Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმკურნალეთ საქართველოში“ - რატომ ვერ იღებენ მძიმე ავადმყოფები თავშესაფარს უცხოეთში


ონკოლოგიური პაციენტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 2024 წლის აპრილი.
ონკოლოგიური პაციენტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 2024 წლის აპრილი.

უფასო და ხარისხიანი მკურნალობა რამდენიმე თვე - ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ასობით მოქალაქე თავშესაფარს ითხოვს ევროპაში. მათ იციან, რომ თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ, რადგან საქართველო ირწმუნება, რომ მის მოქალაქეებს სრულყოფილი მკურნალობა სამშობლოშიც შეუძლიათ.

ჩაბარება - ასე ეძახიან იმ პროცესს, რომელსაც გადიან ისინი, ვისაც საქართველოში გადარჩენის იმედი გადაეწურათ.

ეთერის ამბავი

ეთერ ქურასბედიანს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე (მეოთხე სტადია) და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია აქვს. მას მუდმივად სჭირდება წამალი, თუმცა ამ წამლის მოსაპოვებლად ხანდახან აქციებზე სიარულიც უწევს.

2022 წელს ისიც გერმანიაში „ჩაბარდა“. იქ „მოასწრო“ ქიმიოთერაპიის გავლა, რომელიც გერმანიას 100 ათას ევრომდე დაუჯდა.

„როდესაც ბარდები და ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვ, ეუბნები, რომ ეს დახმარება საკუთარ ქვეყანაში ვერ მიიღე. დეტალურად უხსნი, რა შემოსავალი გაქვს, წამალი რა ღირს. სანამ შენს საბუთებს განიხილავენ, მკურნალობას გინიშნავენ და რასაც მოასწრებ, იმკურნალებ. საბუთების განხილვა შეიძლება მაქსიმუმ წელი გაიწელოს, თუმცა, ახლა პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. თუ თავშესაფარზე უარი გითხრეს, მკურნალობასაც წყვეტენ. ვიცი ადამიანები, აპარატიდან მოხსნეს, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაშიო“, - ჰყვება ეთერი.

საბოლოოდ უარი უთხრეს ეთერ ქურასბედიანსაც. თუმცა, რაც იმკურნალა, მისთვის ისიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„იქ მომიარეს, ფეხზე დამაყენეს. პალიატიურ განყოფილებაშიც კი ვიწექი და იქიდანაც გამომიყვანეს. ამის შემდეგ, როდესაც მკურნალობის გაგრძელებაზე მივმართე, საქართველოს დაუკავშირდნენ. აქედან უპასუხეს, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა საქართველოშიც იყო შესაძლებელი. იქ ვინღა გამაჩერებდა. ჩამოვედი და აპრილიდან წამლების მუდმივი დეფიციტია.

ერთ-ერთ პრეპარატს, რომელიც ლეიკემიის გამო მთელი ცხოვრება უნდა ვსვა, სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს. მას ამერიკული ორგანიზაციიდან ვიღებ. ამ წამალზე სწორედაც რომ არ მაქვს პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო რასაც აფინანსებს, იმაზე მუდმივად პრობლემებს ვაწყდები“, - ჰყვება ეთერი.

ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისათვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ჰყვება, რომ ბოლო დროს საზღვარგარეთიდან იმდენად ბევრ ონკოპაციენტს აბრუნებენ, უკვე წასვლაც აღარ ღირს.

„ავსტრიიდან გვყავს დეპორტირებული, საფრანგეთიდან. ახლა ისევ ჩავიდა გერმანიაში პაციენტი, რომლის წამალი აქ არ ფინანსდება. თან ჟანგბადის ბალონზეა დამოკიდებული. მიიღეს, მაგრამ ერთ დღეში უკან გამოაბრუნეს, თქვენს ქვეყანაში შეძლებთ მკურნალობასო“.

კაცი 10 000 ფრანკი

შვეიცარიული პრესა წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს თავშესაფრის მაძიებლების ის კატეგორია, რომლებსაც თავშესაფარი არანაირი კრიტერიუმით არ ეკუთვნით, მაგრამ მაინც ითხოვენ. მათი მიზანია, შვეიცარიის უფასო ჯანდაცვის სისტემაში დროებით მაინც მოხვდნენ. ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ასეთი ხალხის მკურნალობა ძალიან ძვირი უჯდება, მაგალითად, წელს შვეიცარიაში 200 მაძიებლიდან 12-ს 10 ათას (32 000 ლარი) ფრანკზე მეტი დასჭირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მიღების შანსი არა აქვთ, მძიმედ დაავადებული ქართველები მაინც ითხოვენ თავშესაფარს შვეიცარიაში. მიზეზი ისაა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს პირველივე დღიდან ეძლევათ სამედიცინო დაზღვევა“, - წერს მედიასაშუალება „20 Minuten“ 8 აგვისტოს სტატიაში.

მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენელი დანიელ ბახი „20 Minuten“-თან ამბობს, რომ განსაკუთრებულად მძიმე ავადმყოფები სწორედ საქართველოდან მოდიან. თუმცა, მათ თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ, რადგან საქართველოს ხელისუფლება შვეიცარიას არწმუნებს, რომ საქართველოში შესაძლებელია კიბოს მკურნალობა, ყოველ შემთხვევაში დასაწყის სტადიაზე მაინც. არც 2023 და არც 2024 წლებში შვეიცარიაში თავშესაფარი არცერთ მაძიებელს არ მიუღია.

მიგრანტებზე ასევე წერს გამოცემა „NZZ“. გამოცემის ცნობით, 2015 წლიდან მოყოლებული ევროპაში მთელი მსოფლიოდან 6,8 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა. აქედან 3,6 მილიონს მოსთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ, დაბრუნდა მხოლოდ მილიონი. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ მართლაც ბრუნდებიან სამშობლოში, საქართველო ლიდერობს, მაგალითად, 2023 წელს 10 345 კაცი წავიდა უკან, 2024 წელს - 2620.

უცხოეთში ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მისაღებად მხოლოდ ავადმყოფობა საკმარისი არ არის. საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ვრცელდება ნებისმიერზე, ვინც „შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო“...

რაც შეეხება თავშესაფარს, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დაავადებულმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას თავის ქვეყანაში მკურნალობის საშუალება არ აქვს და ამის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„თავშესაფრის არსი ის არის, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეექმნას. საქართველოს შესაძლოა დეკლარირებული ჰქონდეს, რომ აქვს მკურნალობის სერვისები, მაგრამ რეალობა სხვა იყოს.

თავშესაფრის მიმცემი სახელმწიფო უყურებს [საქართველოს ხელისუფლების] ოფიციალურ განაცხადს. იმის გადამოწმებას არ დაიწყებს, სინამდვილეში რამდენად ხელმისაწვდომია ეს მკურნალობა, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე, იურისტი არასამთავრობო ორგანიზაციისა „უფლებები საქართველო“, - რეალურად საქართველოს მოქალაქეზე გადმოდის მტკიცების ტვირთი და მას ძალიან გაუჭირდება დასაბუთება, რომ თავის ქვეყანაში სათანადო მკურნალობა არ აქვს“.

საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადების 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება. მაგალითად, 2022 წელს, კიბოს დიაგნოზი 9914 ადამიანს დაუსვეს. ამავე წელს ამ დაავადებამ 4530 ადამიანი იმსხვერპლა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG