Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-ჟაკ ჟაკობის „ოქროს თავთავი“ - ფრანგი ხაბაზი, რომელმაც ხორბლის ენა იცის


საქართველოში პური უყვართ, კერძებით მდიდარ ამ ქვეყანაში პურიც გემრიელია და ამ კარგ საქმეში თავის სიტყვას ამბობს ჟან-ჟაკ ჟაკობი. ჟან-ჟაკი საფრანგეთიდანაა, შემდეგ გერმანიაში იცხოვრა, ახლა თბილისშია, ვერაზე ამუშავებს ფურნეს. Au Blé d'or – „ოქროს თავთავი” ჰქვია მის კაფე-საფუნთუშეს.

ხუთ წელზე მეტი ხნის წინ, როცა კახეთში ჩავაკითხეთ (მაშინ იქ იყო ფურნე) და ილია სამურგანიდთან ერთად მოკლე ფილმი გადავიღეთ რუბრიკისთვის „შინ - უცხოეთში“, ერთი ამბავი გაიხსენა - როგორ წააკითხა უცნობს ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“ და როგორ მიიღო ეს წაკითხული საჩუქრად. ახლა ამბობს, ეს იგივეა, რაც ჩემი საქმიანობა, პური დედამიწის საჩუქარიაო.

ნელ-ნელა ჰყვება ჟან-ჟაკი ქართული ჯიშის ხორბლის დათესვაზე, მოყვანაზე, მათსავე ფურნეში მდებარე წისქვილით დაფქვასა და ცომის მოზელაზე, გამოცხობაზე და იმაზე, როგორ ემსგავსება მარცვლის გზა ადამიანის ცხოვრებას, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი პურის გამოცხობისთვის ხაბაზის ფიქრებს.

მთავარია საქმის ცოდნა, პურის ცხობის ცოდნა. და საქმე ისაა, რას ფიქრობ, როცა აცხობ, რა აზრს დებ მასშიო. მის მომხმარებლებს შორის არიან მგრძნობიარე ადამიანები და ეუბნებიან, შენს პურს სხვანაირი ძალა აქვსო.

ჟან-ჟაკს დილაობით, როცა უკვე ღამით აფუებული ცომი ღუმელში უნდა შევიდეს, როცა ქალაქში სიმშვიდეა, მუზა აკითხავს, უკარნახებს ხოლმე თავთავზე, მარცვალზე, პურზე სიტყვებს და იქმნება მისი ლექსები, ხან გერმანულად, ხან ფრანგულად. ასეთია „კარგი პურის პოეტიკა“ - La Poésie du Bon Pain, რომლის ფრაგმენტს ხაბაზი ფრანგულადვე მიკითხავს.

ჟან-ჟაკს „ოქროს თავთავში“ თონის პურიც გამოუცხვია, მაგრამ მის მომხმარებელს მისი ფურნის პური ურჩევნია.

ფრანგი ხაბაზი ფრანგული სტილის ბაგეტებსაც აცხობს ფრანგული რესტორნისთვის ვაკეში. ჟან-ჟაკი შოთა რუსთაველს იმოწმებს, როცა პურის, ხორბლის ეკონომიკაზე ლაპარაკობს და მიხსნის: „რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია“, ესაა ნამდვილი ეკონომიკაო. თავიდან გაქვს ერთი მარცვალი, მერე კი პური, თუ ადამიანი მარცვალს შეინახავს, არაფერს მოიტანს, მაგრამ თუ დათესავს, ბევრ მარცვალს მოიწევს და საბოლოოდ, პურსაც გამოაცხობსო.

პური ცხვება, ამოდის, გადაიფურჩქნება ხოლმე, სურნელს, სილამაზეს აფრქვევს. როცა მეპურე, ხაბაზი ამას აღწევს, მარცვლის გარდაქმნით ამ სტადიამდე მიჰყავს ხორბალი, ეს არის კულტურის ნაწილი, კულტურის პროცესი.

ჟან-ჟაკს ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის მიერ დასურათებული იოანეს სახარებიდან „ფეხთა ბანის” სცენის ამსახველი ნამუშევრის პატარა ასლი აქვს ღია ბარათის სახით და საცხობში უდევს. თავმდაბლობაზე, მოკრძალებულობაზე ლაპარაკობს ამ სცენის მიხედვით, თავთავზე ამბობს, რომ დამწიფდება, თავს დაბლა ხრისო. მიწის, ხორბლის, საქმის, პატივისცემა მაკეთებინებს ამას, მშვიდობის პურს ვაცხობ, რომელიც ხალხს მოსწონს და თუ კარგად ხარ, შინაგანი მშვიდობაც გაქვსო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG