Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის „მოუშუშებელი“ ჭრილობები, რეიტინგები და საჯარო მოხელეების არჩევანი


ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა თავისუფლების მოედანზე გაიმართა - 23 ოქტომბერი, 2024 წელი.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა თავისუფლების მოედანზე გაიმართა - 23 ოქტომბერი, 2024 წელი.

ოპონენტების გასამართლება და გაქრობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა. მმართველმა პარტიამ მიზანში ამოიღო პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი ოთხი ძირითადი სუბიექტი. ბიძინა ივანიშვილი გასამართლებას უპირებს ექსპრემიერ გახარიას თანაგუნდელებსაც.

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის ჯანსაღი ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. „გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა“ მისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებაა“.

„ამის მსგავსი ძალა მეორე, გარეთ, აღარ ჩამოყალიბდება, რადგან ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ჩვენთან ნახულობს ადგილს“, - თქვა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში.

ცესკოს თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. სხვადასხვა კვლევით, „ქართული ოცნების“ გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს, ხოლო ზოგიერთი კვლევით - კიდევ ორ პარტიას.

„მოუშუშებელი ჭრილობა“

ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია, საარჩევნო სიის მე-7 ნომერი და ერთ-ერთი მათ შორის - ვისაც ბიძინა ივანიშვილი „მკაცრ სასჯელს“ ჰპირდება. დეპუტატი გვიყვება, რომ მუქარა, მგზავრობისას, სამეგრელოდან თბილისისკენ გზაზე მოისმინა და გაეღიმა.

„ეს ჩვენთვის გამარჯვებას ნიშნავს. ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ზიზღი მას [ივანიშვილს] აქვს გახარიასა და გახარიას გუნდის წევრების, ანუ ჩვენ მიმართ. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იქ ვარ და იმ გუნდში ვარ, სადაც უნდა ვიყო… ივანიშვილს არ სჯერა ღირებულებების, ერთგულების, პრინციპების. მას სჯერა მხოლოდ ფულის და ამ მონოლოგშიც [ინტერვიუ „იმედთან“] ბევრი ილაპარაკა თავის ფულზე“, - ანა ბუჩუკურის შეფასებით, გახარია „ქართული ოცნების“ „დამარცხების გასაღებია“ და ბიძინა ივანიშვილის ბრაზიც ამით არის განპირობებული.

ანა ბუჩუკური
ანა ბუჩუკური

დეპუტატი ბუჩუკური გვეუბნება, რომ ამ „გასაღების“ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საჯარო მოხელეების მხარდაჭერაა, რადგან გახარიას პარტია „მშობლიურია“ მათთვის და მხარდაჭერას მრავალი მესიჯითაც უდასტურებენ. „ისინი არცთუ ისე რიგითი საჯარო მოხელეები არიან“, - გვეუბნება ანა ბუჩუკური, რომელსაც, თანაგუნდელების უდიდესი ნაწილის მსგავსად, საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და თვლის, რომ „ოცნება“ წყალში ყრის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წლების შრომას - საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნის მსახურებას.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, ბრიუსელის გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია.

საჯარო მოხელეებისგან მხარდამჭერი მესიჯების მიღება გიორგი გახარიამაც დაადასტურა, ივლისში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი გახარიასა და მის გუნდს ბიძინა ივანიშვილი „მოუშუშებელ ჭრილობას“ უწოდებს, თავად გახარიას კი - გარეწარს. სხვა დროს, ექსპრემიერი გახარია „ოცნებას“ მოღალატედაც არაერთხელ მოუხსენიებია.

„ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება, მასაც [გახარიას] და მისი პარტიის წევრებსაც. უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე და უარესზეც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა „იმედთან“ და იქვე აღნიშნა - სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებულიო.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ არ უნდა იცოდეს - რა საქმეები მზადდება სასამართლოში. ეს მათთვის სასამართლოს საქმეებში ჩარევის აღიარებაა.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს შორის.

იმავე წლის აპრილში უმრავლესობას გამოეყო გახარიას მხარდამჭერი 6 დეპუტატი, მათ შორის - ანა ბუჩუკური. გახარიამ შექმნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე, 2021 წელს, მესამე ადგილზე გავიდა - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

კიდევ ბევრს უპირებენ დასჯას

ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ გასამართლებითა და აკრძალვით ემუქრება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, რომელშიც ხშირად თითქმის ყველა ძირითად პოლიტიკურ ოპონენტს გულისხმობს. ოპონენტების გაქრობის მუქარა „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების მოკლე ნუსხაშია.

„უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია“, „გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ“, - თქვა ივანიშვილმა „იმედთან“.

ამასობაში, ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აფრთხილებს ამომრჩევლებს, რომ „უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს“ და „მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი“. „ნეიტრალური საქართველოს“ მოწოდებებს ფართოდ აშუქებს პროსახელისუფლებო „იმედი“.

ამ თემაზე „იმედმა“, ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილსაც ჰკითხა. ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

პოლიტიკის ექსპერტსა და ტელეწამყვანს, არჩილ გამზარდიას, რომლის თანაწამყვანიც წლების წინ [ტელეგადაცემა „20/30“] თავად ბიძინა ივანიშვილი იყო, ეჭვი არ ეპარება - რომ ამჟამადაც მოვლენები სწორედ ივანიშვილის გეგმით ვითარდება. მუქარას ის ივანიშვილის კომპლექსებით, ფობიითა და ამპარტავნებით ხსნის.

„უკვე იმაზე წავიდნენ - მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს დავიჭერთო. დღევანდელ ეპოქაში ეს არავის გაუკეთებია, მართლა არ მახსენდება [ასეთი მუქარა]. პუტინიც კი რიტორიკაში რაღაც დემოკრატიული ეფექტის მოხდენას ცდილობს ხოლმე“, - გამზარდია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს არჩევნებში დამარცხება არც კი წარმოუდგენია, რადგან, დიდი ალბათობით - გარემოცვა მას მხოლოდ პოზიტიურ სურათს უხატავს.

გამზარდიას აზრით, ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას მიმართ განსაკუთრებული ბრაზი იმის გამოც აქვს, რომ ექსპრემიერი, გადადგომის შემდეგ, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად - არ გაქრა და, პირიქით, უფრო გააქტიურდა პოლიტიკურ ველზე.

ივანიშვილის ბედნიერი დღე

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ბედნიერი დღე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობის შემდეგ გათენდება - როცა „ქართულ ოცნებას“ „უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება“ და „არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს“.

მანამდე კი, ივანიშვილს საქართველოში არც ღირსეული ოპოზიცია ეგულება და არც სხვა პარტია, რომელსაც შესაძლოა პატიოსანი ადამიანები შეუერთდნენ, გარდა - „ოცნებისა“.

„ამ ძალას აქვს რესურსი - „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა. თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს აქვს სურვილი, მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი - ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია. ამის მსგავსი ძალა მეორე, გარეთ, აღარ ჩამოყალიბდება, რადგან ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ჩვენთან ნახულობს ადგილს“, - ახსნა ივანიშვილმა.

ოპოზიციას ის „ხალხის და ქვეყნის მტრებს“ და სამშობლოსთან მებრძოლ „უბედურ ხალხს“ უწოდებს. ოპოზიციის მთავარი მიზანი, ივანიშვილის აზრით - გლობალური ომის პარტიის დახმარებით, საქართველოს არევა და ომში ჩართვაა.

„გორბის“ ახალი კვლევით, რომელიც 23 ოქტომბერს, საღამოს გამოქვეყნდა, ოპოზიციური სპექტრიდან 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტი ლახავს - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“; ხოლო მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალები 5%-იანი ბარიერის მიღმა რჩებიან.

„გორბის“ კვლევის შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ენდობა, რომლის მაჩვენებელიც აქამდე 59% იყო, ხოლო ახლა 60%-საც გადასცდა.

იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარია +/- 3%.

ხშირად კონკრეტული მაჩვენებლები სადავოა, მაგრამ არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება ოთხ ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტს.

23 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ Savanta Group-ის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეს კვლევა, „მთავარი არხისთვის“, „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით ჩატარდა.

შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ჩათვლით, 5%-იან ბარიერს ხუთი სუბიექტი გადალახავს.

შეკითხვაზე - დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას? - რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 19.%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • ძლიერი საქართველო - 9%
  • გახარია საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

Savanta Group-მა გამოკითხვა ჩაატარა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე [გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა] გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით.

ამ კვლევით -19%-ია იმ რესპონდენტთა მაჩვენებელი, რომლებმაც უარი თქვეს კვლევაში მონაწილეობაზე.

23 ოქტომბერს, Edison Research-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ტელეკომპანია „ფორმულამ“. ამ კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 34%-იანი მაჩვენებელი აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიებიდან 5%-იან ბარიერის დაძლევის შესაძლებლობა აქვს ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს და ზღვართან ახლოს დგას კიდევ ერთი პარტია:

  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 18%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 14%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11%
  • ძლიერი საქართველო - 10%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

„ფორმულის“ დაკვეთითა და დაფინანსებით კვლევა ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაცია „ედისონ რისერჩმა“. გამოკითხვა ჩატარდა 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით. გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში არჩილ გამზარდია ერთ ახლებურ ტენდენციას შენიშნავს - დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს მხარს, მაგრამ ჯერ არც ის იცის - ვის მიემხროს. „მათგან ყველა სახლში არ დარჩება“, „ნაწილი წავა არჩევნებზე და, სავარაუდოდ, ოპოზიციას მისცემს ხმას“, - გვეუბნება გამზარდია.

„ოცნების“ პოტენციური ამომრჩევლების მიმხრობის რესურსს - გახარიას პარტიის გარდა, ექსპერტი იაგო ხვიჩიას „გირჩის“ შემთხვევაში ხედავს. „გირჩი“ არ გამორიცხავს პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას და თვალსაჩინოა მისი მწვავე დაპირისპირება „ქარტიის ხელმომწერ“ ოპოზიციურ სპექტრთან.

„გირჩი“ პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი არ არის. გიორგი გახარიას პარტიამ კი დოკუმენტს, გარკვეული დათქმით, ყველაზე ბოლოს მოაწერა ხელი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავდა. 22 ოქტომბერს გაირკვა, რომ ეს არჩევნების შემდეგ მოხდება.

ასევე ნახეთ:

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG