24 იანვარს, ღამით, გადაცემაში „აქტუალური თემა“, ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახელმწიფო თავშესაფრებში არსებულ სიტუაციაზე და ამ დროს, დაასახელა რეგიონი და სხვა ისეთი დეტალები, რომლითაც შესაძლოა, მაყურებელი მიმხვდარიყო ოჯახში და ქალთა ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მისამართს.
არადა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მისამართების კონფიდენციალურობა არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტით, მათ შორის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითაა დაცული.
ამ კანონის მე-14 მუხლის მერვე პუნქტში წერია:
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
ინტერვიუს ბმული, რომელშიც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართის პირდაპირი მინიშნებები გაისმა, 25 იანვარს საკუთარ ფეისბუკის გვერდზეც გააზიარა ლევან იოსელიანმა.
მიუხედავად აქტივისტების და უფლებადამცველების მოწოდებებისა, სახალხო დამცველს ეს ბმული არ წაუშლია.
მასთან ინტერვიუ უფლებადამცველების, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნის შემდეგ, 25 იანვარს, გვიან ღამით, ციფრული პლატფორმიდან წაშალა თავად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ახლა სწორედ ამიტომ ვეღარ გახსნის მომხმარებელი ამ ვიდეობმულს ვერც ლევან იოსელიანის ფეისბუკის გვერდზე შესვლისას, თუმცა, თავად პოსტი, მინიშნებით This content isn't available right now (ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი) სახალხო დამცველის პირად გვერდზე კვლავ დევს.
ამ ჟესტით ლევან იოსელიანმა დაადასტურა, რომ არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. ერთი დღის შემდეგ კი მან „ხელოვნური აჟიოტაჟი“ უწოდა უფლებადამცველების განცხადებებს და თქვა:
„თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ციფრული პლატფორმებიდან წაშალა ლევან იოსელიანთან ინტერვიუ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ინტერვიუ და მისი საშუალებით გავრცელებული კონფიდენციალური მონაცემები სრულად გაქრა საინფორმაციო სივრციდან. გადაცემა „აქტუალური თემა“ კვლავ რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო ბადეში და მისი ნახვა და მოსმენა, ცხადია, ისევ შესაძლებელია.
რატომ არ უნდა გაეთქვა ლევან იოსელიანს თავშესაფრის მისამართი?
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სოციალურ ქსელში განგაში ატეხა, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და ადამიანის უფლებების ექსპერტი, ეკა სხილაძე იყო.
მიზეზი, რის გამოც ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მისამართები გასაიდუმლოებულია, მნიშვნელოვანი და კონკრეტულია - საქმე ეხება თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან ამ ტიპის დანაშაულების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ მოძალადისა თუ ტრეფიკინგის ორგანიზატორების მხრიდან დევნის, შურისძიების, მათი, როგორც მოწმეების „თავიდან მოცილების“ სამიზნეები.
„ის, რომ სახალხო დამცველი მის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს, გვაფიქრებინებს, რომ იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც მან ამ ადამიანებს უკვე მოუტანა, არ გაატარებს ყველა ღონისძიებას და ზომას.
მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის არ თვლის ამ საკითხს პრობლემად. მაშინ, გამოდის, რომ სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ არ ეთანხმება კანონით დაცულ დებულებებს, არღვევს კანონს და ამას აკეთებს გააზრებულად“, - ეუბნება ეკა სხილაძე რადიო თავისუფლებას.
ის ამბობს, რომ ლევან იოსელიანი არ არის პირველი სახალხო დამცველი, რომელიც თავშესაფრების ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობს, ეს პრობლემა გასულ წლებშიც ხვდებოდა სახალხო დამცველის ანგარიშებში, მაგრამ, მისი თქმით, ეს კეთდებოდა ყველა იმ წესისა და კონფიდენციალურობის დაცვით, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს.
მაგალითად, აი, როგორ არის აღწერილი თავშესაფრებში შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლის ანგარიშში:
„კვლავ პრობლემურია ბათუმის და ქუთაისის თავშესაფრების ადგილმდებარეობა. განსაკუთრებით, საგანგაშოა ბათუმის თავშესაფარი, სადაც მუდმივად არის ხალხმრავლობა, კონფლიქტები, რაც ბენეფიციარებში იწვევს დაუცველობისა და შიშის განცდას“, - ანგარიშის ავტორები მიუთითებენ მხოლოდ ზოგად ტენდენციებს და არ აკონკრეტებენ ისეთ დეტალებს, რაც გასაიდუმლოებული მისამართების გაგების შესაძლებლობას ქმნის.
რას ითხოვენ უფლებადამცველები?
უფლებადამცველები და დარგის სპეციალისტები ახლა მოითხოვენ, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ია, დაუყოვნებლივ დაიწყოს თავშესაფრის გადატანაზე ზრუნვა და სანამ ეს მოხდება, მაქსიმალურად გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები იმ თავშესაფარში, რომლის მისამართიც სახალხო დამცველმა, ფაქტობრივად, გათქვა.
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს რამდენიმე ფაქტს, როდესაც მოძალადეებმა შეიტყვეს თავშესაფრის მისამართები და ამით საფრთხე შეუქმნეს როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ისე სხვებსაც თავშესაფარში.
მან გაიხსენა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მაღალი რისკიდან გამომდინარე, მსხვერპლი სხვა რეგიონის თავშესაფარში გადაიყვანეს:
„მიუხედავად იმისა, რომ იმ რეგიონში, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, არსებობდა სახელმწიფო თავშესაფარი, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მაქსიმალურად გასაიდუმლოებულიყო მისი ადგილსამყოფელი, მივიღეთ გადაწყვეტილება და სულ სხვა რეგიონში გადავიყვანეთ ეს ადამიანი.
ბევრი არა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოძალადემ, არ ვიცით, რა გზით, მაგრამ გაიგო ინფორმაცია მსხვერპლის ადგილსამყოფელის შესახებ, მივარდა თავშესაფარში და საფრთხე შეუქმნა იქ მყოფთა სიმშვიდეს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ტიპის თავშესაფრებში, დედებთან ერთად ცხოვრობენ ბავშვებიც“.
გოგა ხატიაშვილის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ტრეფიკინგის მსხვერპლთა უსაფრთხოება და ამ მხრივ, კიდევ უფრო თვალშისაცემია სახალხო დამცველის მინიშნებები:
„ტრეფიკინგი, როგორც წესი, ტრანსნაციონალური დანაშაულია, ის საკმაოდ მძიმე გამოსავლენია, ხოლო ექსპლუატაციის ფორმები ძალიან მძიმე და მასშტაბურია. ტრეფიკინგის მსხვერპლს ხშირად უწევს წარმოუდგენელი წინაღობების გადალახვა, რომ ამ დანაშაულს ჯერ თავი დააღწიოს და შემდეგ უკვე დაემალოს მოძალადეს, რომელიც მას ვერ მისწვდება. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მისამართები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, იყოს გასაიდუმლოებული.
სახალხო დამცველის მხრიდან ეს იყო გაუაზრებელი საქციელი და არ იყო გაანალიზებული მოსალოდნელი შედეგები, რაც მის ნაკლებ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. კიდეც უფრო მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ტიპის ინფორმაცია მჟღავნდება სახალხო დამცველისგან, მთავარი უფლებადამცველისგან“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ნინო ლაპიაშვილი, თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც წარსულში შსს-ს ევროპული ინტეგრაციის განყოფილების უფროსი იყო და ტრეფიკინგის რეფორმის ჩატარებაში იყო ჩართული, სოციალურ ქსელში გრძელი პოსტით გამოეხმაურა ლევან იოსელიანის ინტერვიუს და ახსნა, რატომ შეიძლება იყოს საგანგაშო სახალხო დამცველის განცხადებები კონკრეტულად ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ:
„ტრეფიკინგთან დაკავშირებით შემთხვევითი შეცდომები თითქმის არ ხდება. მსოფლიოს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის კარტელია ჩართული და ნულოვანი ჯამის პრინციპით მოქმედებენ - ან მოწმეები უნდა დახოცონ, და ან იციან, რომ სამუდამოდ ჩავარდებიან. მილიარდებზეა საუბარი.
ახლა გაიაზრეთ, რა ჩაიდინა იოსელიანმა, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა გასაიდუმლოებული თავშესაფრის მისამართები ინტერვიუთი გასცა“, - დაწერა ნინო ლაპიაშვილმა.
რას ამბობს ზრუნვის სააგენტო?
უფლებადამცველები უკვე მესამე დღეა, საჯაროდ მიმართავენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თავშესაფარში მყოფთათვის სხვა ადგილის მოწყობა დაიწყონ, მანამდე კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრონ.
მესამე დღეა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დუმს - ის არც საერთო განცხადებას ავრცელებს და უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების ეს კითხვებიც:
- როგორ მიაჩნია სააგენტოს, შეიცავს თუ არა საფრთხეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, მათ შორის, ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, ლევან იოსელიანის 24 იანვრის განცხადება?
- თუკი სააგენტო თვლის, რომ სახალხო დამცველმა გაამჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ ბენეფიციარები?
- გეგმავს თუ არა ზრუნვის სააგენტო თავშესაფრის მისამართის ცვლილებას?
- რა დაუყოვნებლივი ზომები მიიღო ზრუნვის სააგენტომ ბენეფიციარების უსაფრთხოების დასაცავად?
- ჰქონდა თუ არა ზრუნვის სააგენტოს კომუნიკაცია სახალხო დამცველთან და განიხილეს თუ არა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ლევან იოსელიანის განცხადებამ?
2023 წლის მონაცემებით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებით სულ 247-მა ადამიანმა ისარგებლა. ექვსი თავშესაფრიდან, ყველაზე მეტი სერვისი გასცა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარმა (63), ხოლო ყველაზე ნაკლები - ბათუმის თავშესაფარმა (24). მსხვერპლთა უმრავლესობა ქალია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი საზოგადოების ერთი ნაწილის, მათ შორის, უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკის ქვეშ ექცევა.
სულ რამდენიმე დღის წინ, 15 იანვარს, ტვ პირველის ეთერში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მან ვერ დაინახა პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მიმართ „სისტემური წამება“.
მომდევნო დღეს, 16 იანვარს კი, მან პროპაგანდისტულ პოსტვ-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ გარკვეული ჯგუფები მისი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ და აბულინგებენ.
უფლებადამცველები იმაზეც აღშფოთდნენ, რომ იოსელიანმა ეს თქვა შალვა რამიშვილის ეთერში, მაშინ როდესაც სახალხო დამცველს ორ სხვადასხვა შემთხვევაზე აქვს დადგენილი რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი.
ლევან იოსელიანის ამ განცხადებების შემდეგ, 17 იანვარს, აქტივისტებმა სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია „რეჟიმის დამცველი“ გამართეს. მიიტანეს საარჩევნო დარღვევების აღწერითა და საჩივრებით სავსე სამი ყუთი და პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები.
ფორუმი