციის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში ხშირია: „ჩვენი სამმართველო გახდა გარჩევის მოედანი და ვუხსნით მშობლებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციას, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ასეთი საქციელი არ შეიძლება და ა.შ.. სად არის შეფერხებული ინკლუზიური განათლების ხარისხი? როდესაც არ ხდება ბავშვების ადრეულ ასაკში სწორი განვითარება, იმ უნარების განვითარება, რა უნარებშიც მას ეს განვითარება ესაჭიროება. როდესაც ბავშვი მომზადებულია, ბაღიც ჩართულია პროცესში, ბავშვი სკოლაში მომზადებული მიდის. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა კომპონენტი ჩავიდეს ბაღის საფეხურზე“, - ამბობს ეკა დგებუაძე.

28 სექტემბერს „სადუნის“ დირექციამ თავისი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაცია შეძრწუნებულია იმის გამო, რომ ვრცელდება ცალსახა, გადაუმოწმებელი ინფორმაცია მათი აღსაზრდელის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ: „აქ აღზრდის პროცესი სიყვარულს ეფუძნება და ქმნის ოჯახურ გარემოს. მოსწავლე მაქსიმალურად დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. გთხოვთ, იყოთ უფრო გულისხმიერნი მსგავსი ინფორმაციის გაშუქებისას“.

XS
SM
MD
LG