Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები და მოწოდებები არჩევნების წინა დღეს


26 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საპრეზიდენტო კანდიდატები უცხოელ მეთვალყურეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ; მესამე სექტორი წინასაარჩევნო გარემოსა და მედიის დამოუკიდებლობას აფასებდა, ხოლო შს სამინისტრო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით, უსაფრთხო და მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებელ ღონისძიებებს გეგმავდა. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ”ლაკმუსის ტესტად” წოდებული არჩევნების ხარისხიანად ჩატარებას?

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, 27 ოქტომბერს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე პოლიცია კანონის შესაბამის ”მყისიერ რეაგირებას” მოახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს არჩევნებზე მშვიდი გარემოს უზრუნველყოფას ჰპირდება და 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმები ”ყველა რეგიონალურ დანაყოფშია” შემუშავებული. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან მათ სიახლოვეს, თუმცა ისინი სწრაფი რეაგირებისთვის იქნებიან მზად. ამ პროცესის ხელშესაწყობად, არჩევნების დღეს იმუშავებს შს სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო შტაბი, რომლის პრინციპზეც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ცესკოს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი ლაპარაკობს:

”ეს შტაბი შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ, თუ რამე მოხდება, რაც ჩვენს უფლებამოსილებაში არ შევა და აუცილებელი გახდება წესრიგის დამყარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაერევიან სამართლებრივი სტრუქტურები. დანარჩენ შემთხვევებში პოლიცია არ უნდა იყოს უბანთან, ამომრჩეველს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ იქვე პოლიცია პერიმეტრზე რაღაცას აკონტროლებს”.

პრესსპიკერის განცხადებით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც სრულიად მზადაა, რომ საქართველოში, ყველა ოლქსა თუ უბანში, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს - სწორედ ისე, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე საქართველოსგან. მაგალითად, ამ არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად განიხილავს ევროპარლამენტი 23 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შეფასებას ისახავს მიზნად. ვილნიუსის სამიტზე საქართველო ამ შეთანხმების პარაფირებას ელოდება, ხოლო ხელმოწერა, ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს 25 ოქტომბრის განცხადების თანახმად, ერთი წლის შემდეგ - საშემოდგომოდ - არის მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის არჩევნები ამ რეზოლუციაში მოხსენიებულია ”ლაკმუსის ტესტად” საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის.

მთელი რიგი მიმართულებებით ცალსახად პოზიტიური გაუმჯობესებაა. ეს იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, საარჩევნო კამპანიის დროს ხელშეშლის შედარებით ნაკლები ფაქტების არსებობის თვალსაზრისით, მედიაგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამომრჩეველთა მოსყიდვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება სახეზეა და, რაც მთავარია, ამომრჩეველს ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება...
კახა კოჟორიძე
წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები საარჩევნო პროცესის უცხოელმა მეთვალყურეებმა, NDI-სა თუ IRI-ის წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს თავად პრეზიდენტობის კანდიდატებისგან მოისმინეს. შეიძლება ითქვას, რომ, ”ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, წინასაარჩევნო გარემო არც ერთ მათგანს არ აკმაყოფილებს და მათ მიერ ხაზგასმულ დარღვევებს შორის არის, მაგალითად: არაკონკურენტული გარემო, ამომრჩეველთა მოსყიდვა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა თუ შევიწროება.

თუმცა წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს არასამთავრობო სექტორი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ”სამართლიან არჩევნებსა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” ერთად, 26 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელ რიგ მიმართულებებზე იყო ლაპარაკი. ამ მიმართულებებს რადიო თავისუფლებასთან საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ჩამოთვლის:

”მთელი რიგი მიმართულებებით ცალსახად პოზიტიური გაუმჯობესებაა. ეს იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, საარჩევნო კამპანიის დროს ხელშეშლის შედარებით ნაკლები ფაქტების არსებობის თვალსაზრისით, მედიაგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამომრჩეველთა მოსყიდვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება სახეზეა და, რაც მთავარია, ამომრჩეველს ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება - აღარ ექნება შიში, რომ თუკი ოპოზიციურ კანდიდატს შემოხაზავს, მას გაათავისუფლებენ სამსახურიდან ან პატიმრობაში გაატარებს რაღაც დღეებს და ასე შემდეგ. შიში აღარ არის”.

ბუნებრივია, იყო დარღვევებიც და ეს სხვადასხვა დროს აისახა კიდეც არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშებში. თუმცა ერთადერთი დარღვევა, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, კახა კოჟორიძის აზრით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის კანდიდატებად რეგისტრაციაზე უარის თქმა იყო. და ეს არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს ვინმე უცილობელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, არამედ რომელიმე მათგანს შესაძლოა მიეღო ხმების ისეთი რაოდენობა, რაც, საბოლოო ანგარიშით, უფრო რეალურს გახდიდა მეორე ტურის დანიშვნას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG