ამიტომ უნდა გავერკვეთ, რა არის ეროვნული იდენტობა და რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს მისი დაკარგვის საფრთხე.
ეროვნული იდენტობის კულტურული და პოლიტიკური კომპონენტები
ყოველგვარი იდენტობა გულისხმობს გარკვეულ წარმოდგენას საკუთარ თავზე. ეროვნული იდენტობის შემთხვევაში „საკუთარი თავი“ არის კოლექტიური სუბიექტი - ერი.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის: შენი იდენტობა სხვამ უნდა აღიაროს. ის მხოლოდ სხვებთან მიმართებით არსებობს. ერისთვის „სხვები“ არიან სხვა ერები თუ ქვეყნები ან „საერთაშორისო თანამეგობრობა“. მათ საქართველო ცალკე ქვეყნად უნდა აღიარონ და მასზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ.
ეროვნული იდენტობის კონკრეტულ შინაარსს კულტურული და პოლიტიკური კომპონენტები აქვს. ადამიანები იბადებიან და იზრდებიან გარკვეულ კულტურებში, გარკვეულ ენაზე სწავლობენ ლაპარაკს, გარკვეული საზოგადოების ქცევის ნორმებს ითვისებენ, გარკვეულ კერძებს არიან შეჩვეული და ა.შ. ეროვნულ იდენტობაზე რომ ვლაპარაკობთ, შეიძლება პირველ რიგში ეს გაგვახსენდეს.
მაგრამ ეროვნული იდენტობა მხოლოდ კულტურის ნიშნებზე არ დაიყვანება. ის პოლიტიკური კატეგორიაა და ყალიბდება იმ იდეის გარშემო, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, ჩვენს ბედს თავად უნდა განვაგებდეთ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ამ უფლებას სხვებიც უნდა ცნობდნენ.
პოლიტიკური კომპონენტი გადამწყვეტია. ერების კულტურა არასოდესაა ერთგვაროვანი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ქელეხის გადახდის წესი სხვადასხვაა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირ ყველს ჭამენ. მეგრელები და სვანები ისეთ ენებზე ლაპარაკობენ, რომლებიც სხვა ქართველებს არ ესმით. ასეთი მრავალფეროვნება ყველა ერში არსებობს.
მაგრამ ის ერთიანი ეროვნული იდენტობის არსებობას ხელს არ უშლის, რადგან ქართული იდენტობა პირველ რიგში პოლიტიკური იდეაა. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ის საერთო ისტორიული წარსულის და მომავლის ხედვას ემყარება.
კულტურის ელემენტები იცვლება, იდენტობა კი რჩება
ერის კულტურა შედარებით სტაბილური სიდიდეა, მაგრამ მაინც მუდმივად იცვლება. ქართული ენა ჩვენი კულტურის სიმყარის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, თუმცა ენობრივი ფორმები ევოლუციას განიცდის. ძალიან დიდი ხნის წინ მივიღეთ უნივერსალისტური რელიგია, ქრისტიანობა, მაგრამ ამის გამო იდენტობა არ დაგვიკარგავს. ამერიკიდან სიმინდის და ლობიოს შემოსვლამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი სამზარეულო, მაგრამ ქართველობას არც ამით დაჰკლებია რამე. მას ვერც ჩოხის და ჩიხტიკოპის ევროპული ტანსაცმლით ჩანაცვლებამ ავნო.
ქართული კულტურა დღესაც იცვლის სახეს. საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ბოლო 50 წელიწადშიც მასში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ის იმდენადვე ქართულია, როგორც ადრე.
ეს ასეა, რადგან ქართველებს არ დაუკარგავთ ზოგადი წარმოდგენა, რომ სხვებისგან განსხვავებული ხალხია და ეს განსხვავებულობა პოლიტიკურად უნდა გამოიხატოს. შუა საუკუნეებში ამაში იგულისხმებოდა ქართული სამეფო დინასტიის და ავტოკეფალიური ეკლესიის შენარჩუნება; ახალ დროში ეროვნული იდენტობის დაცვის ფორმა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
შეიძლება თუ არა, ეროვნული იდენტობა დაიკარგოს? კი, ეს ხდება, როდესაც ერი პოლიტიკურ იდენტობას კარგავს, როდესაც მისი გამორჩეულობა პოლიტიკურ დონეზე არაა დაცული. ამ შემთხვევაში მისი კულტურა შეიძლება უფრო დიდი ხალხის კულტურებში გაითქვიფოს. ამის მაგალითი უამრავია.
ამიტომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე ზრუნვა პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და გაძლიერებაა.
ეროვნული იდენტობა ევროპული იდეაა
ბევრ თანამედროვე ერს უძველესი ისტორიული ძირები აქვს, მაგრამ ახალ დრომდე ისინი მაინც არამყარი იყო. მათ აკლდა უმნიშვნელოვანესი ელემენტი - სხვების მხრიდან აღიარება. მსოფლიოში წამყვან როლს თამაშობდნენ იმპერიები, რომელთაც ქვეშევრდომთა იდენტობები ნაკლებად აინტერესებდათ.
აზრი, რომ ეროვნული იდენტობები თავისთავად ღირებულია და დაცვას და გაფრთხილებას იმსახურებს, ახალი დროის ევროპაში შეიქმნა. მის დამკვიდრებაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა მოაზროვნეებმა, როგორებიც არიან ჟან-ჟაკ რუსო, იოჰან გოტფრიდ ჰერდერი და სხვები. პოლიტიკურ დონეზე ის გამოიხატება ეროვნული თვითგანსაზღვრის პრინციპით. მის თანახმად, ყველა ერს აქვს უფლება, საკუთარი თავი თავადვე „ეყუდნოდეს“. ამ იდეას ჰქვია „ნაციონალიზმი“.
ამიტომ დასავლეთის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო წესრიგი ერების წესრიგია: შემთხვევითი არაა, რომ მეოცე საუკუნეში შექმნილ გლობალურ ორგანიზაციებს დაერქვა „ერთა ლიგა“, შემდგომ - „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“.
მაგრამ ამ ხედვას ყველა არ ეთანხმება. რუსეთის ხელმძღვანელობა დღესაც იმპერიული წესრიგის მომხრეა. მისი აზრით, მსოფლიო რამდენიმე იმპერიამ უნდა გადაინაწილოს. ის ამას პოლიტკორექტულად „მრავალპოლუსიან სამყაროს“ ეძახის.
ამიტომაა, რომ, ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული, ქართული ნაციონალიზმი და ევროპეიზმი ერთი და იგივეა. ის, რომ დღეს ჩვენს ქუჩებში საქართველოს და ევროკავშირის დროშები გვერდიგვერდ ფრიალებს, ამ ტრადიციის გაგრძელებაა. ამით აღიარებულია, რომ ქართული პოლიტიკური და, მაშასადამე, კულტურული იდენტობა მხოლოდ ევროპულ, დასავლურ სივრცეში შეიძლება იყოს დაცული.
ვინც ქართულ ნაციონალიზმს ევროპულ იდეას უპირისპირებს, ან ეს არ ესმის, ან ქართულ იდეას შეგნებულად უთხრის ძირს.
ევროკავშირი და ქართული კულტურული იდენტობა
ინტელექტუალურად დაწინაურებულმა ქოცპროპაგანდისტმა ამაზე შეიძლება ირონიული ღიმილით თქვას: კლასიკური ევროპული კულტურის პატივისცემას ნუ გვასწავლით (ამას მოჰყვება მათი საყვარელი დასავლელი მწერლების სია); ჩვენთვის ისაა მიუღებელი, რომ ევროპა ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს და ჩვენთვის უცხო კულტურულ ნორმებს გვახვევს თავზე.
დავიწყოთ კულტურული ნორმებით. დიახ, ისინი მუდმივად იცვლება - მათ შორის, გარე გავლენებით. მაგრამ უცხო ძალის მხრიდან პოლიტიკური „დაძალება“ აქ არაფერ შუაშია. ვერცერთი ქვეყანა ვერ რჩება გულგრილი გლობალური ტენდენციების მიმართ. დასავლური მოდა და იდეები, „რკინის ფარდის“ მიუხედავად, საბჭოთა კავშირშიც კი აღწევდა. კონკრეტულად რაშია დასავლური კულტურის ხიბლი დანარჩენი მსოფლიოსთვის, ცალკე საკითხია; მაგრამ ეს ხიბლი მუშაობს იმისდა მიუხედავად, რა პოლიტიკა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობას.
მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა და ახალი საკომუნიკაციო არხები (პირველ რიგში, ინტერნეტი) შეიქმნა, ეს გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. თუ ჩრდილო კორეასავით ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი არ ამოვგმანეთ, ამას ვერაფერს ვუშველით.
ასევე ყველა ქვეყანასა და ეპოქაში არსებობდნენ და არსებობენ სიახლის მომხრეები და მათი მოწინააღმდეგე კონსერვატორები. არ აქვს მნიშვნელობა, მათგან რომელია მართალი: ორივეს ლეგიტიმური ფუნქცია აქვს. მთავარია, რომ კულტურის მოდიფიკაცია მუდამ ასეთი ბრძოლის შედეგად ხდება. მაგრამ ეროვნული იდენტობა ამით არ იკარგება: ის ვითარდება.
მაგალითად, დღეს ქართველ ანტიდასავლელებს აღელვებთ ცვლილებები ოჯახის და სქესობრივი ცხოვრების სფეროში: რატომ ვიწყნარებთ ქორწინებამდე (ან მის შემდეგ) სექსს; რატომ ბედავენ ჰომოსექსუალები, თავისი განსხვავებული ორიენტაცია საჯაროდ გამოაჩინონ;
შეიძლება ეს ტენდენცია არ მოგწონდეს, მაგრამ ევროკავშირის „დაძალება“ არაფერ შუაშია. უბრალოდ ბევრმა ქართველმა, ისევე როგორც უამრავმა სხვა ადამიანმა მსოფლიოში, გადასინჯა თავისი შეხედულებები ამ საკითხებზე. დასავლეთში ეს ცოტათი ადრე მოხდა, ვიდრე სხვაგან.
როგორც ჯაზის მოყვარული და ჯინსებში გამოწყობილი ქართველები არავის ჩამორჩენიან თავისი ქვეყნის სიყვარულში, ასევე სხვაზე ნაკლები ქართველი არაა ის, ვინც თვლის, რომ ჰომოსექსუალს არ უნდა სცემო მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი ცხოვრების წესის დამალვა არ უნდა. მეტიც: ჩემი დაკვირვებით, სწორედ ასეთი ხალხი ხშირად მეტ პატრიოტიზმს იჩენს. მაგრამ ამაზე კამათს არ გავაგრძელებ.
ევროკავშირი და საქართველოს სუვერენიტეტი
იქნებ, ქოცპროპაგანდისტები ეროვნული სუვერენიტეტის საკითხში მაინც არიან მართლები: თუ ევროკავშირი მას დაგვაკარგვინებს, განა ეროვნულ იდენტობასაც საფრთხე არ შეექმნება?
აქ რაციონალური დისკუსიის სივრცე არსებობს. ევროკავშირი სუვერენიტეტის გაზიარების იდეას ემყარება. ამ ორგანიზაციაში შესვლა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს.
ამის გამო ევროკავშირის არსებობის წლებში არასოდეს შემწყდარა დისკუსია იმაზე, სუვერენიტეტის კონკრეტულად რა წილი უნდა დაუთმონ ქვეყნებმა ევროკავშირს და რა უნდა დაიტოვონ. ეს სრულიად ლეგიტიმური დისკუსიაა; მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქვეყნებს არასოდეს დაუთმიათ სუვერენიტეტის ის ელემენტები, რაც მათ იდენტობას შეუქმნიდა საფრთხეს.
არაფერია გასაკვირი, ამაზე ჩვენც ვიკამათოთ. მაგრამ ქოცპროპაგანდისტების გზავნილებს რაციონალურ დისკუსიასთან საერთო არაფერი აქვს.
ისინი ქვეყნის სუვერენიტეტს და ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ერთმანეთისგან არ და ვერ ასხვავებენ. თუ ასეა, მართალი არიან: ევროინტეგრაციის პროცესი ნამდვილად უქმნის საფრთხეს ივანიშვილის პირად ძალაუფლებას. ამიტომაც თქვეს მასზე უარი.
რაციონალური მსჯელობა თუ გვინდა, ევროკავშირის დაახლოებით სამოცდაათწლიან გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ. არცერთი მისი წევრის ეროვნულ იდენტობას არ დაჰკლებია რამე. პირიქით, ევროკავშირი აღმოჩნდა უნიკალური ორგანიზაცია, რომელმაც ევროპის ერებს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარემო შეუქმნა. ამიტომაც უნდა ბევრ ქვეყანას მასში მოხვედრა.
ევროკავშირშიც და წევრ-ქვეყნებშიც უამრავი სერიოზული პრობლემა არსებობს. მაგრამ მისი წევრების ეროვნულ იდენტობებს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდათ, ის დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა.
ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტი ქართული სახელმწიფოა. ევროკავშირში გაწევრიანება ამ სახელმწიფოს გააძლიერებს. ამის უარყოფა ან გაუგებრობაა, ან რუსული პროპაგანდა.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.