Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რჩევა ოპოზიციურ პარტიებს


ლაშა ოთხმეზურის ბლოგი
ლაშა ოთხმეზურის ბლოგი

თითქმის ორი თვე გავიდა 28 ნოემბრის შემდეგ. და რა განცდა რჩება კაცს თქვენი შემყურე? ჯეიმს კამერონის ფილმი „ტიტანიკი“ ნანახი გაქვთ? აი, თქვენ გემ „ტიტანიკის“ ორკესტრის მუსიკოსებს მაგონებთ: გემი იძირება, თქვენ კი ერთმანეთში ჩხუბობთ, რომელი პარტიტურა შეასრულოთ ან რომელი იყოს თქვენ შორის პირველი ვიოლინო!

ვაჭარბებ? არ მგონია: ტიტანიკის ორკესტრის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო თქვენ შორის კინკლაობა საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა-ართქმაზე.

იმის მაგივრად, რომ ტელევიზიის ერთი არხიდან მეორეში იაროთ - და იქ იმსჯელოთ, როგორ პანიკაშია თვითმარქვია მეფე - უკეთესი იქნებოდა, ლეხ ვალენსას მოგონებები გადაგეკითხათ. ამ 600-გვერდიან წიგნში ოცდაათამდე თავია და თუ მთელი წიგნის გადაკითხვის დრო არ გაქვთ, ერთი თავი მაინც წაიკითხეთ, რომლის სათაურია „გაფიცვა“. ამ თავში ლეხ ვალენსა საუბრობს ქვეყნის ნევრალგიური ცენტრების პარალიზების მნიშვნელობაზე დიქტატურასთან ბრძოლაში. იქნებ ამ წიგნმა გაფიქრებინოთ, რომ კარგი იქნებოდა ისეთი საქმის გაკეთება, რომელიც თვითმარქვია მეფეს დიდ უხერხულობას შეუქმნიდა... სულ დასავლეთის ან სამოქალაქო საზოგადოების იმედზე რომ ხართ, არ გიდნათ ერთხელ თქვენც სცადოთ აგურის აგურზე დადება?

ვაჭარბებ? ძალზედ სუბიექტური ვარ? შეიძლება, თუმცა არ დაგავიწყდეთ რა ცოტა ადამიანი გამოვიდა 27 ოქტომბერს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. არ გახსოვთ? მაშინ შეგახსენებთ "ტვ პირველის" წამყვან დიანა ტრაპაიძის 29 ნოემბრის კითხვას, რომლითაც ის თქვენ მოგმართავდათ: "არჩევნების შემდეგ არსებობდა ძალიან სერიოზული მიზეზი საპროტესტო ტალღისა, რომელზეც საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა ხალხის ნებას, რომ არის მიტაცებული და ა.შ., და ჩვენ ვხედავდით ძალიან მცირერიცხოვან, გავუსწოროთ თვალი რეალობას, მე მგონი არც მე მიჭირს ეს და არც თქვენ [ვაღიაროთ, რომ] საკმაოდ მცირერიცხოვან აქციებს [ჰქონდა ადგილი] და [ეს მიუხედავად] თხოვნისა, ლიდერების მხრიდან „არიქა გამოდით“. და გუშინ ჩვენ ვნახეთ, მეც იქ ვიყავი რაღაც მომენტში, ხალხი კი არ მოდიოდა აქციაზე, არამედ მორბოდა აქციაზე... ამ ტიპის თვითდინებამ გამახსენა წლევანდელი გაზაფხულის, მარტის აქციები. ეს რას აჩვენებს? რა დაგვანახა ამ პროცესმა?"

საინტერესო კითხვაა არა „ეს რას აჩვენებს? რა დაგვანახა ამ პროცესმა?“ რატომ გამოვიდა 27 ოქტომბერს მცირეოდენი ადამიანი და რატომ მორბოდა უთვალავი ერთი დღის შემდეგ? სხვათა შორის, ამ გამოსვლა-არგამოსვლის მიზეზებზე ბევრი წერდა ჯერ კიდევ გაზაფხულზე. ალბათ არ გემახსოვრებათ, ამიტომ გავიმეორებ: 1. არჩევნებამდე თქვენ ვერ ლაპარაკობდით მომავალზე. თქვენ მაგივრად მომავალზე მხოლოდ ევროპა ლაპარაკობდა და ვინაიდან თქვენ ხვალინდელ დღეზე საუბარი არ ძალგიძთ, არც სხვა იყო ან არის თქვენს იმედად. და თუ თქვენ 26 ოქტომბერს ხმა მოგცათ ხალხმა, დიდწილად იმ მიზეზით, რომ თქვენ იქნებოდით ინსტრუმენტი ევროპის ხელში. იმ ევროპისა, რომელიც საქართველოს მომავალში გაუძღვებოდა. და ამიტომაც მასიური გამოსვლის მიზეზი გახდა არა 26 ოქტომბერს ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი ოფიციალური შედეგები, არამედ 28 ოქტომბრის კობახიძის განცხადება ევროპული სარკმლის დალუქვაზე. 2. ბევრი ასევე ეჭვობდა, რომ თქვენ ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას რომან „ლეოპარდის“ პერსონაჟ ტანკრედ ფალკონერის „ჯადოსნური“ ფორმულის მიხედვით მოქმედებთ. გახსოვთ ალბათ ოპორტუნისტ ფალკონერის ეს ფორმულა: „თუ გვინდა ყველაფერი ისე დარჩეს როგორც დღეს არის, ყველაფერი უნდა შეიცვალოს“. ეს იყო სამოქმედო გეგმა არისტოკრატ ფალკონერისა, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლების იტალიაში უერთდება რესპუბლიკულ ძალებს, რათა უკეთ დაიცვას არისტოკრატიული კლასის ანტირესპუბლიკური პრივილეგიები.

„თუ გვინდა ყველაფერი უცვლელი დარჩეს, ყველაფერი უნდა შეიცვალოს“, ეს არის ასევე ის „ჯადოსნური“ ფორმულა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პოლიტიკური ძალები მოქმედებენ ბოლო 35 წლის განმავლობაში და ხარაზიშვილ-მურუსიძის ტანდემი ამის ერთ-ერთი სიმბოლოა დღეს. ასე რომ, თუ ბევრია დარწმუნებულია, რომ არც თქვენ გსურთ დიდად საქართველოს ამ მოჯადოებული წრიდან გამოყვანა, ნუ გიკვირთ. თქვენ დღეს (ისევე, როგორც 1990-იანების თუ 2000-იანების ოპოზიციები), რობერტო როსელინის ენით გვესაუბრებით და გვარწმუნებთ - მერამდენედ უკვე! - რომ ეს „ნულოვანი წელია“. გერმანია, წელი ნულოვანი, გახსოვთ ალბათ ფილმი, რომელიც რობერტო როსელინიმ მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაპარტახებულ ბერლინში გადაიღო. როგორც დღეს, 1945 წელსაც ბევრს სჯეროდა, რომ იყო მომენტი ახლის შესაქმნელად, ახლისა, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ძველთან. Never Again, წარწერა, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები დააწერენ ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის კარიბჭეს 1945 წელს, ზუსტად გამოხატავდა იმ გრძნობას, რომელსაც ბევრი ქართველი ახალგაზრდა იზიარებს დღეს, როცა სტიკერებს აკრავს სასამართლოსა თუ პარლამენტის კედლებზე. ოთხმოცი წლის წინ, ევროპელისთვის Never Again ნიშნავდა, რომ ფერფლისგან შეიძლება ახალი და უკეთესი სამყაროს შექმნა. თუმცა, Never Again-ის ნაცვლად ბონში, მიუნხენში თუ ვენაში, Again და Again გამეორდა. დიახ გამეორდა, რადგან ამ ქალაქებში ნაცისტ ჯალათებს „ყოფილი“ ნაცისტი მოსამართლეები გაასამართლებენ. აი, დაახლოებით ისე, ხვალ რომ მურუსიძემ ხარაზიშვილი გაასამართლოს...

Never Again, ირწმუნებით დღეს თქვენ და ფიცს დებთ, რომ ტანკრედ ფალკონერი არ ხართ. შეიძლება ზოგიერთს თქვენი ფიცის სჯერა კიდეც, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ბევრს ბოლო აკვირვებს... „ბოლო“ სიჩუმისა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის ან სუს-ის ძირეულ რეფორმირებას.

ლეხ ვალენსას ავტობიოგრაფიული ნაწარმოები ვახსენე... წიგნში კიდევ ერთი აბზაცია, რომელიც თქვენთვის საინტერესო უნდა იყო: „იმ ასაკიდან, როცა ჭადრაკის და განსაკუთრებით შაშის თამაში ვისწავლე, ჩვევა გამიჩნდა, მეტოქის ფიგურებისთვის მეტი ყურადღება მიმექცია, ვიდრე საკუთრისთვის. სვლებს ისე ვაკეთებდი, რომ თვალს არ ვაშორებდი მეტოქის ფიგურებს. ყოველთვის ვაყენებ საკუთარ თავს მეტოქის ადგილას, ვითვალისწინებ მის შესაძლებლობებს, ველოდები მის რეაქციებს, მის სავარაუდო პასუხებს“. ახლა შეეცადეთ, თქვენც თვითმარქვია მეფის მოსასხამი მოირგოთ და იფიქროთ, რისი უფრო ეშინია ან რისი იმედი უფრო აქვს მას. იქნებ აღმოჩნდეს, რომ მარტო დასავლეთის სანქციების იმედად ყოფნა არ ღირს?

„ადამიანები ქმნიან ისტორიას, მაგრამ მათ არ იციან ისტორია, რომელსაც ისინი ქმნიან“... დაწერა კარლ მარქსმა 180 წლის წინ. კარლ მარქსს რომ თანამედროვე საქართველოსათვის თვალი შეევლო, ალბათ დაწერდა, რომ „საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ქმნის გაცნობიერებულად ისტორიას“. ასე რომ, ძვირფასო ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, თუ გსურთ მარქსმა აზრი შეიცვალოს, ლეხ ვალენსას წიგნის კითხვას შეუდექით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG