17 იანვარს ომბუდსმენის აპარატთან გამართულ აქციაზე ის პროევროპული აქციების მონაწილეთა შესახებ კომენტარის გამო გააკრიტიკეს - კერძოდ, ერთ-ერთ ტელეეთერში მან განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა“. სახალხო დამცველის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ იოსელიანმა თქვა, რომ „რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის“.
„სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუქარასაც, არაადამიანურ მოპყრობასაც - კონკრეტულ შემთხვევაში რომელს ჰქონდა ადგილი, გაარკვიოს... საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში ნამყოფია, ყველა თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ სისტემურ წამებაზე სახალხო დამცველი თვალს ხუჭავს და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას:
„სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ განხორციელებული ვიზიტების დროს ნანახი იქნა არაერთი პირი, გაკეთდა შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ შემდგომ საერთაშორისო გამოხმაურებების კვალდაკვალ შეიცვალა შეფასება. შემდეგ კვირას, როდესაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის რწმუნებების აღიარება უნდა გადაწყდეს ევროსაბჭოში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებში აქტიურად იხილება ქართული ოცნების მიერ ჩადენილი წამების საკითხები, სახალხო დამცველმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წამებას არ ჰქონია სისტემური ხასიათი.
აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას და არადამოუკიდებლობას“.
სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაკეთებული განცხადების გამოც ისმის. მან თქვა, რომ არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება.
28 ნოემბრიდან თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები დაიწყო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ამ განცხადების თანახმად, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პროტესტი გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე. ამ დრომდე არავინაა დასჯილი.
ფორუმი