წერილი, რომელიც 24 იანვრით არის დათარიღებული, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.
„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად...
მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ.
საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ“, - წერს გუტერეში კობახიძეს.
ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა - ცესკოს მონაცემებით, ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციონერმა პარტიამ. ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. კითხვები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა. მათ შორის იყვნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთის პირველი პირები.
ახალი არჩევნების მოთხოვნით არ წყდება აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს.
პროევროპულ, მრავალრიცხოვან აქციებზე პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. თუმცა პოლიციამ მხოლოდ ბოლო ორ თვეში სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვები.
ფორუმი