Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ანგარიში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე


17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში განიხილეს. მდგომარეობა ციხეებში პატიმართა ჯანდაცვისა თუ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, უსახლკაროთა მდგომარეობა ქვეყანაში, დევნილთა პრობლემები, ბავშვთა სიღარიბე და სიკვდილიანობა, უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა, ქალთა უფლებები - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია სახალხო დამცველის 633-გვერდიანი ანგარიშისა, რომლის მთავარი აქცენტები ხელისუფლებასა და ოპოზიციას უჩა ნანუაშვილმა გააცნო.

უჩა ნანუაშვილს ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ 2013 წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოეხილა და ხელისუფლებისათვის უმთავრესი რეკომენდაციებით მიემართა. მისი თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არაერთი მიმართულებით განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, რიგ სფეროებში კვლავაც რჩება გადაუჭრელი პრობლემები. სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც სწორედ ამ სფეროებში ვითარების გამოსწორებისკენ იყო მიმართული:

„ავიღოთ, მაგალითად, სიცოცხლის უფლება. ამ მხრივ ჩვენი რეკომენდაცია მთავარი პროკურორის მიმართ შემდეგია: სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს მამუკა მიქაუტაძის საქმე და სიცოცხლის მოსპობის სხვა რამდენიმე შემთხვევა. გამოიძიოს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა საქმეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქე მაგომედ მაგომედოვის გაუჩინარების ფაქტი. მოვითხოვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების გამჭვირვალობას, რადგან დღემდე შეუსაბამოდ მწირია ხელისუფლების მიერ საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია ამ საქმეების გამოძიების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების სისტემური გამოძიების მიზნით“.

გასულ წელს მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის აქტიურად გამოვლენის პრობლემამ, რასაც მთელ რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მოჰყოლია ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება...
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა მანდატის გაზრდაც მოითხოვა, რათა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭოთ დაზიანების კვალის ფოტოგადაღების უფლება. ნანუაშვილი შეეხო ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებსაც:

„გასულ წელს მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის აქტიურად გამოვლენის პრობლემამ, რასაც მთელ რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მოჰყოლია ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ აქაც მოვითხოვთ, რომ შსს-მ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული პრობლემები და ამ მხრივ უნდა გამოვყოთ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქციის დარბევა პარალელური აქციის მონაწილეთა მიერ“.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანგარიშში გამოუძიებელი საქმეების ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. მათ შორისაა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საკნიდან გაყვანის საკითხის გამოძიებაც, რომელზეც, ომბუდსმენის განცხადებით, ჯერჯერობით სრულყოფილი პასუხები არ არსებობს. ომბუდსმენის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. „ტრაქტორების საქმის“, ასევე მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომლის დაკავების საქმის ხელახალი გამოძიება.

"უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის უფლებამოსილება დახურულ დაწესებულებებში უფლებების დარღვევის დაფიქსირების შესაძლებლობის კუთხით. ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოძიებასაც ვითხოვთ, არის ის, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საკნიდან გაყვანას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება არ ჩატარებულა. ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულზე ჩატარდეს გამოძიება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უპრეცედენტო რეფორმები განხორციელდა ჩვენს სფეროში, რაც, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სტანდარტებს ნამდვილად გვაახლოებს, თუმცა არც ჩვენ უარვყოფთ, რომ გამოწვევები რჩება...
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი ასევე დეტალურად შეეხო სხვა სფეროებში არსებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს. მოითხოვა ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნა, ოჯახში ძალადობის პრევენცია, შშმ პირთა საჭიროებების მეტად გათვალისწინება, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება, არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან და ა. შ. რეკომენდაციების ნუსხა საკმაოდ ვრცელია.

უჩა ნანუაშვილს კომიტეტის სხდომაზე მინისტრები და მათი მოადგილეები პასუხობდნენ. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, მაგალითად, ომბუდსმენის რეკომენდაციების ნაწილი ციხეებში პირობების თვალსაზრისით უკვე გათვალისწინებულია, პრობლემების ნაწილი კი ეტაპობრივად მოგვარდება. მისივე განცხადებით, პატიმართა მიმართ დღეს სისტემაში რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არსებობს:

„უპრეცედენტო რეფორმები განხორციელდა ჩვენს სფეროში, რაც, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სტანდარტებს ნამდვილად გვაახლოებს, თუმცა არც ჩვენ უარვყოფთ, რომ გამოწვევები რჩება და სულ იქნება. მთავარია, რომ პოლიტიკა არის სწორი და მიმართულია თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე“.

ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, ხომ არ არის ის გარკვეულწილად შეზღუდული საკუთარი შეფასებების დაფიქსირებისას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკურ მოტივაციას...
ჩიორა თაქთაქიშვილი

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემაც ომბუდსმენის შენიშვნების საპასუხოდ სამინისტროს ბოლო წლის საქმიანობა მიმოიხილა და შენიშნა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი მათაც შეასრულეს: „მაგალითად, მიღებულია ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც დევნილთათვის სამართლიანად ვანაწილებთ ბინებს. დევნილთა შემოსავლის საკითხებზეც ჩვენთან ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია რეკომენდაცია ეკომიგრანტთა დეფინიციისა და კანონპროექტის შექმნის თაობაზე“.‘

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პასუხები დანიის ან შვეიცარიის მთავრობის პირველი პირების პასუხებს წააგავდა - თითქოს მათ სფეროებში ყველაფერი იდეალურად იყოს, - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკმაყოფილება იმის გამოც გამოთქვა, რომ კომიტეტის წევრებს თავიდანვე არ მიეცათ კითხვების დასმის უფლება. ზოგადად ომბუდსმენის ანგარიშის შესახებ კი ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მისი საკმაოდ კრიტიკული შინაარსის და მასში მოყვანილი ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტისა, ომბუდსმენი მაინც ერიდება მწვავე შეფასებების გაკეთებას:

„ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, ხომ არ არის ის გარკვეულწილად შეზღუდული საკუთარი შეფასებების დაფიქსირებისას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკურ მოტივაციას. ის დეტალურად აღწერს დარღვევებს, მაგალითად, იგივე ვანო მერაბიშვილის საქმეში, მაგრამ არ აფასებს მას“.

ჩიორა თაქთაქიშვილს ასევე დააკლდა რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომლებიც, მისი თქმით, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა, მათ შორის - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქურდული ავტორიტეტების გავლენის საკითხი, ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის პრობლემა და 8 თებერვლის ცნობილი თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG