Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ეგზიტ პოლების თანხლებით


27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეგზიტ პოლებს საქართველოში მედიასაშუალებების მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია ჩაატარებს. მაგალითად, ”რუსთავი 2”-სთვის გერმანიაში დაფუძნებული ”ჯი-ეფ-ქეი” (GFK) იმუშავებს, ხოლო ტელეკომპანია ”იმედისთვის” სამუშაოებს საქართველოში დაფუძნებული კომპანია ”ეი-სი-ტი” (ACT) შეასრულებს. რა მიზნებს ემსახურება, რა როლს თამაშობს ეგზიტ პოლები და რა გამოწვევების წინაშე დგანან დაქირავებული კომპანიები?

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ავტორიტეტული კომპანია ”ჯი-ეფ-ქეი”, რომელიც მოახლოებულ არჩევნებზე ”რუსთავი 2”-ის დაკვეთას შეასრულებს, ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობდა და მის მიერ გამოცხადებული შედეგები, საბოლოო ანგარიშით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს ოფიციალური მონაცემებისგან.

”რუსთავი 2”-ის მოლოდინი მაღალია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ”ჯი-ეფ-ქეი”, საქართველოს მასშტაბით, 100 საარჩევნო უბანზე 7 ათასამდე ამომრჩეველს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. საველე სამუშაოებს შეასრულებს ქართული საკონსულტაციო კომპანია - BCG Research, რომელიც 2003 წლიდან მუშაობს და მარკეტინგულ და სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს. მედია ყურადღებას ამახვილებს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ალბათობაზე, რადგანაც საველე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია (BCG Research) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელისა და ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილის სახელს უკავშირდება. თუმცა, როგორც BCG-ის კვლევების მენეჯერმა ხათუნა ხარჩილავამ უთხრა Media.Ge-ს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოკითხვის გარდა, კომპანიის თანამშრომლებს მათ სხვა პასუხისმგებლობა არ აკისრიათ - მეთოდოლოგიასა და მონაცემების ანალიზს თვით GFK უზრუნველყოფს.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სანდოობა ამ კომპანიისა და შედეგების მაქსიმალური მიახლოება რეალობასთან. რამდენად გამოგვივა ეს ამბავი და რამდენად შეასრულებს ეს კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად, ამას ყველანი ერთად ვნახავთ არჩევნების დღეს...
ბაია ცანავა
რაც შეეხება ტელეკომპანია ”იმედს”, გულმოდგინე ძებნისა და ძიების შემდეგ მან საქართველოში დაფუძნებული კომპანია ”ეი-სი-ტი” შეარჩია. როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, წელს ამომრჩევლის გამოკითხვა ჩატარდება 120 უბანზე, საიდანაც 40 - თბილისზე, ხოლო 80 სხვადასხვა რეგიონზე მოდის. გამოიკითხება 18-დან 20 ათასამდე ადამიანი. ბაია ცანავას თქმით, ”იმედი” ცდილობს, რომ მაყურებელს არჩევნების საბოლოო შედეგების მაქსიმალურად ამსახველი ინფორმაცია მიაწოდოს:

”ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სანდოობა ამ კომპანიისა და შედეგების მაქსიმალური მიახლოება რეალობასთან. რამდენად გამოგვივა ეს ამბავი და რამდენად შეასრულებს ეს კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად, ამას ყველანი ერთად ვნახავთ არჩევნების დღეს. პირველ ეგზიტ პოლს ჩვენ გამოვაქვეყნებთ 20 საათზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მაგრამ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი - ეს იქნება 16 საათისთვის არსებული მონაცემები. საბოლოო შედეგებს ჩვენ 21 საათისთვის გამოვაქვეყნებთ”.

როგორც ”ეი-სი-ტის”აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომპანია ეგზიტ პოლებს წელს პირველად შეასრულებს დამოუკიდებლად. მანამდე - და, კერძოდ, 2008, 2010 და 2012 წლების არჩევნებზე - ის მხოლოდ საველე პარტნიორი იყო სახელგანთქმული ამერიკული კომპანია ”Edison Research”-ისა და სწორედ ეს კომპანია ადგენდა გამოკითხვის მეთოდოლოგიას და ცდომილების ალბათობასაც თავად განსაზღვრავდა. წელს პირველად, ”ეი-სი-ტი”, როგორც ”იმედის” უშუალო კონტრაქტორი, თავად არის პასუხისმგებელი მთელ პროცესზე და საბოლოო შედეგებზეც. თინათინ რუხაძის ინფორმაციით, ეგზიტ პოლის პროცესი მინი-სიმულაციაა არჩევნებისა, როდესაც საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა სპეციალურ ანკეტაში უნდა დააფიქსიროს იგივე არჩევანი, რაც მან რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო ბიულეტენში გააკეთა, ანუ ამ შემთხვევაში უნდა შემოხაზოს იგივე საპრეზიდენტო კანდიდატი. ”ეი-სი-ტის”აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ცდომილება მხოლოდ 3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც:

ახლა ტარდება ისეთი ტიპის არჩევნები, რომლის გაყალბებაზეც, ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა, მასობრივად არავინ საუბრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ის კომპანიები, რომლებიც ეგზიტ პოლების შედეგებს დადებენ, თუკი ეს რაღაცნაირად იქნება მანიპულაციის შედეგი...
სოსო გალუმაშვილი
”ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ, სავარაუდოდ, რესპონდენტთა გარკვეული ნაწილი არ არის გულწრფელი, იმ პირობებში, თუკი ”უარის” მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ იყო. ხოლო თუკი ”უარის” მაჩვენებელი ძალიან მაღალია (მაგალითად, 15% ან 20%), აქ შენი დაგეგმილი ცდომილება იზრდება რეალურად და რომ გაქვს გათვლა 3%-ზე, შესაძლოა იყოს 5%. მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ”უარების” მაღალ მაჩვენებელს და არც იმას ველოდებით, რომ ვინმეს შეეშინდება თავისი მოსაზრების დაფიქსირება და არ იქნება გულწრფელი. მაგრამ გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, რა თქმა უნდა”.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი თვლის, რომ ეგზიტ პოლების განმახორციელებელი კომპანიები წელს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან, რადგანაც, მთელი რიგი წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეჭვებისთვის ნაკლები ადგილია დარჩენილი:

”ახლა ტარდება ისეთი ტიპის არჩევნები, რომლის გაყალბებაზეც, ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა, მასობრივად არავინ საუბრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ის კომპანიები, რომლებიც ეგზიტ პოლების შედეგებს დადებენ, თუკი ეს რაღაცნაირად იქნება მანიპულაციის შედეგი, მაშინ ისინი, ფაქტობრივად, თავის მომავალზე საქართველოში იტყვიან უარს. ამიტომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ დახვეწილი მეთოდოლოგიით, აბსოლუტურად ზუსტად, მანიპულაციების გარეშე გადმოსცენ ამომრჩევლის განწყობები“.

სოსო გალუმაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომ ეგზიტ პოლების შემსრულებელ ერთ რომელიმე კომპანიას რამდენიმე მედიასაშუალება ერთად უფორმებს კონტრაქტს, რათა გაქარწყლდეს ეჭვები მეთოდოლოგიასა და პროცედურებთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომა მომგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც, რადგანაც ეგზიტ პოლების დაკვეთა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წინასწარი ინფორმაციით, ამას წელს ვეღარ ახერხებს ტელეკომპანია ”მაესტრო” და სათუოა ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG