უკვე შევეჩვიეთ, რომ ქართული დემოკრატიის ცენტრი არის არა პარლამენტის შენობა, არამედ ადგილი ამ შენობის წინ. მთავარი საკითხები აქ წყდება (თუმცა პროტესტები მრავალ სხვა ადგილასაც ხდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია).
ვიცით, რომ ასე არ უნდა იყოს, რომ ნორმალური დემოკრატია ინსტიტუტებშია და არა ქუჩაში. მაგრამ ეს ინსტიტუტები ვერ შევქმენით, ამიტომ 35 წელია ქუჩაში ვდგავართ. ვინც 1989 წლის აპრილში რუსთაველზე იყო, დღესაც იქაა, ოღონდ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.
ბრძოლის ამ რაუნდის შედეგი ჯერ არ ვიცით. მაგრამ კალენდრის მისტიკას ვერ გადავუხვევ, წელი მაინც შესაჯამებელია.
ილუზიების მსხვრევის წელი
ამ წლის მთავარი შინაარსი შეიძლება იმაში დავინახოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ბოლო ილუზიები დაიმსხვრა.
შეიძლება შემედავოთ, ეს წლები სულ ილუზიების მსხვრევაში არ ვიყავითო? ნამდვილად ასეა, მაგრამ შარშან ამ დროს ბევრს მაინც რჩებოდა იმედი, რომ ამ რეჟიმის პირობებშიც რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა.
სანამ ამ ტექსტს დავწერდი, შარშანდელი (ჩემივე) წლის შეჯამება გადავიკითხე. მაშინ იმას გავუსვი ხაზი, რომ იმ წლის ორმა ძირითადმა მოვლენამ საზოგადოებას შეუნარჩუნა „ქართული ოცნების“ ხელში პროგრესის იმედი.
პირველმა - „რუსული კანონის“ შემოტანამ და შემდეგ უკან წაღებამ - ბევრს აფიქრებინა, რომ ხელისუფლება კი ძალიან ცუდია, მაგრამ საზოგადოებას მაინც შეუძლია, ის რაღაც საზღვრებში ამყოფოს.
ამიტომ მოთხოვნას „არა რუსულ კანონს“ მაშინ არ მოჰყვა შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი - „არა რუსულ მთავრობას“. ხომ წავაღებინეთ უკან? ჰოდა, ახლა დავიშალეთ.
დეკემბერში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით ჩვენი ილუზიები გაამაგრა. გონებით ვიცოდით, რომ ივანიშვილის ხელში ამ სტატუსს არავითარი ფასი არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, სიმბოლომ აჯობა არგუმენტს: „ხომ ხედავთ, პროგრესი ამ მთავრობის ხელშიც გვაქვს“.
წელს ბიძინა ივანიშვილმა ეს ილუზიები თავისი ხელით საბოლოოდ დაგვიმსხვრია.
ეს მან სამ ნაბიჯად გააკეთა. პირველი იყო „რუსული კანონის“ შემობრუნება და მერე ბოლომდე გატანა. ამან ამოწურა პროდასავლური საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების შეწყნარების რესურსი: „ესენი თუ არ წავიდნენ, არაფერი გამოვა“.
ბედად, არჩევნებიც ახლოვდებოდა. ამან მოიტანა საზოგადოების ჩვეულებრივზე მაღალი მობილიზაცია. მერე რა, რომ ოპოზიციური პარტიების ნდობის მანდატი არც ისე მაღალი იყო. მთავარია, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის შანსს იძლეოდა.
ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის იმედს რაციონალური საფუძველი გააჩნდა: წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა სახელისუფლებო პარტიაზე საგრძნობლად მეტი მხარდაჭერა და გაყალბების ჩვეული მასშტაბების პირობებშიც უნდა შესძლებოდა გამარჯვება.
ბოლოს და ბოლოს, თუ 2012-ში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა, ახლა რატომ არ უნდა გამოსულიყო იგივე?
მაგრამ „მაინც დაიწერენ“ სკეპტიკოსები მართალი აღმოჩნდნენ: „ოცნებამ“ საკუთარ თავს აჯობა და, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, გაყალბების უფრო მაღალტექნოლოგიური და მასშტაბური მეთოდები გამოიყენა.
ამით გაქარწყლდა მეორე იმედი - რომ რეჟიმის შეცვლა კონსტიტუციური მეთოდებით იყო შესაძლებელი. ამან შოკი და დეპრესია გამოიწვია. ხალხის რაღაც რაოდენობა ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ გამარჯვების იმედის გარეშე.
ისე ჩანდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი საბოლოოდ გაინაღდა: მისი შემაკავებელი ძალა არ ჩანდა.
მაგრამ ბოლოს ისევ მანვე გვიშველა, სწორედ იმიტომ, რომ თავი უკვე ქუდში ეგონა. მისმა მთავარმა ვეზირმა ღია ტექსტით გვითხრა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე უარს ამბობს.
ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმბოლოები ჩვენთვის ლოგიკაზე ძლიერია. ბიძინას პრემიერს, არსებითად, ახალი არაფერი უთქვამს: დიდი ხანია, ვიცოდით, რომ ქვეყანამ მისთვის ორგანულ ევროპულ გზას გადაუხვია და გეზი რუსეთისკენ აიღო. მაგრამ ასეთმა „შუბლში“ ნათქვამმა გროგში მყოფი საზოგადოება გამოაღვიძა.
ამჯერად, 28 ნოემბრიდან, უწყვეტ პროტესტს არა მხოლოდ ბრაზი, არამედ გამარჯვების იმედიც ახლავს. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, რაც დრო გადის, ეს იმედი ძლიერდება და არა პირიქით. ხოლო იქ, სადაც გამარჯვების იმედია, მისი შანსიც იზრდება. დანარჩენი ვნახოთ.
რა არის ის, რაც ამ წელს, შესაძლოა, დამთავრდა?
თუ ამ ორ დღეში არაფერი შეიცვალა, ახალი წლის ღამეს საქართველო ჰაერში, პოლიტიკურ ნახტომში მყოფი შეხვდება. ოღონდ სად დავეშვებით, ჯერ არ ვიცით.
მაგრამ იმის თქმა კი დიდი ალბათობით შეგვიძლია, რომ იქ, სადაც ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ აღმოვჩნდებით, ჯერ არ ვყოფილვართ. საწყის წერტილში ვეღარ დავბრუნდებით.
საწყის წერტილში ვგულისხმობ არა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, არამედ პოლიტიკური სისტემის ტიპს.
სულ მცირე, 1995 წლიდან გვაქვს შერეული (პოლიტიკური მეცნიერების ენაზე - „ჰიბრიდული“) სისტემა, რომელიც არც დემოკრატიაა და არც მთლად დიქტატურა, თუმცა ორივეს ნიშნებს აერთიანებს. ამიტომ სულ გაურკვევლობაში ვართ, მაინც როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ამ გაურკვევლობას სხვანაირად შეიძლება „ბუქსაობაც“ ვუწოდოთ. პერიოდულად გვიჩნდება იმედი, რომ ახლა მაინც გვეშველა და სულ მალე აწყობილ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. მაგრამ მერე აღმოვაჩენთ, რომ ისევ იქ ვყოფილვართ.
(რაღაც სფეროებში პროგრესი, რა თქმა უნდა, გვქონია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც - „ბუქსაობაში“ მხოლოდ ნახევრად ავტორიტარული სისტემის სხვადასხვა ფორმით შენარჩუნებას ვგულისხმობ).
ამის გამო რაღაც დროით დეპრესიაში ვვარდებით, რაღაც მომენტში კი ვბრაზდებით და რუსთაველზე გამოვდივართ.
ამჯერად, ერთ ადგილას ბუქსაობა შეიძლება დამთავრდეს. ან იქით წავალთ, ან აქეთ. ან სრული დიქტატურა გავხდებით, ან ნამდვილ დემოკრატიას გაცილებით უფრო დავემსგავსებით.
ეს მარტო ჩემი ხედვა არ არის. სხვადასხვა ადამიანმა ის შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოხატოს, მაგრამ ასიათასობით ადამიანს, ვინც ამ კვირებში პროტესტს აქტიურად გამოხატავს, აერთიანებს განცდა: „ან ახლა, ან არასოდეს“.
ამ ადამიანებში არსებობს სრული კონსენსუსი: რეჟიმის გამარჯვების შემთხვევაში უნდა შეველიოთ თუნდაც არასრულყოფილ თავისუფლებას, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში შევეჩვიეთ და რომელსაც ახალი თაობა (ე.წ. ჯენზი) თავისთავად ცხად მოცემულობად აღიქვამს.
სულ მცირე, ოცდაათი წელია, შევეჩვიეთ, რომ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა, ხელისუფლების რაც გინდა მწვავე კრიტიკა, პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა, ქუჩაში საპროტესტოდ გამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, ამას ვერავინ დაგიშლის. პოლიტიკური მმართველობა არადემოკრატიულია, მაგრამ საზოგადოება არსებითად თავისუფალია და, რაც დრო გადის, უფრო თავისუფალი ხდება.
თუ ივანიშვილი დარჩა, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. „ბელარუსი“ იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიტყვად, რომელიც რუსთაველზე, კერძო საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში ისმის. ეს სრულად ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც ამავე დროს რუსეთის სატელიტია, ჩვენი შესაძლო მოდელია.
რეჟიმის მომხრეებიც ამას ფარულად ეთანხმებიან, თუმცა ხმამაღლა არ აღიარებენ. უბრალოდ, მათთვის ეს მოდელი მისაღებია.
ამის გამოა, რომ ამდენი ხალხი ყოველდღე მოდის ან რუსთაველზე, ან სხვაგან და მზადაა, კიდევ ბევრჯერ მოვიდეს და დიდხანს იდგეს. მათ იციან, რომ ამჯერად ფსონი განსაკუთრებით მაღალია და უკან დასახევი გზა აღარ არის.
მანევრის სივრცე არც ივანიშვილმა დაიტოვა. მან იცის, რომ მისი მხრიდან დათმობა, ანუ ახალი არჩევნების დანიშვნა, მის წასვლას ნიშნავს. წესით, უკვე უნდა ფიქრობდეს, რომელ ქვეყანაში წავა.
რა იქნება, თუ, პირიქით. საზოგადოების პატრიოტული ნაწილი გაიმარჯვებს? ისევ მოხდება ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის რეკონსტრუქცია, როგორც ხელისუფლების წინა ცვლილებების შემდეგ მოხდა?
ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებია. ოპოზიციის მხარეს არ არის ერთი გამოკვეთილი ძალა ან ლიდერი, რომელიც ძალაუფლების მონოპოლიზაციას შეძლებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი უახლოეს ხანებში გაჩნდეს.
არსებული პოლიტიკური ოპოზიციის ეფექტიანობა სამართლიანად ბადებს ეჭვებს. მის მიმართ ნდობა არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დაეცა. მაგრამ ეს პრინციპულად სხვა სახის პრობლემაა. პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა დღეს დემოკრატიების საერთო სენია, მაგრამ ისინი დემოკრატიებად რჩებიან.
მოკლედ, თუ გავიმარჯვებთ, გვექნება როგორც დასავლური ინტეგრაციის, ისე პლურალისტური დემოკრატიის ისეთი მაღალი შანსი, როგორიც ისტორიულად არასოდეს გვქონია.
შევძლებთ თუ არა მის გამოყენებას, 2025 წელს გავიგებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.