Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების წინასაარჩევნო „გახსნილობა“ ხალხის ფულით


თემქის პარკი
თემქის პარკი

წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყოველდღე ხსნის რომელიმე ახალ ობიექტს და ამომრჩეველს თავს აწონებს იმით, რისი მოწყობაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა.

20 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ზღვისუბნის ახალი პარკი გახსნა. პარკი თემქის ხევშია მოწყობილი და 25 ჰექტარი უჭირავს. თბილისის მერიას თავი მოაქვს იმით, რომ ასეთი დიდი პარკი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა. პროექტზე ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გახსნამდე ორი დღით ადრე მუშები გამალებულები ალაგებდნენ ტერიტორიას, რომ გახსნამდე საქმის მოთავება მოესწროთ.

„რაც მანდ ფული დაიხარჯა, უკეთესი უნდა ყოფილიყო. ორი წლის წინ უნდა დაემთავრებინათ ეს პარკი და ასე დაგვიანებით რომ ამთავრებენ, ზარ-ზეიმით აღარ უნდა ხსნიდნენ“, - უთხრა პარკის სიახლოვეს მცხოვრებმა თბილისელმა რადიო თავისუფლებას და დააყოლა - მომწონს აქაურობა, მაგრამ გულდასმით არ გაუკეთებიათო.

ადრე ამ ადგილას ჭაობი და ნაგავსაყრელი იყო. წვიმიან ამინდში ალაგ-ალაგ წყალი ახლაც დგება, მათ შორის სათამაშო მოედანზეც. ახლად დარგული ხეებიდან ზოგი უკვე გახმა. გახსნიდან ორიოდე დღეში კი პარკის სავალ ბილიკზე ტალახიანი ნიაღვარი წამოვიდა.

დაათვალიერეთ პარკი აქ ⬇️

„რაც იყო, იმას ჯობს, მე პენსიონერი კაცი ვარ, მაგრამ ჯერაც ღონე მერჩის. ჩავალ ხოლმე და ვივარჯიშებ“, - ამბობს ადგილობრივი კობა იაშაღაშვილი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და ამ თვეში მთავრობა თითქმის ყოველდღე რაღაცას ხსნის, ან რაღაცის დაწყებას აანონსებს. ესაა სპორტული დარბაზები, მაგისტრალები და ანაკლიის პორტიც კი. 22 ოქტომბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კომპანია Jan De Nul-მა ანაკლიის პორტის მშენებლობა უკვე დაიწყო.

ანაკლიის პორტის სამუშაოები
ანაკლიის პორტის სამუშაოები

17 ოქტომბერს კი გაიხსნა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. ახალ შენობაში გადასვლა დიდი ხანი გაჭიანურდა. გავწვალდით, მაგრამ შემოდგომაზე უკვე გადავალთო, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცენტრის მაშინდელმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც ახალ შენობას ვეღარ მოესწრო, აგვისტოში გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

ახალი ობიექტები მთელ საქართველოში იხსნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ თბილისის მაგალითზეც ვიმსჯელოთ:

18 ოქტომბერი - კახა კალაძემ გახსნა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო. საბაგიროს რეაბილიტაცია სამი წლის წინ დაიწყო და მისი განახლება 50 მილიონი ლარი დაჯდა.

საბაგირო გზა
საბაგირო გზა

საბაგიროს გახსნა კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაც იყო. 2021 წელს კი, როცა მეორედ იყრიდა კენჭს მერად, კიდევ ერთხელ გაიხსენა ეს დაპირება და საბაგიროს რეაბილიტაციის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლურად კაფსულიც ჩაფლა. ოთხი წლის შემდეგ თქვა, რომ საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა, 2023 წელს თქვა, რომ - 2023 წლის ბოლოს.

ახალგახსნილი ობიექტების ნაწილი თბილისში

17 ოქტომბერი - თბილისის მერმა დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა. პროექტის მთლიანი ღირებულება 17 186 593 ლარია.

16 ოქტომბერი - კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნას დაესწრო.

12 ოქტომბერი - კახა კალაძემ მუხიანში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.

„მიხარია, რომ ამ რაიონში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი განვახორციელეთ“, - თქვა მერმა.

1. წყნეთის გზატკეცილი, 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 3. მრავალფუნქციური ცენტრი დიღომში, 4. რეაბილიტირებული სკვერი მუხიანში
1. წყნეთის გზატკეცილი, 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 3. მრავალფუნქციური ცენტრი დიღომში, 4. რეაბილიტირებული სკვერი მუხიანში

11 ოქტომბერი - კახა კალაძემ მთაწმინდის რაიონში, სპორტული ცენტრი გახსნა.

9 ოქტომბერი - ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

8 ოქტომბერი - თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

7 ოქტომბერი - სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაიწყო. კახა კალაძემ თავად დაათვალიერა, როგორ მიდის საქმე.

4 ოქტომბერი - კალაძემ ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა. ამ პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 1 723 390 ლარი დახარჯა.

1 ოქტომბერი - თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

„ხელისუფლებას უნდა, აჩვენოს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და ეს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. იმის ჩვენებაც სურს, რომ ბიუჯეტის ფული ჯიბეში არ ჩაუდია, - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, - მაგრამ ერთია, რაც გაიხსნა და მეორეა მოუგვარებელი პრობლემები. თუ ადამიანს 24 საათი ელექტროენერგია არ აქვს, ან მის ონკანში სუფთა წყალი არ მოდის, პარკის გახსნა ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს გახსნები, ელექტორატის მოზიდვის თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG